„პატრიოტთა ალიანსის“ სიის პირველი ნომერი ქედაში: ალიანსი უცხოელების წინააღმდეგი არ არის

ქედის საკრებულოს მოქმედი წევრი და ამავე საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე გენად არძენაძე „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველი ნომერია 2017 წლის არჩევნებში. ის 2012-2014 წლებში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი იყო დანდალოს თემში. 2014 წლის თებერვლიდან-ივლისამდე, ქედის გამგეობის განათლების სამსახურში ტურიზმის განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.

ბატონო გენადი, ქედის საკრებულოში უპარტიოდ შეხვედით, მაგრამ სახელისუფლებო პარტიის ინტერესებს ატარებდით. ახლა რატომ გადაწყვიტეთ თვითმმართველობის არჩევნებზე ქედის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსიდან“ მოხვდეთ?

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ მოსულიყო 2012 წელს ამისთვის ვიბრძოდი. მას შემდეგ სამი არჩევნები ჩავატარეთ და სამივე არჩევნებზე დანდალოს თემში „ქართული ოცნების“  პარტიის შტაბის უფროსი ვიყავი. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიულ სიაში გადანაცვლებები წავიდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამოუკიდებლად მებრძოლა. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“ – საკრებულოში მოღვაწეობის სამწლიან პერიოდში მოსაზრებები დამიგროვდა, რომ ჩემი პროექტები განვახორციელო.

რატომ უნდა დაგიჯეროთ ამომრჩეველმა, რომ ხართ ოპოზიცია და არა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი?

დამიჯერებენ. დანდალოს თემში 20 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, ჩემი მოთხოვნით ბევრი რამე გაკეთდა, ბევრ რამეს მივაღწიე. ხალხი მენდობა, ბოლო სამი წლის მანძილზე თითქმის შეუძლებელი შევძელით.

კონკრეტულად რა შეძელით?

საბავშვო ბაღის, ცენტრების, ხიდების მოწყობა…

რომ არ ყოფილიყო თქვენი მოთხოვნა, ეს არ შესრულდებოდა?

ბიუჯეტიდან რა თანხებიც არის გახარჯული დანდალოს თემზე,  ყველაზე მოთხოვნა მე მაქვს გაკეთებული.

რა ვერ გააკეთეთ სამი წლის განმავლობაში და რატომ?

ბევრი რამ, არ ვიყავი უმრავლესობაში და ეგ იყო მიზეზი.

შშმ პირებისთვის, მარტოხელებისა და პენსიონერებისთვის ბევრი პროგრამის განხორციელება შეიძლებოდა, მაგრამ, რადგან უმცირესობაში ხარ, უმრავლესობა შენს მოსაზრებას არ ითვალისწინებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სოფელ ჯალაბაშვილებიდან 36 ოჯახი დაბა ქედაში ჩავასახლეთ, მე მქონდა პროექტი, რომ მათთვის საცხოვრებელი სახლი დანდალოში აშენებულიყო. ასე ოჯახები სოფელსაც შეხედავდნენ და შემოსავალიც ექნებოდათ. ჩემი მოსაზრება არ გაითვალისწინეს, დღეს კი მოსახლეობა გამგეობის კარებთანაა ყოველდღიურად, დახმარებას და დასაქმებას ითხოვენ.

ახლა როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება?

მე ეს საკითხი თავის დროზე დავსვი, რაც არ გაითვალისწინეს.

ამბობთ, რომ უმცირესობაში იყავით, მაგრამ თუ გქონდათ შენიშვნები, ბიუჯეტს მხარს რატომ უჭერდით?

ჩვენ ვკამათობდით ბიუროსა და ფრაქციის სხდომებზე, საკრებულოს სხდომაზე ცირკის მოწყობას ჩვენ არ ვაპირებთ.

დღემდე ქედის საკრებულოს „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხართ და თან ამბობთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდებით. ეს როგორ?

2012 წელს მოსახლეობას დაპირებებს რომ ვაძლევდით, იმ დაპირებების მიხედვით არ მინდოდა სიტუაცია გამემწვავებინა. ბევრჯერ მქონდა შესაძლებლობა ბიუჯეტი ჩამეგდო, – ამის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით, მითუმეტეს ბიუჯეტს იმ ფორმით მაინც მიიღებდა საკრებულო.

თუმცა, მცდელობა არც გქონიათ…

შარშან ბიუჯეტი პირველი მოსმენით არ დავამტკიცეთ. „ქართული ოცნებიდან“ თითქმის შვიდი ადამიანი, რომელიც 2012 წელს ერთად ვებრძოდით არსებული რეჟიმს, დღემდე დაუსაქმებელია და ახლა ჩვენს გუნდშია. ისე გამოდის, რომ ვისაც 2012 წელს ვებრძოდით, დღესაც იმას ვებრძვით.

თქვენ ამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორების დასაქმება აუცილებელი იყო? მთავარი კომპეტენცია არ არის?

განათლებულებიც არიან და კომპეტენტურებიც, თუმცა მათი დასაქმების ნება არ იყო, 20-30 წელია არიან სამსახურის უფროსებად ქედაში, თითქოს მათ ეკუთვნოდეთ ეს ადგილები. ახალგაზრდობას საშუალებას არ აძლევენ ნიჭი და შესაძლებლობა გამოამჟღავნონ.

ქედის საკრებულოს სამი წლის განმავლობაში არც ერთი პროექტი არ მიუღია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს. იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაზე მოდის. რატომ არ დაინტერესდით ამ საკითხით?

დაინტერესებული ვიყავით, მაგრამ თანხები საბავშვო ბაღების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურაზე მიდიოდა.

სოფლის მეურნეობა პრიორიტეტი არ იყო სოფლისთვის?

სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული იყო, მაგრამ ამ დარგს ყურადღება ვერ მივაქციეთ.

რამდენი ინიციატივა გქონდა, რაც საკრებულოში ხართ? 

სამი ინიცირება მქონდა. აქედან მხოლოდ ერთი – „გაჭირვებული ოჯახებისთვის სახურავების შეძენის“ საკითხი გაითვალისწინეს.

გაქვთ თუ არა კონკრეტულად გაწერილი სამოქმედო გეგმა? ძირითადი პროექტები და პრიორიტეტები რა იქნება სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით?

პარტიას სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტიული გეგმა გააჩნია, რასაც მოსახლეობას შეხვედრებზე ვაცნობთ.

ჩვენი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება, სწორედ იმ დარგებისა, რომლებიც რენტაბელური იყო. მე ხშირად ვსაუბრობდი ღვინის ქარხანაზე, რომელიც როგორც საჭიროა ისე არ მუშაობს, ღვინის იმ მაღაზიაზე, რომელიც მახუნცეთში უკანონოდ ააშენებინეს…

თქვენ ამბობთ, რომ ქედის თვითმმართველობა გარკვეულ ბიზნესმენებს ლობირებს?

რა თქმა უნდა, ამ ლობირებით დაზარალდა მახუნცეთის მოსახლეობა.

მე მქონდა ინიციატივა, რომ მახუნცეთის ცენტრში საკოლმეურნეო ტიპის ბაზარი მოწყობილიყო, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემოდა საკუთარი პროდუქტი გაეყიდა. ამის ნაცვლად ბიზნესმენს ღვინის სახლის მოწყობის უფლება მისცეს კანონის დარღვევით. არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, არც მიწაა გასხვისებული, არც პროექტი არსებობს, შენობა არაკანონიერად დგას. მახუნცეთის ცენტრში შუქი ვერ მიუყვანეს ადამიანებს და ლამპებზე ვაჭრობენ.

„პატრიოტთა ალიანსი“ წინააღმდეგია საქართველოში უცხოელების შემოსვლის. ამაზე თქვენ რას ფიქრობ?

„პატრიოტთა ალიანსი“ უცხოელების წინააღმდეგი არ არის, პირიქით უნდა დავაინტერესოთ უცხოელები, რომ შემოვიდნენ ქედის მუნიციპალიტეტში.

თქვენი შეფასებით, ქედის თვითმმართველობა რამდენად დამოუკიდებელია? 

ბიუჯეტის დანართი ბათუმში იგზავნება, საიდანაც აძლევენ შენიშვნებს თუ რა ცვლილება უნდა გატარდეს და შემდეგ შემოდის საკრებულოში. ეს არასწორია. ვფიქრობ, ბიუჯეტი სოფელში, მოსახლეობასთან ერთად უნდა განიხილებოდეს, თემების მოთხოვნა უნდა იყოს ასახული.

თვითმმართველობა მოსახლეობის ჩართულობით მართვის სისტემას გულისხმობს. რას გააკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა გააქტიურდეს ამ კუთხით?

ჩვენი ყველა თემში მოსახლეობასთან ერთად განვიხილავთ ბიუჯეტს.

ქედაში ჰესების მშენებლობაა დაგეგმილი – გვირაბი გეოლოგიურად აქტიურ ზონაში, სოფელ ჯალაბაშვილებში უნდა გავიდეს. თუ პირველადი გეგმა არ შეიცვალა პროექტის წინააღმდეგ წახვალთ?

მოსახლეობის ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს, მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს, მე დავეყრდნობი იმ დასკვნებს რაც იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი