მთავარი,სიახლეები

ნინო რევიშვილი: განათლებაში რომ ხვალ შედეგი გვქონდეს, დღეს უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ

05.10.2017 • 3202
ნინო რევიშვილი: განათლებაში რომ ხვალ შედეგი გვქონდეს, დღეს უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ

საქართველო „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე საერთაშორისო კონფერენციას პირველად მასპინძლობს. კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს რომელსაც 250-მდე უცხოელი, განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი და განათლების საკითხზე მომუშავე ექსპერტი ესწრება.

კონფერენციის თემაა  „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“. კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ იმაზე, თუ რა ახალი და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ განათლებაში დაცული იყოს სოციალური თანასწორობა. „ბათუმელები“ ამ თემაზე კონფერენციაში მონაწილე განათლების ქართველ და უცხოელ ექსპერტებს ესაუბრა.

ნინო რევიშვილი,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორი ამბობს, რომ  საქართველოში სოციალური უთანასწორობის პრობლემა ძალიან დიდია და ამას გვაჩვენებს მისაღები გამოცდების შედეგებიც.

„გვაქვს მონაცემები იმის მიხედვით, თუ როგორი სკოლის როგორი ბავშვები აბარებენ გამოცდებს და სად აბარებენ. გამოცდებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს ასევე საგანმანათლებლო შეფასებების ათწლიანი გამოცდილება, რაც გვაჩვენებს რომ ძალიან დიდი განსხვავებაა მაგალითად სოფლისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეებს შორის და ესეც სწორედ რესურსების უთანასწორო განაწილებაზე მეტყველებს“ – გვეუბნება ის.

ნინო რევიშვილი. ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე.

ნინო რევიშვილი. ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე.

მისი თქმით, საერთაშორისო მონაცემები და შეფასებები უნდა გამოვიყენოთ განათლების პოლიტიკის ფორმირებისთვის და ინფორმაცია მივაწოდოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, თუ რა არის არსებითი და ძირითადი რისკები და როგორ შეიძლება ამ რისკების შემცირება.

„ერთ-ერთი რისკი კი არის სოციალური უთანასწორობა. ამიტომ, უნდა გაანალიზდეს ისიც, თუ რატომ ვერ მიდის პროფესიონალი მასწავლებელი ქალაქის ან სოფლის სკოლაში, აქ მართვის და სისტემური ხარვეზი იკვეთება, მაგრამ ქალაქის სკოლაში უფრო არის მეტი შესაძლებლობა პროფესიონალის მიწვევის, სოფელში კი ნაკლებად.

დღეს არის სხვადასხვა პროგრამა იმისთვის, რომ უფრო მეტი ანაზღაურებით მიიზიდონ პროფესიონალები სოფლის სკოლებში, მაგრამ ეს სურათს ვერ ცვლის, იმიტომ, რომ მსურველი ძალიან ცოტაა. არის სკოლები, სადაც  მასწავლებელთა ჭარბი რაოდენობაა, სოფლებში კი არის სკოლები, სადაც პედაგოგების უკიდურესად მცირე რაოდენობაა. ეს ბალანსი უნდა დავიცვათ“.

ნინო რევიშვილის თქმით,  დღეს ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ არ ხდება შეფასება, რამდენად ერთნაირად სჭირდება ყველა სკოლას დახმარება. მისი აზრით, პირველ ეტაპზე, შეზღუდული რესურსების პირობებში, ეს დახმარება მთლიანად უნდა წავიდეს ისეთ სკოლებში, სადაც რეალურად სჭირდებათ დახმარება.

„სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა გახდეს ის, რომ დაეხმაროს სოფლის სკოლებს.  ეს უნდა გამოიხატოს უპირველეს ყოვლისა რესურსების განაწილებაში. ადგილობრივი მასწავლებლების გაძლიერებაში. იმისათვის რომ განათლებაში შედეგი გვქონდეს ხვალ, დღეს უნდა არსებობდეს იმის პოლიტიკა, რა უნდა გავაკეთოთ“. ექსპერტის აზრით, დეკლარირებულ დონეზე ეს პოლიტიკა თითქოს არსებობს, თუმცა შემდეგ, ძალიან ბევრი მიზეზი ჩნდება, რაც პროცესში ცვლილებას იწვევს.

„ერთ-ერთი მიზეზი არის პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის ძალიან არასტაბილური საფუძველი. ძალიან სწრაფად იცვლება კონტექსტი, რომელშიც უნდა მიიღო გადაწყვეტილებები. მემკვიდრეობითობის განცდა გვაქვს ძალიან სუსტი.

ყველა გადაწყვეტილებას აქვთ თავისი სოციალური და პოლიტიკური ფასი, სავარაუდოდ ეს კონტექსტი განაპირობებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ალბათ ამ ფასს ვიხდით“ – გვეუბნება ნინო რევიშვილი. მისი თქმით, ფინეთის წარმატების ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ ქვეყანაში არის შექმნილი სოციალური თანასწორობის ფონი:

„სოციალურ თანასწორობას კი ამ ქვეყანამ მიაღწია იმით, რომ ჰქონდათ ძლიერი პოლიტიკური ნება, მდგრადი სისტემური პოზიცია და რესურსები ნაწილდებოდა იმის მიხედვით, სად იყო ამის საჭიროება ყველაზე მეტად“.

ჯო-ანნე ბაირდი

ჯო-ანნე ბაირდი

განათლების დეპარტამენტის დირექტორი ოქსფორდის უნივერსიტეტში, ჯო-ანნე ბაირდი  „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საგანმანათლებლო ორგანიზაციები საზოგადოებაში უფრო მეტ ნდობას იმსახურებენ, ვიდრე პოლიტიკოსები, რადგან ისინი უფრო დიდხანს არსებობენ, ვიდრე პოლიტიკოსები.

„ამიტომ, იმისთვის რომ განათლების სისტემა სამართლიანი იყოს, ყველა ტიპის მოსწავლე უნდა იყოს ჩართული და ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ხარისხიანი განათლების მიღების“ – ამბობს ის.

სამართლიანობის მიღწევა კი როგორც ჯო-ანნე ბაირდი ამბობს, ბევრ ქვეყანაში წარმოადგენს პრობლემას. „საუნივერსიტეტო განათლება უფრო მეტად ელიტებისთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ  ასეთი დაშვების შემთხვევაშიც კი სახელმწიფომ სოციალურად უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ ადამიანებს უნდა მისცე მეტი დრო და დასაქმების შესაძლებლობა.“

ჯო-ანნე ბაირდს  ქართული საგანმანათლებლო სისტემის შეფასებაც ვთხოვეთ. მისი თქმით, საქართველოშიც არსებობს ამ მიმართულებით პრობლემები. თუმცა მისი აზრით, ამინდს არ ქმნის განათლების სისტემა, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები: „ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ უნივერსიტეტები ,რომ ბაზრის შესაბამისი სპეციალისტები გამოუშვან, მაგრამ თუ არ არსებობს სამუშაო ბაზარი,  მაშინ განათლება ვერაფერს ვერ იზამს“ – ამბობს ის.

განათლების ექსპერტი სტივენ ბაკკერი კი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციებმა და მკვლევარებმა უნდა გააცნობიერონ, რა რესურსები აქვთ სკოლებს, რა განსხვავებები არსებობს მოსწავლეებს შორის და უნდა გაითვალისწინონ  – „ის, რომ ჩვენ ერთნაირი ტესტი გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას მოსწავლეს ჰქონდა ერთნაირი შესაძლებლობა მომზადებისთვის“.

სტივენ ბაკკერი

სტივენ ბაკკერი

სტივენ ბაკკერის აზრით, საქართველოს გარკვეული ნაბიჯი გადადგა განათლების შეფასების მიმართულებით, თუმცა „ყველაფერს კრიტიკული თვალით უნდა უყურებდე, რომ გააუმჯობესო ცოდნის დონე. ამისთვის კი კიდევ ბევრია გასაკეთებელი“ – ამბობს ის.

„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია“ საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც 1975 წელს დაარსდა. ორგანიზაციაში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: