მთავარი,სიახლეები

კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა

09.10.2017 • 2234
კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა

დღეს, 9 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“  ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია მისი როგორც მერობის კანდიდატის პოზიცია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და იცნობს თუ არა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეჩეთის პროექტს, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მეჩეთის პროექტს არ იცნობს.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური ტიპის დაწესებულება  რა ფულით შენდება. ვფიქრობ, ქართულმა სახელმწიფომ უნდა აუშენოს საკუთარ მოქალაქეს, ნებისმიერი აღმსარებლობის შესაბამისი ნაგებობა და ეს უნდა იყოს პატივისცემის  ყველაზე ლამაზი გამოხატვა სახელმწიფოსა და მისი სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეების მიმართ“, – ამბობს ლაშა კომახიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, აპირებთ მუსლიმებს შესთავაზოთ, რომ მეჩეთს ბიუჯეტის ფულით აუშენებთ? ლაშა კომახიძე ამბობს: „მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აქეთკენ“.

მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ამ თემაზე საბოლოო პოზიცია მუსლიმ თემთან შეხვედრისა და მათი პოზიციების მოსმენის შემდეგ ექნება.  „ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება ჩემთვის გაჟღერება და კონკრეტული გადაწყვეტილების თქმაც, რადგან წინასაარჩევნო რეჟიმში ძალიან ვეწინააღმდეგები ასეთი განცხადებების გაკეთებას, რადგან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ  ინტერპრეტაციები გააკეთონ და გარკვეული ქულები დაიწერონ“.

მმართველი პარტიის კანდიდატი მიიჩნევს, რომ  მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მარტივი გზები არსებობს.

„მე მაქვს დაგეგმილი შეხვედრა ამ ადამიანებთან და მინდა მათ ველაპარაკო და მოვისმინო მათი პოზიცია. მე არ ვიცნობ მეჩეთის პროექტს, მაგრამ ვიცი, რომ  მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მშენებლობის ნებართვა, არგუმენტირებულია. იქ არის დარღვევები, რომლის გაბათილება ვერ მოხდა.

ამავე დროს, მე მესმის ამ ადამიანების, რომ ჰქონდეთ რელიგიური შენობა-ნაგებობა. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან ბევრს სახელმწიფოში მსგავსი ტიპის საკითხები, იქნება ეს ეკლესიის თუ მეჩეთის მშენებლობა, რეგულირებადია. მაგალითად თურქეთში, არათუ ეკლესიას, მეჩეთსაც ვერ ააშენებთ და რელიგიური ტიპის ღონისძიებას ვერ ჩაატარებთ, თუკი ამას არ შეათანხმებთ რელიგიის სააგენტოსთან“, -ამბობს კომახიძე.

რეპლიკაზე, რომ თურქეთი არის არის სანიმუშო დემოკრატიის მაგალითი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ის მარწუხების მოჭერაზე არ საუბრობს.

ლაშა კომახიძე, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამის შესახებ საუბრობს

ლაშა კომახიძე, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამის შესახებ საუბრობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: