მთავარი,სიახლეები

რატომ მალავს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამას

09.10.2017 • 4047
რატომ მალავს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამას

არჩევნებამდე 12 დღე დარჩა. მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს ხვდებიან, თუმცა შეხვედრის შემდეგ ამომრჩეველს ხელში არ რჩება წერილობითი პროგრამა, რითაც შეუძლია ფინალში გასულ მერს პასუხი მოსთხოვს.

მერობის კანდიდატების უმრავლესობამ წინასაარჩევნო ბუკლეტების გამოცემა ამჯობინა. საარჩევნო პროგრამა საერთოდ უცნობია „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის შემთხვევაში. ლაშა კომახიძე თვლის, რომ იდეებს პარავენ და საარჩევნო პროგრამის გასაჯაროვება ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

„საქმე იმაშია, რომ პროგრამიდან რაც გააჟღერა, მერე იყო პლაგიატის ფაქტები. ამიტომ პროგრამა არ გასაჯაროვდება ბოლო კვირამდე,“ – გვითხრეს ლაშა კომახიძის პრესსამსახურში. აქვე განმარტეს, რომ ბუკლეტი არც ბოლო კვირას გამოიცემა. ლაშა კომახიძის დაპირებების გაცნობა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

საარჩევნო პროგრამის ელექტრონული ვერსია არც სხვა კანდიდატებს აქვთ, მაგალითად, პეტრე ზამბახიძეს „ევროპული საქართველოდან“, ლევან ანთაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თენგიზ თავდგირიძეს „პატრიოტთა ალიანსიდან“. ისინი ამომრჩევლებს კარდაკარ შემოვლის დროს წინასაარჩევნო ბუკლეტებს აწვდიან. ბუკლეტებში მოკლედაა აღწერილი, რა იქნება მათი პრიორიტეტი მერობის შემთხვევაში, ან რომელი პრობლემა მოგვარდება.

არსებობს თუ არა ინფორმირებული არჩევანის საშუალება, როცა მერობის კანდიდატებს დეტალურად გაწერილი პროგრამა არ აქვთ, ან არ ასაჯაროვებენ მას? – რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს აქვთ განცდა, რომ ამომრჩევლამდე რეალურად ზედაპირული ინფორმაცია მიდის კანდიდატების ხედვებზე და მერობის კანდიდატებს დაპირებების წერილობითი გაფორმება არ სურთ.

მერაბ წულუკიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ჟურნალისტი: „საარჩევნო პროგრამა, როგორც წერილობითი დოკუმენტი არ აქვს მერობის არც ერთ კანდიდატს. თითქმის ყველა კანდიდატს ვეკითხები ამის შესახებ, მეუბნებიან, გვექნებაო, მაგრამ არ ჩანს, არჩევნებამდე კი ორი კვირაც აღარ დარჩა. ეტყობა, არ უნდა კანდიდატებს დაპირებების წერილობითი გაფორმება. ეს ცუდია მით უმეტეს, როცა მმართველი გუნდის კანდიდატის საარჩევნო პროგრამაც უცნობია. მე მომისმენია ლაშა კომახიძის რამდენიმე ინიციატივა ზეპირად და გაურკვეველია, რატომ არ აყალიბებს ამას კანდიდატი წერილობით, საარჩევნო პროგრამის სახით. წინასაარჩევნო ბუკლეტები, რაც ცალკეულ კანდიდატებს აქვთ, არის უფრო სარეკლამო თეზისები და არა ის, თუ რეალურად როგორ წარმოუდგენია კანდიდატს მისი მოგვარება. ეს უფრო პრობლემის ზედაპირული გზების შემოჩეჩებაა, ვიდრე დეტალური ანალიზი“.

ჯენი კვანტალიანი, „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: უმეტესად პროგრამებს აქვთ ზედაპირული ხასიათი. იქნებ არსებობს რომელიმე კანდიდატის დეტალურად გაწერილი პროგრამა, მაგრამ მე არ მინახავს. ფაქტია, რომ ეს ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. დისკომფორტს იწვევს ის, რომ, ძირითადად, ვისმენთ კანდიდატების ზეპირსიტყვიერ დაპირებებს და არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაეძიო, ჩაყვე კონკრეტულ ხედვას, რასაც კანდიდატი აჟღერებს. რაც შეეხება ბუკლეტებს, ეს უფრო პიარზეა გათვლილი და ის გზავნილებია გადმოცემული, რაც მათთვის არის ხელსაყრელი.“

თამარ კიკნაძე, „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტი: „შეიძლება ითქვას, რომ ძალით ვცდილობთ საარჩევნო პროგრამის მოპოვებას და კანდიდატებისგან იმის გაგებას, თუ კონკრეტულად რა ხედვები აქვთ. ხშირად ვისმენ პასუხებს, რომ პროგრამაზე ისაუბრებს მაშინ, როცა მერი გახდება, ან – მაქვს, მაგრამ ამაზე ჯერ ლაპარაკი არ მინდა. ლაშა კომახიძემ ერთხელ თქვა, რომ როცა ოფიციალურად დაასახელებდნენ კანდიდატად, შემდეგ გაასაჯაროვებდა პროგრამას, მაგრამ ასე მოხდა. მე ხშირად ვესწრები მის შეხვედრებს ამომრჩეველთან, ის ისევ ხელცარიელი ხვდება ხალხს, როგორც სხვები. ზოგიერთ კანდიდატს აქვს ბუკლეტი, მაგალითად, ლევან ანთაძეს, თვითონ ეძახის საარჩევნო პროგრამას, მაგრამ მე, პირადად, ამას პროგრამას ნაკლებად დავარქმევდი. როგორც ჟურნალისტს, ხელი მეშლება იმ კუთხით, რო ვერ ვსვამ კონკრეტულ კითხვებს, რადგან პროგრამა არ მაქვს. არის მეორე პრობლემაც: აქედანვე ვიცი, რომ არჩევნებში გამარჯვებულს არჩევნების შემდეგაც ვეღარ დავუსვამ კონკრეტულ კითხვებს, ვერ მოვთხოვ პასუხს კონკრეტული დაპირების შეუსრულებლობაზე, რადგან კონკრეტულად არც ახლა ვიცი, რა დაპირებები აქვთ“.

მთავარ ფოტოზე: მარჯვნიდან პირველი ლაშა კომახიძე / ფოტო ლაშა კომახიძის ფეისბუქ გვერდიდან

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: