ხანძარი მთაში – რატომ ვერ ხერხდება სახლების გადარჩენა

2017 წლის იანვრიდან დღემდე აჭარის მთის სოფლებში ხანძრის ყველა  შემთხვევა სახლის დაწვით დასრულდა. ცხრა თვის განმავლობაში ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 11 სახლი დაიწვა ხანძრის შედეგად.

სტატისტიკური მონაცემებით, წელს სახლის დაწვის ყველაზე მეტი, ხუთი შემთხვევა, ხულოს მუნიციპალიტეტში მოხდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლები სოფლებში: თხილვანაში, რაგვთაში, დიოკნისში, პაქსაძეებსა და ვაშლოვანში დაიწვა. აქედან ოთხი ხის სახლი იყო, ერთი კი კაპიტალური შენობა.

კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება საცხოვრებელი სახლების გადარჩენა და ცეცხლის დროული ლიკვიდაცია, მაშინ როდესაც შსს სასწრაფო-სამაშველო სამსახურს აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ადგილზე ჰყავს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ხულოს გამგეობაში პასუხობენ, რომ აჭარის მთაში ძირითადად ხის სახლებია, რომელსაც ცეცხლი სწრაფად ედება, სოფლები კი მუნიციპალურ ცენტრს ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული, რის გამოც სახანძრო ადგილზე მისვლას ვერ ასწრებს.

„ხულოში ძირითადად ხის სახლებია. ყველაზე ახალი სახლი, რომელიც ბოლო დროსაა აშენებული, მინიმუმ 10 წლისაა. სახლები გამომხმარია, ნებისმიერი ასეთი სახლი ცეცხლის გაჩენიდან მაქსიმუმ 35 წუთში მთლიანად დაიწვება. მაგალითად, ხიხაძირში, რომელიც მუნიციპალურ ცენტრს 40 კილომეტრით დაშორებულია, ხანძარი რომ გაჩნდეს, ავტომობილს მისვლამდე მინიმუმ 40 წუთი დასჭირდება, რეალურად შეუძლებელია სახლის გადარჩენა, შესაბამისად მუშაობა იმ კუთხით მიმდინარეობს, რომ გვერდით საცხოვრებელ სახლებზე არ გადავიდეს ცეცხლი“ – ამბობს ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.

გამგებლის ინფორმაციით, ხულოს სახანძრო სამსახურს ამ დროისთვის სამი ავტომობილი ჰყავს, მათგან ერთი 2014 წელსაა შეძენილი, ხოლო დანარჩენი ორი კი დაახლოებით 17 წელია სარგებლობაშია.

„რა თქმა უნდა გასაუმჯობესებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ ეს მეხანძრეების ბრალია. პირიქით, ბოლო დროს გაჩენილმა ხანძრებმა მათი გმირობა გვიჩვენეს, ცეცხლის დროული ლიკვიდაცია რეალურად შეუძლებელია“ – ამბობს გამგებელი.

შუახევში იანვრიდან დღემდე ოთხი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.  გოგინაურში, ბარათაულში, კვიახიძეებსა და ნიგაზეულში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლები მთლიანად განადგურდა. ოთხიდან სამი ხის სახლი იყო, ერთი – კაპიტალური, ბოლო ხანძარი აქ, სოფელ გოგინაურში, 6 სექტემბერს გაჩნდა.

შუახევის გამგებელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული სახანძრო ტექნიკა გამართულია:

„204 000 ლარად ახალი სახანძრო მანქანა შევიძინეთ. ძირითადად ხანძრის დროს ისე ხდება, რომ როდესაც სახანძრო ბრიგადა მიდის გამოძახების ადგილზე და ხედავს სახლის გადარჩენის შანსი არ არის, მობილიზება ხდება იმაზე, რომ ცეცხლი გვერდით ნაგებობაზე არ გადავიდეს“ – ამბობს შუახევის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი