mcvadi

არაყი, ხაშლამა და ფხალლობიო – ვახშმები ქედასა და ხულოში ბიუჯეტის ხარჯზე

ქედის მუნიციპალიტეტს კომერციული მომსახურება 9 984 ლარზე  სახალხო დღესასწაულის – „შემოდგომა ქედაში“ ჩასატარებლად აქვს გამოცხადებული.

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე განთავსებული სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ  სადღესასწაულოდ ქედაში ცხრა სუფრა მოეწყობა, სადაც მთლიანობაში ცხრა კეცის მჭადი, 90 ცალი იმერული ხაჭაპური, 180 ნაჭერი აჩმა, ამავე ოდენობის ბაქლავა, 27 თეფში მწნილის ასორტი, 18 თეფში ნიგვზით შეკაზმულ ფხლის მწნილი, 9 კილოგრამი ყველი, 18 ცალი ქათამის, 27 კილო  თევზი, მწვადი (სამწვადე ხორცი 30 კგ) , 36 ღრმა თეფში ფხალლობიო, 30 კილო  ხილი, 45 ცალი  ჩვეულებრივი პური, ამავე ოდენობით ლავაში და 3 ლიტრი საწებელი უნდა იყოს.

ცხრა სუფრის გარდა, ქედის გამგეობა ამავე ტენდერით 40 კაცის გასამასპინძლებლად მომსახურებას ყიდულობს. სუფრის მენიუ ასეთია – ოსტრი, შემწვარი წიწილა, ჩქმერული, ორაგული, ხბოს  ჩაშუშული, ღორის მწვადი, სოკო სულგუნით, ხაშლამა, კიტრი- პომიდვრის სალათა, ბადრიჯანი ნიგვზით – ასორტი, ყველის ასორტი, მწნილის ასორტი, ფხალლობიო, ხორცის ბლინები, სუფრის მწვანილი, ხაჭაპური, მწვადი, მინერალური წყალი და გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და ცოლიკაურის ღვინო უნდა იყოს, ღვინო – ცოლიკაური

ქედის გამგეობის მიერ კომერციულ მომსახურებაზე 27 სექტემბერს  გამოცხადებული  ტენდერი ხვალ, 5 ოქტომბერს დასრულდება. გამარჯვებულმა სუფრის მოწყობის გარდა, ქედის გამგეობას ხუთი ადამიანისთვის არანაკლებ 60 ლარიანი ფასიანი საჩუქარი უნდა უყიდოს, ასევე უნდა შეარჩიოს ერთ მხატვარი და ორი ანიმატორი.

„ტბელობის“  ჩასატარებლად 150 კაცის სუფრაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული ხულოს გამგეობას. მენიუ ასეთია:  სინორი, ქათამი – შემწვარი ტაბაკა, კაიმაღი, ქათმის ბარკალი, ბორანი, შემწვარი ხორცი, კიტრი, პომიდორი, ხაშლამა, ჩლეჩილი და იმერული ყველი, პური, მჭადი, მჟავის ასორტი[კიტრის, ჯონჯოლის, ნიორისა და წიწაკის], არაყი, ხაჭაპური, ოჯახური, თევზი, მწვანილი, ლიმონათი და მინერალური წყალი.

ხულოს გამგეობას სახალხო დღესასწაულის ტბელობის ჩასატარებლად ელექტრონული ტენდერი 5 101 ლარზე აქვს გამოცხადებული. ტენდერი 6 ოქტომბერს დასრულდება, სუფრასთან ერთად ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა გამგეობას 100 ცალი ლამინირებული მოსაწვევი ბარათი უნდა დაუმზადოს და ქართველი კლასიკოსების შემოქმედებიდან 40 წიგნი მიაწოდოს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი