მთავარი,სიახლეები

ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს

11.10.2017 • 2434
ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს

12 და 13 ოქტომბერს, ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს გამართავს, რომელიც დელფინარიუმის, თბილისის ზოოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰოლანდიელი მეცნიერების ერთობლივი ინიციატივით ტარდება.

როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაცია იტყობინება, სემინარის მიზანი შავი ზღვის ძუძუმწოვრების პოპულაციის კვლევა, დაავადებების კონტროლი და დიაგნოსტიკის მიმართულების განვითარება.

„სემინარის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას გაუზიარებენ წამყვანი ჰოლანდიელი პათანატომები და ვეტექიმები.

ზღვის ძუძუმწოვრებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, ჩატარებულ სამუშაოებსა და კონკრეტულ მაგალითებს განიხილავენ ქართველი მეცნიერები“.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, გახშირდა დელფინების გამორიყვის ფაქტები. გამომწვევ მიზეზებს სხვადასხვაგვარად ხსნიან.

„საზოგადოებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი მასობრივი დაავადებების ვერსიაა. დელფინების გამორიყვის მიზეზების დასადგენად საფუძვლიანი სამეცნიერო მუშაობაა საჭირო, რაც სხვადასხვა სახის პათანატომიურ კვლევებს, ანალიზებსა და შესაბამის გამოცდილებას გულისხმობს. სწორედ ამ მიმართულების განვითარებისთვის დაუკავშირდნენ ერთმანეთს ქართველი და ჰოლანდიელი სპეციალისტები“-ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჰოლანდიელი მეცნიერების ჯგუფი ამ მიმართულებით  საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: