lortqifanidze

გამოვათავისუფლებთ თანხებს პერსონალის შემცირებით – ხელვაჩაურში „პატრიოტთა ალიანსის“ პირველი ნომერი

„პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ლევან ლორთქიფანიძეა. ამ პარტიამდე იგი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო და რამდენიმე თვით ხელვაჩაურის გამგებელიც. ლევან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ღირებულებებით „პატრიოტთა ალიანსი“ მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა.

ბატონო ლევან, თქვენ იყავით ხელვაჩაურის გამგებელი 2013 წელს, რაც თქვენი დაპატიმრებით დასრულდა. ამის გამო დატოვეთ „ქართული ოცნება“?

ჩემი დაკავება იყო მხოლოდ პოლიტიკური და მიზანი იყო ხელისუფლების მმართველი რგოლიდან ჩემი ჩამოცილება. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ვიყავი მათთვის მიუღებელი, დაუმორჩილებელი ვარ და სიმართლის მოყვარული… დავიწყოთ იქედან, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი არის ძალიან დიდი 2012 წლის პროცესებში და მე იმ დროს „ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბს ვხელმძღვანელობდი. კი ბატონო, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომ ხელვაჩაურშიც მოიგო „ოცნებამ“, მაგრამ ზუგდიდში, ან ხულოში რატომ ვერ მოიგო? მე ვფიქრობ, რომ შტაბის სწორ მუშაობაზე იყო ბევრი რამ დამოკიდებული. ხულოში რომ ნორმალურად ემუშავათ, იქაც შესაძლებელი იყო მოგება… 2013 წლის მარტში დამაკავეს, მაგრამ მალე მოუხდათ საქმის შეწყვეტა. მეც დავეთანხმე, რადგან ჩემთან ერთად მოადგილეც დაკავებული იყო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ იყო კარგი, რომ არ დავთანხმებულიყავი, მაშინ სასამართლო პროცესები უნდა დაწყებულიყო.

მურმან დუმბაძის გუნდის წევრი იყავით. თქვენი დაკავება არ უკავშირდებოდა დუმბაძის მაშინდელი დაპირისპირებას „ოცნების“ შიგნით?

ნაწილობრივ კი. „გუნდის წევრი“ – ეს ძალიან ცუდი ცნება ჩამოყალიბდა. მურმან დუმბაძე მაშინ ყველას ლიდერი იყო, ბევრი ადამიანი აწუხებდა და რიგები იდგა მასთან. ფიქრობდნენ, რომ გავლენა და ძალა ჰქონდა. რიგში მე არ ვმდგარვარ, მურმან დუმბაძე უნივერსიტეტში მასწავლიდა და ვიცნობ იქედან, ვმეგობრობდი და ახლაც ვმეგობრობ. ჩემი გათავისუფლება უფრო ადამიანების წასვლას უკავშირდებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. როცა მე იქ მივედი, რამდენიმე ადამიანმა, ვინც „ოცნებას“ აქტიურად უპირისპირდებოდა 2012 წლამდე, თავისი ნებით დაწერა განცხადებები და სამსახურები დატოვეს. მერე იყო ზარები, რომ ეს იმის დეიდაშვილია, ეს ნათესავია და სამსახურში დააბრუნეო. ჩემთან იმ ხალხს არ ჰქონია პრობლემა… „ოცნება“ 2014 წელს დავტოვე.

რა ღირებულებების გამო გახდით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი?

კი, ღირებულებებია ყველაზე მთავარი და ადამიანები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს არ ატყუებენ. შესაძლოა, წინასაარჩევნოდ რაღაც უთხრა ადამიანებს, მაგრამ უმეტესობა მაინც ხომ უნდა შეასრულო? „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი როცა ვიყავი, 2012 წლის ივლისში, შტაბში გვითხრეს, გადით და უთხარით გონიოელებს, წლის ბოლომდე მაქსიმუმ მიწის პრობლემა მოგვარდება, ახალი კანონი ამოქმედდებაო. დღემდე ასეთი კანონი მიღებული არ არის. მე საერთოდ კონსერვატორი ადამიანი ვარ და ამ ღირებულებების მომხრეა „პატრიოტთა ალიანსიც“. თანამედროვეობას ფეხი უნდა ავუწყოთ, სხვანაირად არ გამოვა, მაგრამ ამ გუნდში ვართ ადამიანები, ვისაც საქართველო გვიყვარს, რეალურად ვაზროვნებთ, ასე ვთქვათ, გალაქტიკაში არ ვართ დაკარგულები… „პატრიოტთა ალიანსის“ იდეები ლიბერალური არ არის. ეროვნული იდეებია ჩვენთვის უპირველესი. ეს არის ქართული წესი, ტრადიციები…

ფიქრობთ, რომ ქართული კულტურა და ტრადიციები ლიბერალური არ არის?

რაღაც მომენტში არის, ალბათ, მაგრამ ჩვენი ტრადიციები ლიბერალურ იდეებთან არ არის, თუმცა ჩვენი კულტურა არასდროს არ ყოფილა გაიგივებული თავისუფლების შეზღუდვასთან. ვფიქრობ, ეროვნული ტრადიციების დაცვა ააღორძინებს ქვეყანას.

მაგალითად, ეროვნულია, რომ უცხოელებს ბათუმში ბიზნესი არ უნდა ჰქონდეთ, ან ხელვაჩაურში მიწა არ იყიდონ? ამაზე საუბრობენ თქვენი პარტიის ლიდერები.

მე უცხოელების წინააღმდეგი არ ვარ. მთავარია, კანონს ექვემდებარებოდნენ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იყვნენ.

რომელი უცხოელის ბიზნესია, მაგალითად, ხელვაჩაურში პრივილეგირებული და ვინ არ ექვემდებარება კანონს?

პირველ რიგში, ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები უნდა დაიცვას. ჩადით აბა, ირანში, თუ იყიდით ასე მიწას… თუ გინდათ, უნგრეთში ჩადით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი ხელისუფლება ეხმარება, რომ აქ ბიზნესი აკეთონ. საქართველომ უნდა სცადოს, რომ კონკურენცია შექმნას საკუთარი მოქალაქეებით. ჩვენ ამ თემის მანიპულაციას კი არ ვახდენთ, ნახეთ, ხელვაჩაურში მიწების 95 პროცენტი დაუმუშავებელია. ადამიანები მასობრივად მეზობელ ქვეყნებში გადადიან, რომ სამუშაო ნახონ. არ შეიძლება ყველაფერს პიარისთვის იყენებდე. აჭარის მთავრობამ მიიღო მარტში დადგენილება, რომ ვინც თვითნებურად შეჭრილია სახელმწიფო საკუთრებაში, მათ ნაწილს, გარკვეული შესწავლის შედეგად, ერთ ლარად გადასცემდნენ ქონებას. დღემდე არც ერთ ადამიანს ამით არ უსარგებლია.

ქვეყნის მომავალი თქვენც ოკუპანტ რუსეთთან ერთად წარმოგიდგენიათ და არა ევროსტრუქტურებთან?

ასე არ არის. ჩვენმა ლიდერებმა რამდენჯერმე განმარტეს, რომ არანაირი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ მოხდება არაფერი. რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ – საქართველო-რუსეთი-ნატო – ამ ფორმატში. არ შეიძლება რუსეთის გვერდის ავლით განახორციელო ქვეყნის ინტერესები. რეალურად უნდა შეხედო, საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომ გლობალური გადაწყვეტილებები მიიღოს. რუსეთი არის დიდი ქვეყანა და მის გარეშე არაფერი ხდება ქვეყანაში…

რას ჰპირდებით ხელვაჩაურის მოსახლეობას კონკრეტულად?

ჩვენ რასაც ვპირდებით მოსახლეობას, ყველაფერს ავასრულებთ. მთავარი პრინციპი არის ის, რომ ახალი ხელისუფლება წინაზე უკეთესი იყო. თუ მოვედით ხელისუფლებაში, „ოცნებამ“ რაც ვერ შეასრულა, იმას შევასრულებთ. ესაა სოციალური საკითხები, ჯანდაცვის პროგრამები, სოფლის მეურნეობის აღორძინება…

თქვენი მერობის კანდიდატმა გვითხრა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე აპირებთ საწარმოების მოწყობას.

არა, ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ, თუ ბიუჯეტი მოგვცემს ამის შესაძლებლობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების სწორად გათვლით შესაძლებელია დაფინანსდეს ისეთი პროგრამები, რომ ადამიანებმა სული მოითქვან. ინფრასტრუქტურული პროექტებიდან კი, რაც აუცილებელია, ის უნდა გაკეთდეს.

რომელი არ არის აუცილებელი, რომელს შეაჩერებთ არჩევის შემთხვევაში?

მაგალითად, აგრარული ბაზრის მშენებლობა, ვხედავთ, რომ ეს საერთოდ არ წაადგა ხელვაჩაურის მოსახლეობას. ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე საერთოდ არ მინდა საუბარი, რადგან ეს ისედაც ხელისუფლების საქმეა. ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით. მუნიციპალიტეტი არ უნდა იყოს ხალხის დასაქმების სფერო. ჩვენ გამოვათავისუფლებთ თანხებს მოსამსახურე პერსონალის შემცირებით…

რამდენით შეამცირებთ და სად კონკრეტულად?

ასე ზუსტად ახლა ვერ გეტყვით. რამდენიც ხელვაჩაურის განვითარებისთვის იქნება საჭირო, იმდენს დავტოვებთ… პირველ რიგში, მიწა თუ არ დაუკანონეს გლეხს, არაფერი გამოვა. ახლა რაც ხორციელდება სოფლის მეურნეობის კუთხით, ყველაფერი წყალში გადაყრილი მგონია. პრობლემა არის ეს, რადგან მოსახლეობას აქვს შიში, რომ მათ მიწებს უცხოელები იყიდიან. დადიან, მაგალითად, ირანელები იყვნენ, ყიდვა უნდოდათ სოფლებში მიწის და მერე გადაიფიქრეს. ციტრუსის შტაბი ახლა შეიქმნა. ახლა კი არა, გაზაფხულზე უნდა შეიქმნას ეს, რომ გლეხმა შედეგი დაინახოს…

იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ამომრჩეველს, თუკი თქვენ გახდებით ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე?

ახლა ხელვაჩაურის ბიუჯეტი მთლიანად ფორმირდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. შესაბამისად, პრიორიტეტებსაც უკვეთავს ცენტრალური მთავრობა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, დამერწმუნეთ, რომ მოსახლეობის მიერ რაც იქნება დასახელებულ პრობლემად, ის გაიწერება პროგრამებში.

არ ფიქრობთ, რომ წინასწარ უნდა შესთავაზოთ ამომრჩეველს, მაგალითად, ბიუჯეტის გადანაწილების თქვენეული ვერსია?

ჩვენ ამაზე ყოველდღიურად ვესაუბრებით მოსახლეობას და ეს მოხდება მოსახლეობასთან ერთად.  მე ვპირდები ამომრჩეველს, რომ მკაცრი კონტროლი მექნება, თუ როგორ შესრულდა ესა თუ ის სამუშაო. გუშინწინ ვიყავით ახალსოფელში და გვითხრეს, რომ ორი წლის წინ გარემონტებული კონკრეტული სისტემა გაფუჭდა. მართვის პრობლემა არსებობს და ეს უნდა შეიცვალოს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი