მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]

10.10.2017 • 2757
„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]

სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ, 9 ოქტომბერს აქცია გამართა – გზის საფარის მოწესრიგების მოთხოვნით მათ გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით მივიდნენ აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ხელვაჩაურში თეიმურაზ ბასილაძე და ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მინდია ბასილაძე.

აქციის მონაწილეებსა და საჯარო მოხელეებს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

აქციის მონაწილე: რატომ არ მოდის და არ მელაპარაკება მთავრობა?
თეიმურაზ ბასილაძე: გამგებლის მოვალეობის შემსრულებელია ამ წუთში [აქ].
მინდია ბასილაძე: მომავალი მერიც ამოვა.
თეიმურაზ ბასილაძე: მერი მოდის მომავალი, დაგვირეკა.

აქციის მონაწილე: ვარდმანიძემ რა უნდა ქნას, იმ ბატონმა?
თეიმურაზ ბასილაძე: მერი უნდა იყოს მომავალი.

აქციის მონაწილე: ჯერ ხომ არ მოსულა ხელისუფლებაში მაგი კაცი?
მინდია ბასილაძე: ღვთის წყალობით მოვა, თქვენი დახმარებით.

ჯუმბერ ვარდმანიძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

არის თუ არა საჯარო მოხელეების მხრიდან მოქალაქეებთან კანდიდატის მერად მოხსენიება ფარული აგიტაცია ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?

„იმ შემთხვევაში თუ ეს პიროვნება ნამდვილად საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელია, მისი მხრიდან გამოხატული ქცევა შეგვიძლია მივიჩნიოთ წინასაარჩევნო აგიტაციის შემცველ მოქმედებად და არის საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა“, – განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

„მომავალი მერი, არ ვიცი ახლა ვინ ახსენა. მე ვახსენე მომავალი მერი?.. იქ ემოციური საუბარი იყო, თან ისეთ თემებზე, რომ ხელისუფლება არ მოდის, კანდიდატები არ მოდიან… მე არ ვიცი [ჯუმბერ ვარდმანიძე] მერი იქნება, არ იქნება, მაგრამ იქ მითხრეს, რომ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამოდისო… ვერ დავადასტურებ რა ვთქვი და რა არა,  შეიძლება ვთქვი, წამომცდა და ამას თუ გამოიყენებენ აგიტაცია გასწიაო, არ ვიცი“, – აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში თეიმურაზ ბასილაძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მძიმეწონიანი მანქანები გადაადგილდება, დგება მტვერი და მოსახლეობა ითხოვდა გზის  სისტემატიურ მორწყვას: „ეს დეპარტამენტის კომპეტენციას სცილდება. მაგრამ შევპირდი, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან გავივლი საკითხს – რამდენიმე ადგილზე ბარიერებისა და სიჩქარის შეზღუდვის მანიშნებელი საგზაო ნიშნების დაყენებაზე. ასეთი მოთხოვნაც იყო და, ვფიქრობ, ეს დადებითად გადაწყდება“.

„მაქ გზის შეკეთების პროექტი [საგზაო ინფრასტრუქტურის ჩათვლით] პრაქტიკულად შესყიდული გვაქვს. ეს არის დაახლოებით 4,4 კმ სიგრძის გზის მონაკვეთი  – აჭარისწყლის ხიდიდან ჰესის მიმდებარე ტერიტორიამდე. 2 მილიონ ლარზე მეტი ჯდება და 2018 წლის ბიუჯეტში აისახება. ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია“, – აცხადებს თეიმურაზ ბასილაძე.

ამავე თემაზე:

იყენებს თუ არა ადმინისტრაციულ რესურსს ქედის გამგებელი „ოცნების“ სასარგებლოდ?

ენმ-მ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფოტომასალა გაასაჯაროვა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: