მთავარი,სიახლეები

ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა

09.10.2017 • 3367
ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა

„ნაციონალური მოძრაობის“  სიის პირველი ნომერი,  ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მირდატ ქამადაძე, დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც სხვადასხვა უბნებზე 18-მა კომისიის წევრმა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქამადაძის თქმით, 18-ივე კომისიის წევრი წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.

„კომისიის წევრებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა მითითებებს აძლევენდნენ დარღვევების კუთხით. მათ შორის,  ერთ-ერთი მთავარი მითითება იყო, რომ როცა დასრულდება კენჭისყრა, სამაგიდო სიების დალუქვა არ მოახდინონ მანამ, სანამ საბოლოო კენჭისყრა არ მოხდება.

კანონი კი ითვალისწინებს, რომ ჯერ სამაგიდო სიები უნდა დაილუქოს და შემდეგ უნდა მოხდეს დათვლა. ამ ადამიანებმა  უარი განაცხადეს ამგვარი მითითებების შესრულებაზე და განცხადება დაწერეს კომისიიდან წასვლაზე“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ დაწერილი განცხადება, კომისიიდან წასვლის შესახებ.

კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ დაწერილი განცხადება, კომისიიდან წასვლის შესახებ.

მირდატ ქამადაძის თქმით, კომისიის წევრებზე ზეწოლა რომ ხორციელდება, ამაზე  განცხადებების შინაარსიც მეტყველებს.

„ამ ადამიანებმა  რომლებმაც  კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, ოლქის მიერ დაინიშნენ და უცებ, ყველა თანმიმდევრობით წერს განცხადებას კომისიიდან წასვლაზე, ბუნებრივია ეს ზეწოლაზე მეტყველებს“ – აცხადებს ის.

მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ზეწოლის შესახებ კომისიის წევრებმა მასთან პირად საუბარში აღნიშნეს:  „ჩემთან პირად საუბარში რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ მათ მმართველი პარტიის წარმომადგენლები აძლევდნენ  მითითებებს.

„აღნიშნული ფაქტები მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას ცდილობს“ – აცხადებს ენმ-ეს წევრი.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ კომისიის წევრსაც დაუკავშირდა და განცხადების დაწერის მიზეზის შესახებ ესაუბრა. ნათია ბჟალავა, განცხადების დაწერას ზეწოლის მოტივით უარყოფს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად მიიღო.

„ვერ ვახერხებდი მუშაობას სამსახურის გამო. განათლების ფონდში ვმუშაობ და შვებულებაში ვერ გავედი, რადგან დატვირთული გრაფიკი მაქვს, ამიტომ დავწერე განცხადება. სხვამ რატომ დაწერა ვერ გეტყვით, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა“ – განაცხადა მან.

„ბათუმელები“ ბათუმის N79 საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ვალერი ბერიძესაც ესაუბრა. კითხვაზე, იყვნენ თუ არა ინფორმირებული ზეწოლის შესახებ? ვალერი ბერიძე ამბობს: „18 კაცს არ დაუწერია, 15-მა დაწერა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პიარი. 1500 კაცში თხუთმეტმა დაწეროს განცხადება, „ბავშვი ავად გამიხდა“ და „პრობლემები მაქვს“, გასაკვირი არ არის“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: