სიახლეები

ყველაფერი ერთ სივრცეში ორსულების, მშობიარეებისა და ახალშობილებისთვის

05.10.2017 • 9562
ყველაფერი ერთ სივრცეში ორსულების, მშობიარეებისა და ახალშობილებისთვის

რატომ არის ბათუმის საერთაშორისო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საუკეთესო არჩევანი ორსულთა და მეძუძური დედებისთვის? მედიცინის დოქტორი ლევან ქორიძე, ჰოსპიტლის პერინატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობს, რა სერვისებს სთავაზობს ჰოსპიტალი პაციენტებს.

IMG_6851

ლევან ქორიძე

ბატონო ლევან, რა სამედიცინო სერვისებს სთავაზობს მეან-გინეკოლოგიაში საერთაშორისო ჰოსპიტალი პაციენტებს?

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პერინატალური დეპარტამენტი სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს პაციენტებს.

ორსულობის მეთვალყურეობა თანამედროვე ტიპის ქალთა კონსულტაციაში ხდება, სადაც ორსულთა პატრონაჟი ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით. გათვალისწინებულია 4 უფასო ვიზიტი შესაბამისი გამოკვლევებით. მომავალ დედებს კონსულტაციებს უწევენ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტები: ნონა ჩიკვაიძე, ქეთევან გვარიშვილი, მზია ხალვაში და ნინო თავდგირიძე.

წარმოდგენილია ამბულატორიული გინეკოლოგია. ჰოსპიტალში ნებისმიერი გინეკოლოგიური პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა და მაღალკვალიფიციური მკურნალობაა შესაძლებელი. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (კოლპოსკოპია, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევებით შესაძლებელია დიაგნოზის შემჭიდროვებულ ვადებში დადგენა.

წარმატებით მუშაობს ქირურგიული გინეკოლოგია. უახლესი აპარატურით ტარდება ურთულესი ლაპარასკოპიული ოპერაციები.

ონკოგინეკოლოგია ერთ-ერთი წარმატებული მიმართულებაა ჩვენს ჰოსპიტალში. IUHB-ში არაერთი რთული და მასშტაბური ოპერაციები გაკეთდა ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ.

ჰოსპიტალში ორსულობასთან დაკავშირებული ყველა სახის პათოლოგიური შემთხვევების მართვა წარმოებს. განყოფილებაში ხდება მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის პროგნოზირება, პრევენცია, მართვა; ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობის დროს ორსულობისა და მშობიარობის მართვა. ფუნქციონირებს ობსერვაციული პალატაც, სადაც საჭიროების შემთხვევაში იზოლირებულ პირობებში მიმდინარეობს როგორც ორსულების, ისე მშობიარობის მართვაც.

სამეანო ბლოკში მომავალ დედებს ჩვენ მშობიარობას ინდივიდუალურ სამშობიარო პალატაში ვთავაზობთ. საკეისრო კვეთა შესაძლებელია ზოგადი ენდოტრაქეალური ან ეპიდურული ანესთეზიით.

ჩვენი ჰოსპიტლის ნეონატალოგიის განყოფილება, რომელსაც ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგი ლელა გობაძე ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით. განყოფილებაში შექმნილია კომფორტული გარემო დედისა და ახალშობილისათვის. იგი აღჭურვილია თანამედროვე მართვითი სუნთქვის აპარატებით, კუვეზებით, ახალშობილის მონიტორინგისათვის საჭირო აპარატურით, ინფუზომატებით, მონიტორებით, ფოტოთერაპიის აპარატებით, ინვაზიური მანიპულაციებისათვის აუცილებელი ხელსაწყოებით. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ინფექციის კონტროლს.

წელს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა სახელმწიფოსგან მიიღო პერინატალური მომსახურების მესამე, ანუ ყველაზე მაღალი დონის სერტიფიკატი. ასეთი შეფასება მიიღო მხოლოდ ორმა კლინიკამ აჭარაში და თქვენი ჰოსპიტალი ერთ-ერთია. პაციენტებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რას ნიშნავს მესამე დონე? რის გარანტიას აძლევს ეს პაციენტს?

დიახ, ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიყავით რეგიონში, ვისაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პერინატალური მომსახურების მესამე დონე მიანიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალში ყველა პირობა არსებობს ორსულთა, მშობიარეთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მძიმე და უკიდურესად მძიმე შემთხვევების მართვისთვის. ამისათვის ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილება იყო აუცილებელი, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიული სერვისის სიმძლავრე და მოცულობა, სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი და რაოდენობა. როგორც მომავალი დედებისთვის, ისე მშობიარეებისა და ახალშობილებისთვის გვყავს ყველა პროფილის ექიმი, ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს სრულყოფილი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, გვაქვს დიალიზის აპარატი.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ერთ სივრცეშია მოქცეული ყველა საჭირო რგოლი როგორც ორსულებისა და მშობიარეებისათვის, ისე ახალშობილის მკურნალობისთვის. ჩვენ არ გვეკარგება დრო პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანაში. ყველა მოსალოდნელ გართულებულ მშობიარობას ესწრება ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგთა გუნდი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი რამდენიმე წამში გადაგვყავს რეანიმაციის განყოფილებაში, სითბური ჯაჭვის წყვეტის გარეშე, არ იკარგება პირველი „ოქროს“ წუთები, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შემდგომი მკურნალობის ეფექტურობა. ყოველივე ეს კი პაციენტის გადარჩენის გარანტიას იძლევა.

გახსნიდან დღემდე ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში 210 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჩვენ გვყავდა დღენაკლული პატარები, რომლებიც დაიბადნენ 700 გრამი, 900 გრამი, შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებით. მათზე თვეების განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგები, უდიდეს შრომას, ემოციებს დებენ მათ გადარჩენაში. ყველასათვის უდიდესი ბედნიერებაა, როცა პატარები უკვე გამოჯანმრთელებული ტოვებენ სტაციონარს და უკვე მშობლებს ეძლევათ დამოუკიდებლად ზრუნვის საშუალება. უნდა აღინიშნოს, რომ დღენაკლული პატარები რეანიმაციიდან გაწერის შემდეგაც იმყოფებიან ჩვენი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ.

0G3A4170

საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩაერთო პროგრამაში, რომელიც ახალშობილთა გულის პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას გულისხმობს. როგორ მუშაობს ეს პროგრამა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ამოქმედება?

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად გულის თანდაყოლილი მანკით საშუალოდ 500 ბავშვი იბადება. მათი 40% გულის არსებული პრობლემის გამო სიცოცხლის პირველივე დღეებში იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში, 70% კი საჭიროებს მანკის მკურნალობას სიცოცხლის პირველ წელს. აქედან გამომდინარე, დროულ დიაგნისტიკას ამ პატარების მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ წელს ოფიციალურად ჩავერთეთ პროგრამაში, რომელიც გულის თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენას ითვალისწინებს, თუმცა ამ მხრივ ახალშობილების სკრინინგი ჰოსპიტალში გახსნის დღიდან წარმოებდა. გარდა ამისა, ჩვენს ჰოსპიტალში ხდება ახალშობილთა ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზისა და მუკოვისციდოზის სკრინინგი, რაც განკურნებადი მეტაბოლური დარღვევების ადეკვატური მართვის საშუალებას იძლევა; ასევე სმენითი პრობლემების სკრინინგი.

ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ ჩვენთან პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, ხოლო მედიკოსებს აქვთ პროფესიული შესაძლებლობების სრული რეალიზაციისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობა.

მომავალი დედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც მათ უწევთ ყოფნა. რამდენად კომფორტული და მათ მოთხოვნებზე მორგებულია გარემო თქვენს განყოფილებაში?

სახლის პირობებთან მიახლოებული, ოჯახზე ორიენტირებული სამშობიარო გვაქვს და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ქალი მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ ბლოკ-პალატაში ახლობელ ადამიანთან ერთად იმყოფება, რაც სტრესული მდგომარეობის დაძლევაში ეხმარება, მუდმივადაა ექიმისა და ბებიაქალის მეთვალყურეობის ქვეშ. სურვილის მიხედვით შესაძლებელია მეუღლის დასწრება მშობიარობაზე. დანერგილი გვაქვს კანი/კანთან კონტაქტი (საკეისრო კვეთის შემთხვევაში მამასთან). დიდი ყურადღება ექცევა დედის ჩართულობას ახალშობილის მოვლის პროცესში. დედა და ახალშობილი 24 საათის განმავლობაში ერთად იმყოფებიან, გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სამედიცინო და ჰიგიენური პროცედურებისთვის.

როგორც ორსულებს, ისე ახალბედა დედებს უამრავი კითხვა აწუხებთ ჯერ ორსულობის მიმდინარეობისა და ნაყოფის მდგომარეობის, შემდეგ კი უკვე პატარების მოვლის თაობაზე. ისინი ჩვენთან ამომწურავ პასუხებს იღებენ. ჩვენი სპეციალისტები მათ აწვდიან ინფორმაციას თვეების მიხედვით ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ, ჯანმრთელობისა და კვების საკითხებზე, აძლევენ რეკომენდაციებს ბავშვის მოსავლელად და აწვდიან სხვა სასარგებლო ინფორმაციას.

პალატა

პალატა

გადაბეჭდვის წესი