მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები აჭარაში – „ვითარება კონტროლს ექვემდებარება“

10.10.2017 • 3547
ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები აჭარაში – „ვითარება კონტროლს ექვემდებარება“

მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის ბოლო შემთხვევა აჭარის მთის სოფლებში სექტემბრის მიწურულს გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  დერმატიტით ცხოველთა დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა შუახევში, შუბნის თემის ექვს სოფელში დაფიქსირდა. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ავალიანის შეფასებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, შუბნის თემში ნოდულარულ დერმატიტზე ამ დროისთვის 4 400-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვია აცრილი.

„დაავადების გამოვლენისთანავე დავიწყეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აცრა, ექვსივე სოფლის თითქმის ყველა პირუტყვი აიცრა, დაავადების გავრცელებისგან თავი რომ დავიზღვიოთ, ვაქცინაციის გეგმაში შუბნის თემის მიმდებარე სოფლები ჩავრთეთ. თემიდან  3-5 კილომეტრით დაშორებულ სოფლებში ეტაპობრივად აიცრება საქონელი, ვაქცინაციის ძირითადი ღონისძიებები ნოემბრის შუა რიცხვამდე დასრულდება, ამ დროისთვის კი აჭარის რეგიონში, სულ 16 000 პირუტყვია აცრილი“ – ამბობს ლაშა ავალიანი.

ნოდულარული დერმატიტი მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით და კანქვეშა კვანძების წარმოქმნით. საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი.

მსხვილფეხა საქონლის ეს დავადება ადამიანზე არ გადადის, რაც შეეხება ცხოველთა დასნებოვნებას, დაავადების ძირითადი გამავრცელებელია მწერებია. ვაქცინაცია დაავადების გამოვლენის შემთხვევაში იწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ნოდულარული დერმატიტის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

„დაავადების ამოცნობა ვიზუალურად ადვილია,  საქონელს კვანძოვანი გამონაყარი უჩნდება. თუ ასეთ გამონაყარს შეამჩნევენ მოქალაქეები, შეატყობინონ ადგილობრივ ვეტერინარულ სამსახურებს, რომ დროულად მოხდეს ვაქცინაცია. რაც შეეხება დაავადებული საქონლის ხორცსა და რძის პროდუქტებს, მნიშვნელოვანია ის, რომ  დაავადება ადამიანზე არ გადადის, თუმცა ვაქცინაციის შემთხვევაში, ვაქცინირებული ცხოველის რძის მიღება ერთი კვირის განმავლობაში რეკომენდებული არ არის.  რადგანაც დაავადების ძირითადი გამავრცელებელი მწერებია, მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ცხოველი მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით დაამუშავონ, ასევე უნდა დამუშავდეს ცხოველის სადგომიც. ეს ერთგვარი პრევენცია იქნება.  რაც შეეხება ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებს სადაც დაავადების ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, იქ ჩატარდა ვაქცინაცია და პროცესი მიმდებარე ტერიტორიებზე გრძელდება“ – აცხადებენ სააგენტოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: