მთავარი,სიახლეები

რა შეიცვალა ენმ-დან ევროპულ საქართველოში გადასვლით – მერობის კანდიდატის ხედვები

05.10.2017 • 2149
რა შეიცვალა ენმ-დან ევროპულ საქართველოში გადასვლით – მერობის კანდიდატის ხედვები

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფის შემდეგ პეტრე ზამბახიძე პარტიიდან წასულებს, უგულავა-ბოკერიას ფლანგს შეუერთდა. მათ საკუთარი პარტია – „ევროპული საქართველო“ შექმნეს.

პარტია, რომელთანაც წლების მანძილზე ურთიერთობა აკავშირებდა, მისივე განმარტებით,  რიგ საკითხებთან მიმართებაში „განსხვავებული პოზიციების გამო“ დატოვა. 2012 წლამდე პეტრე ზამბახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით სამი მოწვევის უმაღლესი წევრი იყო. ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოშიც ის ამ პარტიის კვოტით მოხვდა. 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე  პეტრე ზამბახიძე „ევროპული საქართველოს“  ბათუმის მერობის კანდიდატია, ყოფილი თავისი პარტიიდან მას ლევან ანთაძე  უწევს კონკურენციას.

ბატონო პეტრე, რატომ უნდა ავირჩიოთ ევროპული საქართველო, ამ პარტიის ლიდერებმა ხომ იგივე გზა გაიარეს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა?

ჩვენი გაერთიანება ევროპული ღირებულებების პოლიტიკური გაერთიანებაა, რომლის ძირითადი მიზანია პროფესიონალები მოვიდნენ თვითმმართველობაში მაღალ თანამდებობებზე. მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ  პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია. ჩვენი მთავარი მესიჯია აღმოვფხვრათ კორუფცია ბათუმის მერიაში და პროფესიონალებს მიეცეთ საქმის კეთების საშუალება. ჩვენი გეგმა და შეთავაზება არის რეალისტური და არასდროს  დავემსგავსებით დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც უამრავი დაპირება მისცა საზოგადოებას, მაგრამ ძირითადი მათგანი არ შეასრულა.

თქვენი მთავარი დაპირება რა არის?

ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმ ნაწილში, სადაც არც ერთ დროს არ მომხდარა განვითარება და გზების კეთილმოწყობა, ისევე როგორც ქუჩების და ეზოების მოწყობა და რეაბილიტაცია. ჩვენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ასევე, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაკეთდეს გონიოსთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის ზრდაში, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ბულვარის გაგრძელებამ თავის დროზე საზოგადოებას დაანახა, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ამ მზარდი პოტენციალის გამოყენება იქნება  ბულვარის გაგრძელება კვარიათამდე, გონიოს ყოფილი პოლიგონის გამოყენებას ვგეგმავთ საინვესტიციოდ. თვითმმართველობის ბიუჯეტი მოიზიდავს ინვესტიციებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და ცოტათი მაინც გააუმჯობესებს პირობებს იქ დასაქმებული ადამიანებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი პროექტი არის სპორტული მოედნებისა და სტადიონების რეაბილიტაცია. ასევე, მთავარი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს, არის ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომლებიც  გაუსაძლის პირობებში, ე.წ „მუყაოს ქალაქში“ ცხოვრობენ.  ჩვენ მათ შევთავაზებთ დახმარებას ბიუჯეტიდან. ბიუჯეტი  ბათუმის მუნიციპალიტეტში არის ძალიან მაღალი, უბრალოდ ეფექტურად არ იხარჯება და, ძირითადად, ფუფუნებისთვის, ცალკეული ისეთი ღონისძიებების მოწყობაზეა მიმართული, რაც სიცილსაც კი იწვევდა. პირველ ეტაპზე  ავაშენებთ სოციალურ სახლებს  იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უმძიმესი პირობები აქვთ. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთრება გაფორმებული არა აქვთ და ბევრი სხვა პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ცვლილება საპენსიო ზრდის თვალსაზრისით.  ჩვენ ბიუჯეტიდან შევძლებთ ბათუმში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, დავაწესოთ პენსიაზე თვითმმართველობის დანამატი.

მაინც რა ოდენობის დანამატზე საუბრობთ?

50 ლარის დანამატზე ბათუმში მცხოვრები პენსიონერებისთვის,  ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი.

დათვლილი გაქვთ ამ ყველაფერს რა თანხა სჭირდება და რამდენად რეალურია ეს?

ჩვენ ზუსტად ვიცით ის პროგრამები და ყველა პარამეტრი, რაც აუცილებელია ასეთი ტიპის ხარჯების დაფინანსებისთვის.  სამწუხაროდ, ამას არ ანგარიშობს და არ ითვლის არც ერთი სხვა პოლიტიკური გაერთიანება, მით უმეტეს ხელისუფლება. შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ დღეს აჭარაში და ბათუმში დარჩენილი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია და ეს ხარჯები იქნება დაფინანსებადი.

მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ბათუმის ბიუჯეტის სამოცდაათი პროცენტი ნაშთის სახით რჩება აჭარის ბიუჯეტში. ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით აბსოლუტურად შესაძლებელია იმ პრობლემების მოგვარება, რაც მოსახლეობას აქვს. ვგეგმავთ ხელფასების ზრდას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ თვითმმართველობის დაბალ საფეხურზე, რომლებიც დასაქმებულები არიან განათლების, ხელოვნებისა და ასეთი ტიპის დაწესებულებებში. ესენი არიან ბაღის მასწავლებლები და შემოქმედებითი მუშაკები, სპორტის მესვეურები და ავტობუსების გამცილებლები, მეეზოვეები… მეეზოვეებს უწევთ უმძიმეს პირობებში მუშაობა – სიცხეში და სიცივეში, მაგრამ მათი ანაზღაურება მერყეობს 250-ლარიდან 500 ლარამდე. ამ ადამიანების მხარდაჭერა არის უპირველესი საზრუნავი თვითმმართველობისთვის. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ საზოგადოების ჩართულობითა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციით შევძლებთ ასეთი ტიპის პრობლემების უფრო მეტად გამოკვეთას, მიზნობრივ ჯგუფებამდე მიტანას და მათი პირობების გაუმჯობესებას.

ასევე მნიშვნელოვანია ღია მმართველობა, რასაც ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას. ქალაქის მერი არ იქნება კაბინეტში ჩაკეტილი და არც მხოლოდ ძვირადღირებული ღონისძიებების სტუმარ-მასპინძელი. ქალაქის მერი იქნება თითოეულ  უბანში, ქუჩაში და ყოველდღიურად. ქალაქის მერის მობილურის ნომერი ექნება ყველას.

ანუ მერობის შემთხვევაში ყველა ზარს უპასუხებთ, ამას ჰპირდებით ამომრჩეველს?

რა თქმა უნდა, თორმეტი წელია ეს ნომერი მაქვს, თუმცა ხანდახან ტელეფონი ითიშება. მინდა გითხრათ ასევე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ახალგაზრდული პროექტი, რომელიც ჩვენს ქალაქს, ჩვენს თვითმმართველობას აუცილებლად სჭირდება. ჩვენს მიზნებშია ასევე გარემოს ადაპტირება და უსინათლოების უფლებების დაცვა.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ განვითარების პირობებში საჭიროა როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე სახანძროს ახალი კერები. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვფიქრობთ გავიზიაროთ ის პრაქტიკა, რაც არის ევროპის ქვეყნებში. მუნიციპალური ბიუჯეტიდან შევისყიდით სატრანსპორტო საშუალებებს, პირველ რიგში საჭიროა კიბე, რომელიც მრავალსართულიანი მშენებლობის პირობებში ქალაქს უნდა გააჩნდეს. საჭიროა ხანძრის ჩაქრობის ეფექტური საშუალებები. სამწუხაროდ, ეს პარკი არ არის განახლებული, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია ავტობუსების პარკის განახლება. ამ ყველაფერს  მოქმედი ხელისუფლებაც დაჰპირდა მოსახლეობას, მაგრამ არ შეუსრულა.

და თქვნ შეასრულეთ, როცა ხელისუფლებაში იყავით?

მანამდე? – არასწორია. ეს არის ოთხწლიანი გეგმა. თუ თქვენ რეალურად გადაავლებთ თვალს, რაც გაკეთდა, შეგიძლიათ შეადაროთ იმ განვითარებას, ან შეჩერებას, რაც ამ ბოლო  სამი წლის განმავლობაში იყო. ნებისმიერი სამი წელი შეადარეთ მანამდელ სამ წელს. რაც ადრე არ გაკეთდა, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მე გეუბნებით რეალურ ოთხწლიან გეგმაზე, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაშიც შეიძლება ყველაფერი ვერ გაკეთდეს. ერთხელ გაკეთდეს და დამთავრდეს – ასეთი რამე არ ხდება, ქალაქი ცოცხალი მექანიზმია.

ქალაქში მნიშვნელოვან პრობლემაა დაუგეგმავი მშენებლობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ამ მხრივ მაშინაც იყო პრობლემები, როცა თქვენ  მმართველ პარტიაში იყავით… 

მომეცით უფლება ვთქვა, რომ ამ პერიოდში თუნდაც ორ და სამსართულიან ძველ სახლებს ზემოდან აშენებენ, ამორტიზებულ სახლებს თუნდაც გამაგრების პირობებში. ეს არის  მიუღებელი. ეს ცვლის გარემოს და პარკირების პრობლემა ასეთ დროს კიდევ უფრო მწვავე ხდება. ჩვენ გეგმაში გვაქვს ქალაქის განვითარების გეგმის მომზადება და მისი დამტკიცება. ოღონდ k2 კოეფიციენტის ცვლილება მეგობრობით და ნაცნობობით არ უნდა ხდებოდეს, არამედ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. უნდა იყოს ერთიანი წესი ყველასთვის.  მათ შორის იმ ადამიანების ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც ინვესტორის მოლოდინში არიან, მაგრამ ქალაქის განვითარება, ინვესტორები და გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ადამიანები – ეს კომპონენტები ერთიანობაში უნდა განვიხილოთ. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ძველ ბათუმში მაღალსართულიანი სახლები არ უნდა შენდებოდეს.

იმ ძეგლებზე რას იტყვით, რომელებიც არ არის სახელმწიფოს საკუთრებაში და დანგრევის პირასაა?

მათზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ – თვითმმართველობამ სხვადასხვა პროექტით უნდა მოაწესრიგოს ისე, რომ ეს სახლები საცხოვრებლად იყოს ნორმალური. ეს იმ შემთხვევაში, როცა იქ ინვესტორის ინტერესი ნაკლებია.

თუ შეიძლება დააზუსტეთ – ამ დრომდე და წინა ხელისუფლებაშიც ინვესტიციის შემოსვლა კულტურული მემკვიდრეობის ხარჯზე არასწორი იყო? 

რა თქმა უნდა. ამას ადრეც ვამბობდი, არ მომწონდა. ვფიქრობ, ჩვენ ინვესტიციების შემოსვლასაც ხელს შევუწყობთ და განვავითარებთ ბათუმს იმ ნაწილში, სადაც მართლა საჭიროებს განვითარებას.

მშენებლობები ისევ ისე უნდა გაგრძელდეს ქალაქში, თუ შეცვლით რამეს?

ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ ამ განვითარებამ არ უნდა შექმნას განუვითარებლობის შთაბეჭდილება. არ უნდა შეიქმნას ქალაქში ჰაერისა და მზის სხივების მოძრაობის პრობლემა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: