გვარასა და ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის ცნობით, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას.

მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და კომპანია „სოკარ-ჯორჯია-გაზის” რეგიონულ დირექტორი დავით ლეკიშვილი დაესწრნენ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ითქვა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 12 სოფელში მიმდინარეობს ცენტრალური გაზსადენების მშენებლობა. მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოებიც.

აჭარის მთავრობის ცნობით, 2017 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არეალში ხორციელდება 25 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც მოიცავს 8500 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფას, რისთვისაც შენდება 593 კილომეტრი ცენტრალური გაზსადენი.

მთავარ ფოტოზე: შეხვედრა ქობულეთში. ფოტო: აჭარის მთავრობა 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.