მთავარი,სიახლეები

ენმ-ს მერობის კანდიდატი ქედაში მომავალ გეგმებსა და იმ პერიოდზე, როცა თავად იყო გამგებელი

06.10.2017 • 2476
ენმ-ს მერობის კანდიდატი ქედაში მომავალ გეგმებსა და იმ პერიოდზე, როცა თავად იყო გამგებელი

ირაკლი ბარამიძე ქედის მერობის კანდიდატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. წინასაარჩევნო გზავნილებზე საუბრის დროს ძირითადად იმ პროექტებზე საუბრობს, რის გაკეთებაც ვერ მოსწრო – ირაკლი ბარამიძე 2009-2012 წლებში ქედის გამგებელი იყო. შესაბამისად, ყველაზე მეტჯერ მას იმის შესახებ ვკითხეთ, რატომ არ გააკეთეთ ეს მაშინ, როცა გამგებელი იყო?

ბატონო ირაკლი, თქვენ ქედის გამგებელი იყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რატომ გსურთ ქედის პირველი პირი გახდეთ ხელახლა?

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ქედის ირგვლივ არ გამიკეთებია განცხადება, მაგრამ მოვიდა დრო, როცა უნდა ამოიღო ხმა და ხმამაღლა დაიწყო ბრძოლა ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ხდება ქედაში. ამ ხელისუფლებას მავნებლობად ექცა ხელისუფლებაში ყოფნა, ესაა კატასტროფული კორუფცია ქედის გამგეობაში და კატასტროფული დამოკიდებულება იმ ყველაფრის მიმართ, რაც დაწყებული გვქონდა. მე ვაპირებ, ქედა გახდეს ერთ-ერთი მარგალიტი ამ რეგიონში, სადაც ყველაზე მეტ ტურისტს მოვიზიდავთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ჩვენ გვქონდა დაწყებული…

თქვენ ახსენეთ კატასტროფული კორუფცია. კონკრეტულად გვითხარით, რა კორუფციული სქემაა თქვენთვის ცნობილი და ვინ არის ამაში ჩართული?  

სახელების და გვარების დონეზე შეიძლება არ ვთქვა, მაგრამ გამოდის ინფორმაცია გამგეობიდან, იმ ადამიანებისგან, ვინც ტენდერებში მონაწილეობენ, ვინ, როგორ და საიდან იღებს ფულს… დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ მაქვს, მაგრამ თუ დავათვალიერებთ ტენდერებს, მარტივი რამის დანახვა შეიძლება – გამარჯვებული კომპანიები არ, ან ვერ ტვირთავენ საჭირო დოკუმენტაციას შესყიდვების საიტზე. მერე ხელახლა ცხადდება ტენდერები, იზრდება თანხები და საბოლოოდ გამარჯვებული ხდება ის სუბიექტი, ვისაც უნდა მოეგო ეს ტენდერი. ბიზნესმენებზე ხორციელდება ზეწოლა, რომ მათ ტექნიკური დოკუმენტაცია მიზანმიმართულად არ ატვირთონ. ბიზნესმენებს შიში აქვთ და, რა თქმა უნდა, ამაზე ღიად ვერ საუბრობენ.

წინასაარჩევნო შეხვედრებზე საუბრობთ განათლების კუთხით სპეციალური პროგრამების ამოქმედებაზე. რას აპირებთ კონკრეტულად და რა ფინანსური რესურსით?

განათლება იწყება სკოლამდელი დაწესებულებიდან და ჩვენ შევალთ ყველა სოფელში, რომ ავაშენოთ საბავშო ბაღი. ასევე ვაპირებთ, ქედის 28 სკოლაში ყოველწლიურად წავახალისოთ საუკეთესო შედეგის მქონე სამი მასწავლებელი და სამი მოსწავლე. მე კარგად ვიცნობ ბიუჯეტს და ამის ყველანაირი რესურსი გააჩნია ქედას. „გამორჩეული“ მუნიციპალიტეტია ქედა ხელვაჩაურთან ერთად – ამ მუნიციპალიტეტებში ყველაზე დიდი ოდენობით იღებენ პრემიებს და დანამატებს. ამ დანაზოგით თავისუფლად შეიძლება წარმატებული პედაგოგებისა და მოსწავლეების წახალისება. ჩვენ ვაპირებთ ქედაში 10 საუკეთესო სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასაც…

მსგავსი პროგრამა აქვს აჭარის, ასევე საქართველოს განათლების სამინისტროს. თქვენ იგივე პროგრამაში რატომ უნდა დახარჯოთ ფული?

კი ბატონო, არსებობს, მაგრამ ვნახოთ, აბა, რამდენი ქედელია შიგნით. არც ერთი არ არის. მე არ ვიცი, რატომ არ არის, მაგრამ ასეა… ჩემი მთავარი მიზანია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს ქედაში. თავიდან, როცა მე გამგებელი გავხდი, ეს არ სჯეროდათ ქედელებს, მოგვიანებით დავინახე, რომ რეალური იყო ჩვენი გეგმები. ქედაში ძალიან ბევრი ძველი ციხეა და სანახაობა, რაც უნდა მოწესრიგდეს, მისასვლელი გზა უნდა გაკეთდეს და ტურისტებიც მოვლენ.

როცა გამგებელი იყავით, რატომ არ გააკეთეთ?

როგორ არ გავაკეთეთ. ჩვენ პირველებმა ჩავატარეთ თამარ მეფის ხიდების რეაბილიტაცია. იქ დღესაც მოდიან ტურისტები, ფოტოებს იღებენ… ჩვენ ტურიზმის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით.

გვითხრეს, რომ როცა გამგებელი იყავით, უცხოელი ტურისტები მხოლოდ მაშინდელი პარლამენტარის, იაშა შერვაშიძის ძმის ღვინის მარანში მიგყავდათ.

სიმართლე ისაა, რომ ვიდრე ქედის გამგებელი გავხდებოდი, ნოდარ შერვაშიძეს უკვე მოწყობილი ჰქონდა ღვინის მარანი. მერე ვაიოში, შავიშვილებმაც გააკეთეს მარანი და იქაც დამყავდა ტურისტები, ბევრი ტურისტია იქ ნამყოფი. დავდიოდით ჩვენც, გვაინტერესებდა და ტურისტებიც დაგვყავდა, რა შუაშია აქ იაშა შერვაშიძე და პროტექციონიზმი? ნოდარ შერვაშიძეს არავის პროტექციონიზმი არ სჭირდებოდა. მე, პირადად, ვთავაზობდი ოჯახებს, გზის პირას ვინც ცხოვრობენ, წამოეწყოთ ტურისტული ბიზნესი და ერთ ლარად გადავცემდით ქონებას… ახლა კი, გამგეობა მხოლოდ საკუთარი ფულის შოვნაზე ფიქრობს.

თუ ასეა, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, რატომ ვერ მიიღეთ მხარდაჭერა?

მოდელი, რომელიც იყო შემოთავაზებული, იყო ქედელებისთვის საკმაოდ მიუღებელი. ვგულისხმობ იმას, რომ ქედას, შუახევს და ხულოს ერთი მაჟორიტარი უნდა აერჩია. რაც შეეხება პარტიის მხარდაჭერას, ნამდვილად ვიცი, რომ 20-30 ლარად ყიდულობდნენ ხმებს, მაგრამ ახლა ამ არჩევნების შეფასებას არ დავიწყებ. დარწმუნებული ვარ, წელს უფრო მეტად მობილიზებული ვიქნებით და თითოეული ხმის დაცვას შევძლებთ. ახლაც ტყუილი დაპირებებით ცდილობს „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მოსყიდვას. გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებდა, ქედის გაზიფიცირება მოხდებაო. თუ ასეა, რატომ არც ერთი თეთრი არაა ჩადებული რესპუბლიკის, ან ადგილობრივ ბიუჯეტში? ჩემი გამგებლობის დროს, ქედის ბიუჯეტში იყო ჩადებული თანხა გაზიფიცირებისთვის, მაგრამ ეს თანხა უკან დააბრუნეს. მოიტანეს 26 გაზის მილი და დააწყვეს გამგეობის ეზოში, მას აქეთ იძახიან, გაზიფიცირება იწყებაო, მაგრამ სადაა თანხა, რითაც ეს გაკეთდება, მხოლოდ მილების მოტანაა საქმის გაკეთება?

თქვენი გათვლებით რა დაჯდება ქედის მოსახლეობის გაზიფიცირება და სად ნახავთ ამისთვის ფულს, თუ ქედის მერი გახდებით?

ქედის სოფლების უმრავლესობა მთავარი მაგისტრალიდან არის 3-4 კილომეტრით დაშორებული, ზოგიერთი ერთ, ორ, ან სამ კილომეტრშია ცენტრიდან. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იყო შესაძლებელი იმის გაკეთება, რომ მაგისტრალიდან სისტემა სოფლებამდე მისულიყო. 17 ლარი ჯდებოდა ერთი გრძივი მეტრი, ჩვენ მაშინ რაც დავთვალეთ. ჯამში არ ვიცი ახლა ეს ციფრი, რა დაჯდება, ასე არ დამითვლია.

სად ნახავთ ამ ფულს, რას მოაკლებთ? სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღარ არსებობს.

ბიუჯეტში შესაძლებელია ამ თანხის გამოძებნა, იგივე ის თანხა, რაც იხარჯება ტყეებში გზების გასაყვანად, რომ მერე იქედან შეშის გამოტანა იყოს შესაძლებელი.

სოფლის მეურნეობის კუთხით გაქვთ კონკრეტული ხედვა?

სოფლის მეურნეობის კუთხით დაწყებული გვქონდა სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურების ნერგების დარიგება. ეს სამინისტროს პროგრამა იყო, მაგრამ რეალური იყო და შედეგიც დათვლაც შესაძლებელია… ჩვენი ხედვით, ყველა თემში უნდა მოეწყოს აგროსაწარმო, სადაც შეიძლება პროდუქციის შესყიდვა. ეს იქნება მიბმული კონკრეტულ თემებზე და პროდუქციაზე. ვაპირებთ, ამ კუთხით მოვიზიდოთ ინვესტიციები, ამის გამოცდილება გაგვაჩნია.

რის გამო ვერ მოიზიდეთ ინვესტორები თქვენი გამგებლობის დროს?

როგორ ვერ მოვიზიდეთ, ჩვენ ჩამოვიყვანეთ, მაგალითად, თურქი ბიზნესმენები, რომელსაც წაბლის გადამამუშავებელი საწარმო უნდა მოეწყოთ. რამდენიმე დღის განმავლობაში ახლანდელი გამგებელი არ შეხვდა ამ ადამიანებს და, საბოლოოდ, აბსურდული მიზეზით ჩაიშალა პროექტი… ჩემი გამგებლობის პერიოდში რომელიმე აგროსაწარმო არ მოწყობილა, მაგრამ ბევრი რამ გაკეთდა, მოსახლეობას  პროდუქციის მოყვანისა და მისი რეალიზების საშუალება რომ ჰქონოდა.

გვახსოვს კადრები, როგორ გადაყარა რამდენიმე გლეხმა ვაშლი 2012 წელს, დაბალი ფასის გამო.

მსგავს რამეს ვერ გამახსენებთ. იქ იყო კერძო ინვესტიციებზე საუბარი, ვიღაცას უნდოდა იაფად ვაშლის შეძენა და ფასთან დაკავშირებით იყო პრეტენზია, თორემ ვაშლი არ გადაუყრიათ…

ფაქტია, რომ თქვენი გამგებლობის დროს, სოფლის მეურნების დაფინანსების გრაფა ცარიელი იყო…

ცალკე აღებული მუნიციპალური პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არ გვქონია, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებდა სხვადასხვა პროგრამას. ჩემი ვალდებულება არ იყო, რომელიმე ნერგის დარგვა, მოყვანა და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა დავლაპარაკებოდით მოსახლეობას და რაც იყო მოთხოვნა, ეს საკითხი მიგვეტანა სამინისტრომდე. რა საშუალებასაც მომცემს ბიუჯეტი, იმის მიხედვით დავგეგმავთ ამჯერად, უნდა იყოს თუ არა სოფლის მეურნეობის კუთხით პროგრამა. რომ ამირჩევს მოსახლეობა და მერი გავხდები, აუცილებლად გავაკეთებ, შევხდები მოსახლეობას და იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას.

რა გარანტია აქვს ამომრჩეველს, რომ სოფლის მეურნეობის გრაფას ისევ ცარიელს არ დატოვებთ?

მე ნამდვილად ვპირდები მოსახლეობას, რომ რასაც ვპირდები, შევასრულებ. იმას ვერ ვიტყვი, რაც არარეალურია და რის განხორციელებაც არ შეიძლება.

საბავშვო ბაღებზე მინდა გკითხოთ. თქვენი გამგებლობის დროს რამდენიმე სოფელში მოეწყო საბავშო ბაღი. იყო კრიტიკა, რომ ბაღები ძალიან ვიწრო შენობებში მოათავსეთ და ასევე შეუსაბამოდ ბევრი ადამიანი დაასაქმეთ იქ. 

სამწუხაროა, რომ დღეს ასე ისმება ეს შეკითხვა. ეტყობა, არ გაქვთ ინფორმაცია იმ ბაღებზე, რაც ჩვენ ავაშენეთ. ჩვენ რეალურად რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ბაღებს, რაც ადრე ფუნქციონირებდა. ზოგიერთი მათგანი იმაზე უკეთესიც კია, ვიდრე ქალაქში აშენებული. ყველა ეს ბაღი დღემდე მუშაობს და არც ერთს პრობლემა არ აქვს, რემონტიც არ გაფუჭებულა.

მაგალითად, სოფელ ზუნდაგაში ხელახლა აპირებენ საბავშო ბაღის აშენებას იმ მიზეზით, რომ ბაღში ბავშვები ვერ თავსდებიან…

იმ პერიოდში, როცა ზუნდაგაში ეს ბაღი აშენდა, სრულიად საკმარისი იყო – იქ დაახლოებით 30 ბავშვი იყო სულ, როგორც მახსოვს. ზუნდაგაში სხვა ამბავია. მაგათ უნდათ, რომ მეზობელ სოფელში – აწჰესში საბავშვო ბაღი გააფართოვონ და ამ ბაღის შენობა სხვას დაუთმონ. ჯერ დაზუსტებული არ მაქვს ეს ამბავი, მაგრამ მალე გახდება ცნობილი.

თქვენი გამგებლობის დროს რამდენიმე სოფელში ელექტრო წისქვილი მოეწყო, რომელიც დღემდე არ მუშაობს…  

ეს წისქვილები ჩაბარდა ქედის გამგეობას 2012 წლის შემოდგომაზე. მაინტერესებს, 5 წლის შემდეგ რატომ არ ფუნქციონირებს? გასაგებია, რომ ცალკე კვების ბლოკი სჭირდებოდა, მაგრამ ხომ შესაძლებელი იყო ამის გაკეთება? ეს წისქვილები მოეწყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის არჩევანი იყო ეს. წისქვილების მოწყობა არ იყო ჩემი გადაწყვეტილება. მე საერთოდ წინააღმდეგი ვიყავი ამდენი წისქვილის მოწყობის, რადგან ამდენი სიმინდი არაა ქედაში…

საშეშეების მასობრივ დანგრევასაც გსაყვედურობენ ქედელები…

აქ იყო საუბარი ავტოფარეხებზე, მათზე მიბმულ საქათმეებზე და უამრავ შენობაზე, რაც იყო ქედის ცენტრში. ჩვენს მოსვლამდე ქედაში არც ერთი ასფალტირებული ქუჩა არ იყო. როცა დავიწყეთ ასფალტირება, ამას მოყვა დემონტაჟი ავტოფარეხებისა და საშეშეების. ჩვენ შემდეგ რამდენიმე ახალი კორპუსი ავაშენეთ, რაც უნდა გაეგრძელებინათ პატივცემულებს…

თქვენი ძმა ბაქარ ბარამიძე თქვენი გამგებლობის დროს იყოს ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი, თქვენი ბიძაშვილი – რაულ ბარამიძე კი ქედის პოლიციის უფროსი. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტები შეიცავს თუ არა ნეპოტიზმის ნიშნებს?

ვინც ეს გითხრათ, იმას თავის ტვინში შეიძლება ჰქონდეს ნეპოტიზმი. ბაქარი ჩემი ძმაა, მაგრამ ის დაინიშნა 2005 წელს, როცა მე ქედის გამგებელი არ ვიყავი და ფიზიკურადაც არ ვიყავი აქეთ. მე დავინიშნე გამგებლად 2009 წელს. რა უნდა მექნა, მიმეწერა იმდროინდელი ხელმძღვანელობისთვის, გაათავისუფლეთ ჩემი ძმა-მეთქი? რაც შეეხება რაულ ბარამიძეს, ის ჩემი ნათესავია, მამაჩემის ბაბუა და რაულის ბაბუა ძმები იყვნენ. რა ვქნათ ახლა, გვარებს ხომ არ გადავეკიდებით? თან ყველამ იცის, რომ პოლიციის უფროსს გამგებელი არ ნიშნავს.

თქვენი ძმა – ბაქარ ბარამიძე მუნიციპალური შპს „ბეთლემის“ დირექტორად გადაიყვანეთ, სადაც მას, სხვა მუნიციპალური შპს-ს დირექტორებისგან განსხვავებით, ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდა.

მე არ დამინიშნავს, საკრებულოს თავმჯდომარემ დანიშნა 2011 წლის ბოლოს. საერთოდ მუნიციპალური შპს-ების დირექტორებს საკრებულოს თავმჯდომარე ნიშნავდა მაგ დროს. თავს კი არ ვიმართლებ, მაგრამ მაგ დროს გუნდი მეორე ლიგიდან პირველ ლიგაში გადავიდა. ყველაზე მაღალი ხელფასი არ ვიცი, არა მგონია კატასტროფული ხელფასი ყოფილიყო. თითქმის თანაბარი იყო ყველა დირექტორის ხელფასი, ვინც მუნიციპალურ შპს-ს ხელმძღვანელობდა, შესაძლოა, 100-200 ლარი ყოფილიყო სხვაობა.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: