მთავარი,სიახლეები

ჩემი თვალით დანახული ქართული და ამერიკული სკოლა

07.10.2017 • 5275
ჩემი თვალით დანახული ქართული და ამერიკული სკოლა

ავტორი: დავით ჯინჭარაძე

ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს განათლების სისტემა არ ვარგა. ამბობენ სხვადასხვა მიზეზს: მშობლები ფიქრობენ, საკმარისად რთული არ არისო, ხოლო ჩვენ, მოსწავლეები, ვერ ვერგებით სკოლის მოთხოვნებს და ამიტომ სკოლაში სიარულიც არ გვიყვარს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი განათლების სისტემა ძალიან განსხვავდება სხვა ქვეყნების სისტემისაგან. საქართველოსა და ამერიკის სკოლებში სწავლის შემდეგ, ჩემთვის ეს განსხვავებები კიდევ უფრო ნათელი გახდა.

ჩვეულებრივ, სასწავლო დღე ამერიკაში საკმაოდ ადრე იწყება. ზოგ სკოლაში შვიდზე, ზოგან კი რვაზე. თითოეული სკოლა დამოუკიდებლად წყვეტს, თუ როდის დაიწყოს სასწავლო პროცესი და რამდენი გაკვეთილი ჩაატაროს. შეიძლება, მოსწავლეს დღეში სულ სამი ორსაათიანი გაკვეთილი ჰქონდეს, ან შვიდი ერთსაათიანი. გაკვეთილების შუაში, დღის თორმეტ საათზე კი ამერიკელ მოსწავლეებს 50 წუთი აქვთ ლანჩისთვის. სკოლის შემდეგ, სახლში წასვლის ნაცვლად, მოსწავლეთა უმრავლესობა დაკავებულია სპორტით, რომლის ხარჯებსაც სკოლა მთლიანად ფარავს.

მთავარი განსხვავება ამერიკულ და ქართულ სკოლებს შორის საგნების სწავლების მეთოდია. არსებობს მოსაზრება, რომ ქართული სკოლა უფრო ძლიერ ცოდნას იძლევა – ისწავლება ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მრავალი სხვა. მიუხედავად იმისა, გამოადგება თუ არა ახალგაზრდას ეს საგნები მომავალ პროფესიაში, ყველას მათი ზედმიწევნითი ცოდნა მოეთხოვება. მეორე მხრივ, ამერიკაში მოსწავლე ირჩევს საგნების უმრავლესობას. რა თქმა უნდა, აქაც არის აუცილებელი კურსები, მაგალითად, მათემატიკა, ისტორია და ინგლისური. თუმცა მეტწილად მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს თავის ცხრილს. ასევე, ამერიკული სკოლა გვთავაზობს ისეთი მრავალფეროვანი დარგების შესწავლას, როგორიცაა მეხანძრეობა, კრიმინალური დანაშაულის გამოძიება, გიტარის ხელოვნება და მრავალი სხვა. გარდა ამისა, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს საგნის დონე. მაგალითად, თუკი ის გეგმავს გახდეს მეცნიერი, მისთვის ხელმისაწვდომია საუნივერსიტეტო დონის ბიოლოგია, პრაქტიკული მათემატიკა და გართულებული ქიმია. განათლების სისტემაში საგნების ასეთი გადანაწილება გათვლილია ყველა დონის ახალგაზრდაზე და მათი უნარების გამომჟღავნებას უწყობს ხელს.

აკადემიური საგნების ფართო არჩევანთან ერთად, ამერიკული სკოლა მოსწავლეებს სპორტის სხვადასხვა სახეობასაც სთავაზობს. ყველაზე პატარა სკოლაშიც კი შეიძლება დაკავდე ხუთი-ექვსი სხვადასხვა დისციპლინით. როგორც წესი, შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე სპორტის სხვადასხვა სახეობის არჩევა შეიძლება, შეჯიბრებებიც რეგულარულად იმართება. ამ შეჯიბრებებზე ჩანს სკოლის გუნდურობა: ყველა მოსწავლე იმოსება საკუთარი სკოლის ფერებში და გულშემატკივრობს სპორტულ ნაკრებს.

ასეთ ათლეტურ ცხოვრების წესს ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის ერთ-ერთია სპორტული სტიპენდია –  აქტიური სპორტსმენებისთვის ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტები დაფინანსებას არ იშურებენ. მოკლედ რომ ვთქვა, ამერიკული სკოლა ხელს უწყობს ჯანსაღი სხეულისა და სულის განვითარებას.

უნდა აღინიშნოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთპატივისცემა. როგორც წესი, აქ ჩხუბიც ძალიან იშვიათი და უჩვეულოა. მოსწავლეებს უყურებენ როგორც თანასწორს და მათთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. ამასთან, დავალებებსა და ნიშნებს მკაცრად უყურებენ. თუკი დავალების შესრულების ბოლო ვადა 12 საათია, ერთი წუთის გადაცილებაც დაგვიანებად ითვლება. მოსწავლეებს ნიშნებს არავინ არ უმატებს ან უკლებს, ქულა პირდაპირ ასახავს ცოდნის დონეს. საერთო ქულის გამოსწორება კი მხოლოდ შემდეგი დავალების კარგად შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი.

ამერიკული განათლება თავისუფლებასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული. ეს მოსწავლეთა გახსნილობასაც განაპირობებს. აქ გაკვეთილზე მუშაობის დროს მუსიკის მოსმენა დარღვევად არ ითვლება, სკოლაში ღამის პერანგით სიარულიც კი სათაკილო არ არის.

ცხადია, განათლების იდეალური სისტემა არ არსებობს და ამერიკულ სკოლებსაც აქვთ ბევრი მინუსი, თუმცა მთავრობა სუსტი მხარეების აღმოფხვრას მუდამ ცდილობს. განსხვავებით საქართველოში არსებული სიტუაციისგან, იქაური განათლება მუდმივად პროგრესირებს. მაგალითად, წელს კალიფორნიის შტატში შემოიღეს ერთიანი გამოცდების სისტემა და გაართულეს მათემატიკის სწავლების დონე.

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სკოლა მეტ თეორიულ ცოდნას იძლევა, ის ვერ უზრუნველყოფს საკმარის პრაქტიკულ მომზადებას. ამერიკა და დასავლეთის ქვეყნები კი, ზოგადი განათლების მქონე ადამიანების ჩამოყალიბების ნაცვლად, სკოლებში პროფესიონალებს ამზადებენ.

ქვეყნის მომავალი განვითარება პირდაპირ კავშირშია განათლების დონესთან. შეძლებს თუ არა საქართველო თავი დააღწიოს პოსტ-საბჭოთა გავლენას და გარდაქმნას განათლების სისტემა, მოსწავლეებს მოგვცეს მეტი თავისუფლება და განვითარების შესაძლებლობა – იმედია, ამას ჩვენი თაობა თუ არა, მომავალი თაობები მაინც იხილავენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: