სიახლეები

სტუმარ-მასპინძელი აჭარაში

22.02.2015 • 8450
სტუმარ-მასპინძელი აჭარაში

ცოტა მოგვიანებით, ორი მთის გადავლის შემდეგ, მოგზაურები ერთ სახლთან შეისვენებენ. წყალს ითხოვენ. წაბლის ხით ნაშენით სახლიდან, რომელიც აჭარაში, სარიჩაირის საზაფხულო იაილაზე დგას, სხვა ქალი გამოვა, თავზე ყვავილებიან თავსაფარწაკრული. გრძელი გზით დაღლილ მგზავრებს წყალსაც დაალევინებს და სახლშიც შეიპატიჟებს. ოთხი მგზავრი ხის ჭრაჭუნა კიბეებს აივლის, სასტუმრო ოთახში შევა და პატარა ჯორკოებზე ჩამოჯდება. ქალი თვალისდახამხამებაში ოთხ სხვადასხვა ზომისა და ფერის ყავის ჭიქას ღუმელზე დადგამს, რომელშიც ყავასა და შაქარს თვალზომით ჩაყრის. სანამ ყავა იხარშება, სარკესავით პრიალა ალუმინის ტაფაზე ერბოს დააგდებს, დაწნულ ყველს დაფლეთს და ერბოიან ტაფაში ჩაამატებს. ამასობაში ყავა დუღდება. დაღლილი მგზავრები გონს მოსვლას ვერ მოასწრებენ, ისე გაჩნდება მაგიდაზე ყავა, ბორანო და კაიმაღში მოზელილი სქლად გამომცხვარი მჭადი.

თვეების შემდეგ მოგზაურები იტყვიან, რომ ის ყავა იყო საუკეთესო მათ შორის, რაც კი ოდესმე დაულევიათ, ხოლო იმ მჭადზე უკეთესი არასდროს არაფერი გაუსინჯავთ. აჭარაში ძველი გამოთქმა „სტუმარი ღვთისაა“ იმდენად ორგანულად აქვთ გათავისებული, თუ მიპატიჟებაზე უარს იტყვით, შეურაცხყოფად მიიღებენ.

თუ იაკობ გოგებაშვილს დავუჯერებთ, ან კი რატომ არ უნდა დავუჯეროთ, ძველად აჭარლების საუკეთესო თვისება მოხუცების პატივისცემა, სტუმრის მიგებება, ღირსეულად თავის დაჭერა, თავაზიანობა, ცნობისმოყვარეობა და დაუღალავი მუშაობა ყოფილა. ამ თვისებებიდან განსაკუთრებული მაინც სტუმართმოყვარეობაა.

მეიდან ოდა

მთიან აჭარაში ძნელად მოიძებნება ოჯახი, რომელსაც რაც არ უნდა უჭირდეს და რაც არ უნდა პატარა ზომის სახლი ჰქონდეს, სტუმრის მიღება ვერ შეძლოს. ახლა ნაკლებად, მაგრამ ამ ერთი საუკუნის წინ თითქმის ყველა სახლს ჰქონდა სტუმრისთვის განკუთვნილი სასტუმრო ოთახი, რომელსაც „მეიდან ოდას“ ეძახდნენ. „მეიდან ოდაში“ ოჯახის ქალები მხოლოდ დასალაგებლად შედიოდნენ. ზოგიერთ სახლს „მეიდან ოდას“ შესასვლელი ძირითადი სახლისგან გამოყოფილი ჰქონდა. სტუმარს შეეძლო შესვლა და დარჩენა, საკვებს კი ოჯახის მეპატრონე უმზადებდა.

ქედაში, სოფელ ზუნდაგაში გარდა იმისა, რომ სასტუმრო ოთახი, ანუ „მეიდან ოდა“ თითქმის ყველა სახლს აქვს, დგას ორ საუკუნეზე მეტი ხნის ორსართულიანი სახლი. პირველი სართული ქვითკირითაა ნაგები, მეორე – ხით. ამ სახლს ზუნდაგაში „მეიდან ოდის“, ანუ სასტუმრო სახლის სახელით იცნობენ.

ზუნდაგაში „მეიდან ოდის“ გაჩენა საქარავნე გზას უკავშირდება. შავშეთის ქედგადმოვლილი, მერისიდან ქედაში ჩამოსული მექარავნეები გურიისკენ გზას სოფელ ზუნდაგის გავლით იმოკლებდნენ. ზუნდაგის ზემოთ მტირალას მთაა. სწორედ ამ მთაზე გადადიოდა საქარავნე გზა.

„დაახლოებით 250 წლის წინ ააშენა ეს სახლი ჩემი ბაბუის პაპამ. იშიყ ეფენდი ერქვა. ძმა ჰყავდა ოსმან ეფენდი. იმასთან ერთად აშენებდა თურმე. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ზუნდაგა მდებარეობს ჩაქვი გორის ერთ-ერთ უღელტეხილზე. ამ გზაზე მექარავნეები დადიოდნენ ცხენებით, ჯორებით და სასაპალნე ვირებით. სახლი განკუთვნილი იყო სოფლის უცხო სტუმრისათვის. იმ პერიოდში ყველამ იცოდა მეიდან ოდის არსებობა და სტუმრებიც ხშირად გვყავდა“, – იხსენებს ზუნდაგის მცხოვრები ბადრი ვერძაძე.

„მეიდან ოდა“ დღემდე დგას ზუნდაგაში. მისი მეორე სართული, ორი ოთახისგან შედგება. ერთი ვიწრო შუშაბანდია, რომლითაც დიდ ოთახში შედიხარ. კარის პირდაპირ ძველებური, ორ საუკუნეზე მეტი ხნის ბუხარია. ბუხრის გვერდით ვიწრო სარკმელია. როგორც უხუცესები ჰყვებიან, როცა „მეიდან ოდას“ სტუმარი ეწვეოდა, სარკმელში ლამპას ანთებდა. ამით სოფელი იგებდა, რომ ვიღაც უცხო ეწვია. მოსახლეობას, ვისაც რისი საშუალება ექნებოდა, სტუმრისთვის საჭმელი მიჰქონდა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ზამთრობით დიდი თოვლის გამო ხეობა იკეტებოდა. ამ დროს ზუნდაგა ყაჩაღებისა და კონტრაბანდისტების თავშესაფარი ხდებოდა. ერთხანს თურმე აქ აფარებდა თავს აჭარაში ცნობილი ყაჩაღი მევლუდ დიასამიძე. დიასამიძე ისე მოხიბლულა ზუნდაგელების მასპინძლობით, ერთ-ერთი ოჯახისათვის თოფიც კი უჩუქებია.

ზუნდაგაში მდგარი სახლების უმეტესობაში ასევე შემორჩენილია სასტუმრო ოთახი. ორასი წლის ლაზური სტილით ნაგები ერთ-ერთი სახლის ბანზე დიასახლისს ქვეშაგები აქვს გამოტანილი. მზევინარ ქობულაძე სახლში გვპატიჟებს და სტუმრის ოთახისკენ მივყავართ. ერთ პატარა ოთახში ოთხი საწოლი დგას. თითოეული საწოლი გულდასმით დაუთოებული გახამებული თეთრეულითაა გაწყობილი.
„რაც თავი მახსოვს, სულ გვქონდა სასტუმრო ოთახი. მეიდან ოდას ვეძახდით. ეს ჩვენი ტრადიციაა. ასე გაგვზარდეს, ასე გვასწავლეს. შეიძლება ხანი გავიდეს, სტუმარი არ მეწვიოს, მაგრამ მე მაინც ყოველ მზიან ამინდში გამაქვს ქვეშაგები მზეზე. ყველაზე მეტი სტუმარი ომიანობის დროს მყავდა, 2008 წლის აგვისტოში. ჩემი ოჯახის წევრების გარდა 25 სული იყვნენ, ყველას კარგად ვუმასპინძლე“, – იხსენებს მზევინარი.

ძველად აჭარაში სახლებს, ძირითადად, წაბლის ხისგან აგებდნენ. პირველ სართულზე საქონლის სადგომი, იგივე ბოსელი იყო განთავსებული, მეორე სართული კი საცხოვრებლად გამოიყენებოდა.

ძველ აჭარულ სახლში ოთახები სხვადასხვა დანიშნულებით იყო განაწილებული. სტანდარტულად იყო საქალებო და სასტუმრო ოთახები. რაც უფრო შეძლებული იყო გლეხი, მის სახლს მით უფრო მეტი ოთახი ჰქონდა.

მზევინარ ქობულაძის სახლის პირველი სართული ძველი აჭარული სახლის წყობისგან განსხვავებულია. სახლი და საქონლის სადგომი გამოცალკევებულია. სახლის პირველ სართულზე ვიწრო ჰოლით დიდ სასტუმრო ოთახში შედიხარ, ოთახის ცენტრში ბუხარია. ჰოლის მარცხნივ და მარჯვნივ ორი ოთახია. ახლა საძინებლად იყენებენ, ადრე კი ეს ოთახები საქალებო ყოფილა. ადრე სტუმრად ძირითადად მამაკაცები დადიოდნენ. თუ ისე მოხდებოდა, რომ ოჯახში მასპინძელი მამაკაცი არ აღმოჩნდებოდა, სტუმარს სასტუმრო ოთახში შესვლა დაუბრკოლებლად შეეძლო. შესვლის შემდეგ ქალები ე.წ. საქალებოში მოამზადებდნენ სადილს და კარებში დატანებულ სპეციალური მბრუნავი ტაბლის მეშვეობით მიაწვდიდნენ. სტუმრები, მას შემდეგ, რაც საჭმელს შეჭამდნენ, ცარიელ ჭურჭელს ისევ მბრუნავ ტაბლაზე დააწყობდნენ და დიასახლისი მათ აიღებდა.


მზევინარ ქობულაძე

ქალები უცხო მამაკაცებთან იმ შემთხვევაშიც კი არ გამოჩნდებოდნენ, თუ სახლში მამაკაცი იყო. მთაში მცხოვრებ ქალთა ცხოვრების წესი მეტად მკაცრი იყო. აი რას წერს დიმიტრი ბაქრაძე აჭარულ სტუმართმოყვარეობაზე:

„რა ეროვნებისა და რჯულისაც არ უნდა იყოს სტუმარი, საიდანაც უნდა მოდიოდეს და როდესაც უნდა მივიდეს, დღისით თუ ღამით, უფლება აქვს პირველსავე შემხვედრ სახლში გაჩერდეს.

ოჯახის უფროსიც რომ არ იყოს შინ, მარტო ქალებიც რომ იყვნენ, ვალდებულნი არიან მიიღონ, გაუმასპინძლდნენ, სუფთა ლოგინი გაუშალონ, რომელსაც საგანგებოდ ინახავენ ასეთი შემთხვევისათვის. დიასახლისი თავის ნახევარში ფუსფუსებს და ამზადებს საჭმელს, თქვენ გესმით მისი ლაპარაკი, მაგრამ სახით ვერ ხედავთ, თუმცა თვითონ ყურადღებით გითვალთვალებთ ჭუჭრუტანიდან. სუფრაზე ოჯახის პატრონი, ან ვინმე უფროსთაგანი გემსახურებათ. კერძები ერთფეროვანია, მაგრამ საკმაოდ სუფთა და გემრიელი. მჭადი, ერბოკვერცხი, რძეში მოხარშული ყველი, არაჟანი, ცხვრის ხორცი სხვადასხვა საკაზმითა და წიწაკით ცხარედ შეზავებული“.

დღეს აჭარაში ასე მკაცრად წესებს აღარ იცავენ.

 

 

ძველი ბუხარი მეიდან ოდაში
ძველი ბუხარი მეიდან ოდაში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: