ლაშა კომახიძე

გადადგება თუ არა ლაშა კომახიძე თუ ვერ შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს? 

ურბანული განვითარების კუთხით, აიღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებზე და თუ ვერ შეასრულებთ, დატოვებთ თუ არა თანამდებობას? – ეს კითხვა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს ლაშა კომახიძეს, დღეს 9 ოქტომბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე დაუსვეს.

ლაშა კომახიძემ კითხვას ასე უპასუხა. „კი ბატონო, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც შეჭამს ტროტუარს, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც შეჭამს მწვანე საფარს, არ უნდა შენდებოდეს სახლი ეზოს გარეშე, სახლი, რომელიც დაარღვევს აეროდინამიკას, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც გამოიწვევს ინსოლაციის პრობლემას და დაჩრდილავს მეორე სახლს, შენდებოდეს სახლი, რომ მერე ვიფიქროთ ამ სახლის მაცხოვრებლები, სად წაიყვანენ ავტომანქანებს, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც ელემენტარულად არ ჯდება არც არქიტექტურულად, არც ვიზუალურად იმ უბანში და არის ყოველგვარი განაშენიანების გეგმის გარეშე“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ლაშა კომახიძის აზრით, მისთვის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უფრო მნიშვნელოვანი ოჯახის ავტორიტეტია: „პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მაღლა ვაყენებ იმ სახელს, რომლითაც ჩემს ოჯახს ამ ქალაქში უცხოვრია… მე ვამაყობ იმით, რომ ვარ პლატონ ჯორბენაძის შვილიშვილი, რომელიც არის დედაჩემის მამა და რომელიც არის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოს საზღვაო სანაოსნოსი. თუკი დღეს საქართველოს საზღვაო სანაოსნო არსებობს, პირველი ნავიდან დაწყებული მისი ბოლო მცურავი საშუალებით, ეს არის მისი დამსახურება და ეს არის ჩემი სახე. ამას მე ვეძახი შუბლზე ძარღვის გაწყვეტას, რომ წავშალო ეს ყველაფერი და  ვათქმევინო საზოგადოებას, ხალხს, რომ „ეს ვინ მოვიდა“.

ლაშა კომახიძის თქმით, ამ მიმართულებით მისი პოზიციები მყარია: „მე ვიცი იმ პოლიტიკური გუნდის პოზიცია, რომელიც მოვედით აჭარის მმართველობაში და ვიცი, რომ არ იქნება შიშები იმაზე, ხომ არ ვიქნები მართული მერი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მისი  და მოქმედი მერის შემთხვევაშიც ერთი და იგივე პოლიტიკური გუნდი დგას, რა შეიცვლება მომავალში? ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ის გუნდში გულისხმობს აღმასრულებელ ხელისუფლებას, „რომლის სერიოზული გადახალისება მოხდა წელიწადი და ორი თვეა. ვგულისხმობ ახალ მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრთა კაბინეტს და დღეს ვართ იმ ეტაპზე, როცა გვინდა ახალი თვითმმართველობის სისტემა“.

კანდიდატის თქმით, ბათუმის მერია უნდა გადაიქცეს „ოჯახად, დარბაზად, სადაც ქალაქელები იმისთვის კი არ მოვლენ, რომ იჩხუბონ, რაღაც  ამტკიცონ და რაღაცაზე გვეჯუჯღუნონ. ისინი მოვლენ როგორც საკუთარ ოჯახში, რომ დავსხდეთ ვითანამშრომლოთ და ვაკეთოთ. ეს იქნება სისტემა, სადაც მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას და მერია იქნება დაკვეთის შემსრულებელი“.

მერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა გარევაჭრობის თემაზე, ქალაქის ადაპტირებასა და ქალაქის განვითარების გეგმაზე, რომელიც მისი თქმით, არჩევის შემთხვევაში 2018 წლის ბოლოს მაინც უნდა დაიდოს.

„ერთ-ერთი ჩემი ამოცანა იქნება ქალაქის ფუნქციონალური პროფილის განვითარება. გვინდა რამდენიმე 500 კვ.მეტრი ფართობის გამოყოფა ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიაზე, სადაც მიყვანილი იქნება კომუნიკაციები, საწარმოო ნარჩენების გატანის საშუალებები და მეწარმეებს მივცემთ საშუალებას აიღონ ეს ტერიტორია და გააკეთონ საამქროები და აწარმოონ რაიმე პროდუქტი“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com