სიახლეები

რა შეცვალა “აინშტაინმა“ სკოლაში

22.02.2015 • 2879
რა შეცვალა “აინშტაინმა“ სკოლაში


„ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ცხვირსახორცი დაასველე წყალში, შემდეგ – აცეტონში. დაიკავე ცხვირსახოცი ქვიშიანი კრისტალიზატორის ზემოთ და მოუკიდე ცეცხლი, – დააკვირდი რა მოხდება“, –მსგავსი და უფრო რთული ცდების ჩატარებას, პროცესზე დაკვირვებას და მის ანალიზს, სასკოლო პროგრამა მოსწავლეებს ხშირად ავალდებულებს. თუმცა, როგორც მოსწავლეები აცხადებენ, არც სახლში და სკოლაში ცდების ჩატარების შესაძლებლობა მათ თითქმის არ აქვთ. 

რა ხდება ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილებზე სკოლაში და რა ინტენსივობით იყენებენ „აინშტაინის“ ფარგლებში გადაცემული ლაბორატორიებს საბუნებისმეტყველო გაკვეთილზე?

ნანა პაპუნაიშვილი #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელია. იგი მიიჩნევს, რომ ქიმიის გაკვეთილების მეტი ეფექტურობისთვის აუცილებელია სკოლაში ლაბორანტის ყოლა.


„ხშირად რამდენიმე ისეთი გაკვეთილი მაქვს სხვადასხვა კლასში, სადაც ცდებია მოსამზადებელი. როცა მე-10 კლასში, ვთქვათ, ასახსნელი მაქვს იონური მიმოცვლის რეაქციები, სამი-ოთხი სახეობის ხსნარის გამზადებაა საჭირო. ცდის შემთხვევაში, ხსნარი სწრაფად უნდა დაამზადო, რომ იქ სხვა სახის რეაქცია არ მოხდეს და ცდას ეფექტი ჰქონდეს. ამის გაკეთება კი მარტო ძალიან რთულია“, – გვეუბნება ის.

რამდენად შესაძლებელია ცდის პროცესში მოსწავლეების ჩართვა? პედაგოგის თქმით, დღევანდელი კლასები ამის შესაძლებლობას არ იძლევა: „კლასები ვერ პასუხობს სტანდარტებს, რადგან თანამედროვე ტიპის ლაბორატორიაში ყველა ბავშვს თავისი ინდივიდუალური მაგიდა უნდა ჰქონდეს, სადაც იქნება წყლის ონკანი და მოსწავლეს ინდივიდუალურად შეეძლება ექსპერიმენტის ჩატარება, ლაბორანტის დახმარებით, რომელიც, ბუნებრივია, პროფესიონალი უნდა იყოს“.

პედაგოგის აზრით, კლასკაბინეტების არარსებობა ყველა მოსწავლის ჩართვა ცდის პროცესში შეუძლებელს ხდის. „35 ბავშვი ერთდროულად რომ ამუშაო, ძალიან რთულია. ამიტომ, ეს სიყალბე რომ არ გამოვიდეს, მხოლოდ სადემონსტრაციო ცდას ვატარებ, რომელსაც მოსწავლე უნდა დააკვირდეს და დაიმახსოვროს“.

მასწავლებელი ამბობს, რომ მოსწავლემ კვლევის უნარ-ჩვევები უნდა გამოიმუშაოს, თუმცა, რამდენად შესაძლებელია ამ უნარების გამომუშავება თეორიულად, პედაგოგი პასუხობს: „ქიმია იმდენად საინტერესო საგანია, რომ ელემენტარული კვლევის უნარს მაინც გამოიმუშავებენ. სერიოზული ცდების ჩატარებას სპეციალური კლასის გარეშე მაინც ვერ შევძლებთ, რადგან კლასში უნდა იყოს გამწოვიც, რომ სხვადასხვა გაზის მიღებისას ბავშვები არ მოიწამლონ“.

#13 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მზიური წინწკილაძე ამბობს, რომ „ყველაფრის ჩვენება და გაკეთება შეუძლებელია“.
„თუმცა ვაკვირდებით სითბურ მოვლენებს, გვაქვს კოლბები, ელექტროობაში გვაქვს ამპერიმეტრები, ვოლტმეტრები, უმარტივესი წრედების აწყობა შეგვიძლია“.

პედაგოგი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებისთვის სკოლაში მიღებული ცოდნა ეროვნული გამოცდებისთვის საკმარისი მაინც არ არის: „უფრო მეტად ფორმულების გაგება და ამოცანების გაკეთება უჭირთ, რადგან მაღალ კლასებში ფორმულები მზამზარეულად მიეწოდებათ და მათი გააზრება ცდების საფუძველზე შეუძლებელია. ეროვნულ გამოცდებში კი ბევრი ისეთი საკითხია შეტანილი, რაც სასკოლო წიგნებიდან ამოღებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს, ნებისმიერ შემთხვევაში, დამოუკიდებლად მომზადება მოუწევს“.

როგორც გავარკვიეთ პედაგოგები და მოსწავლეები არც ინტერნეტლაბორატორიებით სარგებლობენ: „მე არ მაქვს კომპიუტერი და ინტერნეტი. როცა ღია გაკვეთილი გვაქვს, მაშინ მოაქვთ ხოლმე ნოუთბუქი და ეკრანზე ვაჩვენებ საილუსტრაციოდ“, – გვეუბნება ნანა პაპუნაიშვილი.

ციცინო მიქელაძეც #2 საჯარო სკოლის პედაგოგია, ის ბიოლოგიას ასწავლის. მისი თქმით, „აინშტაინის“ ფარგლებში მიღებული მასალები არასაკმარისია, თუმცა ხშირად ვერც მათ იყენებენ ეფექტურად:

„ჩვენ მივიღეთ ტაბულები ნაწილობრივ, ორი მიკროსკოპი, მულაჟები და ჩონჩხი. რადგან კაბინეტური სისტემა არ გვაქვს და სხვადასხვა კლასში დავდივართ. ცოტა უხერხულობა იქმნება, მაგრამ შესაძლებისდაგვარად ვიყენებთ“.

ციცინო მიქელაძე „ბათუმელებთან“ შეხვედრის დროს გაკვეთილს მერვეკლასელებთან ატარებდა. როგორც მოსწავლეებმა გვითხრეს, მათ არასდროს უმუშავიათ მიკროსკოპთან. მასწავლებელი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ „მათ ჯერ მიკროსკოპზე მასალა არ უსწავლიათ“.
„მიკროსკოპი მოსწავლეებს მე-7 კლასში უნდა ესწავლათ და იმ ეტაპზე ისწავლება ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ინტეგრირებულად. დამატებით ისწავლიან მე-9-10 კლასებში. თუმცა, მოსწავლეები ამბობენ, რომ მათ არც გასულ წელს ჰქონიათ მიკროსკოპთან შეხება. `რადგან სახელმძღვანელო ინტეგრირებულია, მასწავლებელს ხშირად არ რჩება დრო და შეიძლება ამიტომ“, – გვეუნება ციცინო მიქელაძე.

როგორც პედაგოგი გვეუბნება, წელს გრანტი მიიღო, რომელიც ცდებზე მუშაობის მეტ შესაძლებლობას მისცემს: „თემაა ნიკოტინის ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმებზე. ცდები ჩატარდება შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მცენარეებსა და თაგვებზე“.

როგორც საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები გვეუბნებიან, მასწავლებლებისთვის არ არსებობს პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგები, რაც გააუმჯობესებდა პედაგოგთა კვალიფიკაციას.

განხორციელდა თუ არა პროგრამის მონიტორინგი და როგორ შეფასდა მისი ეფექტურობა, ამის თაობაზე განათლების სამინისტროსგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კი, 2010 წლის მონაცემებით, ლაბორატორია საქართველოს მასშტაბით 150 სკოლისთვის შეიძინეს, რაც მისი ერთეული ფასიდან გამომდინარე, ორი მილიონ 70 ათასი ლარი უნდა იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: