lojistik qaver

პროდუქციის გაყიდვის ახალი სისტემა დაგეგმილზე გვიან ამოქმედდება – აგრომომსახურების ცენტრები აჭარაში

აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N205-ში აქვს დაგეგმილი. მშენებლობაზე აგროპროექტების მართვის ცენტრმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მშენებლობისთვის 398 ათას 244 ლარია გათვალისწინებული.

აჭარის სოფლებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდად  ალტერნატიული სისტემის შექმნა აჭარის მთავრობამ გასულ წელს დააანონსა. შესაბამისი პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში ხუთი მომსახურების ცენტრისა და ბათუმში ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას. პროგრამის [ზოგადად პროგრამების] განსახორციელებლად კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი ა[ა]იპ „აგროპროექტების მართვის ცენტრიც“ კი შექმნა.

თავდაპირველი გეგმით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდი ახალი სისტემა აჭარაში 2017 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ჯერ შესაბამისი ცენტრებიც კი არ არის მოწყობილი. ამასთან, ახალი სისტემით, წელს, რძის გარდა, ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაცია უნდა დაწყებულიყო. რაც შეეხება ციტრუსს, ამ ახალი სისტემით ის არ გაიყიდება. აღნიშნული  პროგრამისთვის აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ბათუმში, ლოჯისტიკური ცენტრის შესაქმნელად, თავდაპირველად, ტერიტორია გონიოში იყო შერჩეული, თუმცა გეგმა შეიცვალა და ცენტრი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აშენდება. ამავე მისამართზე განთავსდება ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ხელვაჩაურის ცენტრიც.

გეგმის მიხედვით, აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებიდან პროდუქცია თავს მოიყრის ბათუმის ლოჯისტიკურ ცენტრში, საიდანაც მოხდება უკვე მისი რეალიზაცია.

ლოჯისტიკური ცენტრის ესკიზი, რომელიც ფრიდონ ხალვაშის გამზირზე უნდა აშენდეს

ლოჯისტიკური ცენტრის ესკიზი, რომელიც ფრიდონ ხალვაშის გამზირზე უნდა აშენდეს

ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრების ასაშენებლად ადგილები შერჩეული იყო მუნიციპალიტეტებშიც, თუმცა ამ დროისთვის, ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი ხულოში მიწის გადაცემის საკითხი, რომლის მოგვარების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე.

„აგროპროექტების მართვის ცენტრის“ სატენდერო კომისიის აპარატის წევრის, კობა ხინიკაძის ინფორმაციით, ცენტრების მშენებლობა დაწყებულია ქობულეთსა და ქედაში: „შეიძლება ითქვას, ცოტა პროექტირება დაგვიანდა, თუმცა მთლიანობაში ყველაფერი გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს“.

ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი დაბა შუახევში, რუსთაველის 31-ში უნდა აშენდეს. აგროპროექტების მართვის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მშენებლობისთვის საჭირო თანხა – 252 ათას 605 ლარია მითითებული.

მომსახურების ცენტრები ბათუმსა და შუახევში, ტენდერში გამარჯვებულებთან ხელშეკრულებების დადებიდან 200 დღეში უნდა აშენდეს. ორთავე ტენდერი 26 ოქტომბერს დასრულდება.

ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი დაბა შუახევში / ესკიზი

ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი დაბა შუახევში / ესკიზი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com