მთავარი,სიახლეები

ცვილის მუზეუმის ბედი ისევ გაურკვეველია – მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტება

11.10.2017 • 3223
ცვილის მუზეუმის ბედი ისევ გაურკვეველია – მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტება

„დღემდე გამოკეტილი ცვილის ფიგურებისა და ბათუმის მუზეუმები აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ტურიზმის მიმართ, ასევე უნიათობას და კორუფციას,“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ბათუმში, ლევან ანთაძემ. იგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან ვერ მიიღო პასუხი, რატომ დაიხურა მოქმედი ცვილის მუზეუმი, ან რატომ ვერ გაიხსნა სამი წლის განმავლობაში ხულოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აბანოში მოწყობილი ბათუმის მუზეუმი.

როდის გაიხსნება ბათუმში ეს მუზეუმები მართლაც გაურკვეველია, თუმცა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ლაშა ასლანიშვილი მიიჩნევს, რომ „ეს თემა უნდა დასრულდეს“.

ლაშა ასლანიშვილმა გვითხრა იგივე, რაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გასული წლის მაისში. მაშინ გია თავამაიშვილმა [ყოფილი მინისტრი] „ბათუმელებს“უთხრა, რომ ცვილის ფიგურების მუზეუმის შენობა არქიტექტორთა კავშირს ეკუთვნის და მიმდინარეობს მოლაპარაკება. „ქალაქის მერია და არქიტექტორთა კავშირი საუბრობდნენ ფართობზე, რომელიც მერიას უნდა გამოეყო,“ – აღნიშნა მაშინდელმა განათლების მინისტრმა.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება და ეს არაა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ამაში ჩართულია ბათუმის მერია, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო…“ – გვითხრა დღეს ლაშა ალსანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსმა.

სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ცვილის ფიგურების მუზეუმის საკითხი ერთ თვეში გადაწყდება, თუმცა ვერ გვისახელებს შეხვედრის თარიღს, როდის არის დაგეგმილი არქიტექტორთა კავშირსა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა. ლაშა ასლანიშვილმა ვერც ის გვითხრა, რატომ დასჭირდა თითქმის ორწლიანი მოლაპარაკება დაკეტილი მუზეუმის გახსნას.

რაც შეეხება ახალ მუზეუმს, რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი ბიუჯეტიდან 2014 წელს გამოიყო. ლაშა ასლანიშვილი განმარტავს, რომ ბათუმის მუზეუმის კონცეფციაზე აქტიურად მუშაობენ, მათ შორის გერმანელ სპეციალისტებთან. სააგენტოს უფროსი განმარტავს, რომ სააგენტოს ყოფილი უფროსი, ბიძინა აფხაზავა აპირებდა ამ მუზეუმისთვის ექსპონატების გადაცემას, რაზეც მოგვიანებით უარი თქვა. „შესაბამისად, ახალი კონცეფციის შემუშავება გახდა საჭირო,“ – დასძენს ის.

ბათუმის მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ძველი აბანოს შენობაშია, სადაც რამდენიმე თვეა წყალი ჩადის გუმბათებიდან. ლაშა ასლანიშვილი სპეციალისტების რეკომენდაციას ელოდება, რომ დადგინდეს, რის გამო ჩადის წყალი მუზეუმში.

„ამის შემდეგ გაირკვევა, რა სამუშაოებია იქ ჩასატარებელი. პირდაპირ გეტყვით, რომ ტენდერი თუ იქნება საჭირო, ის წელს აღარ გამოცხადდება, რადგან მოდის ზამთარი და ნებისმიერი სამუშაოები იქნება შენობისთვის დამაზიანებელი“, – გვითხრა ლაშა ასლანიშვილმა.

რატომ არ მიმართა მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სპეციალისტს აქამდე? – „აქამდე სპეციალისტიც ვერ ვნახეთ, ვინც რეკომენდაციას გაგვიწევდა…“ – ამბობს ლაშა ასლანიშვილი.

მთავარ ფოტოზე: ცვილის ფიგურების მუზეუმი ბათუმში 

ამავე თემაზე: ორი დაკეტილი მუზეუმი ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: