მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„ოცნების“ უპარტიო მერობის კანდიდატი ხულოში

05.10.2017 • 3692
„ოცნების“ უპარტიო მერობის კანდიდატი ხულოში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხულოში გოჩა მელაძეა. იგი განათლებით იურისტია, მუშაობდა იურიდიულ დეპარტამენტებში – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულ ცენტრში; ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“. მიმდინარე წლის თებერვლიდან მერობის კანდიდატად წარდგენამდე იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილე.

  • ბატონო გოჩა, რატომ გადაწყვიტეთ ხულოს მერად იყაროთ კენჭი მმართველი პარტიიდან და ხართ თუ არა ამ პარტიის წევრი?

ამ გუნდთან ერთად მერობის კანდიდატობა გადამაწყვეტინა ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა. ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენი გუნდის უპირველესი მოწოდება არის მაღალმთიანი რეგიონების განვითარება. ზოგადად, მთის განვითარება პრიორიტეტია, შესაბამისად, განხორციელებულმა პროექტებმა, დამოკიდებულებამ ხალხის მიმართ, გადამაწყვეტინა, რომ ჩავერთო ამ ფერხულში. ვფიქრობ. ჩემი გამოცდილებით შემიძლია დავეხმარო ხალხს. რაც შეეხება წევრობას, პარტიის წევრი არ გახლავართ.

  • ფიქრობთ, როგორც მერი გაცილებით მეტს გააკეთებთ ხულოსთვის, ვიდრე იმ კომპანიაში ყოფნით, სადაც ბოლოს მუშაობდით? 

გოდერძი არის ერთი მიმართულება. კომპანია ამ დროისთვის 6 ახალ პროექტს ახორციელებს, მომავალშიც შესაძლებელია ახალი პროექტების განხორციელება. თუმცა, ხულოს მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი: ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, შავი ტბა, საბაგირო, ბეშუმი, ულამაზესი ბუნება და კომპლექსურად, შესაძლებელია ხულოს მუნიციპალიტეტი ტურისტულად უფრო მიმზიდველი გახდეს, შესაბამისად, საინვესტიციო პოტენციალიც მაღალია.

  • ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მერმა რა შეიძლება გააკეთოს იგივე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ხულოში და, ზოგადად, ტურიზმის განვითარებისთვის?

თავიდანვე უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, უნდა შეიქმნას შესაბამისი გარემო, უნდა ჩამოყალიბდეს სერვისები. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ “ საქართველოს კანონიც არის მიღებული, ანუ საკანონმდებლო დონეზე სახელმწიფომ გამოთქვა მზაობა, რომ შეიქმნას შესაბამისი საინვესტიციო გარემო და ამ კუთხით ხელშემწყობი ნაბიჯია „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, გრანტები. ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მოქმედებს რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო.

  • თუნდაც ამ სერვისის განვითარების ხელშესაწყობად რა შეუძლია მუნიციპალიტეტს თავისი რესურსით? თუ ისევ აჭარის და საქართველოს მთავრობისგან გამოყოფილი ტრანსფერის იმედად რჩებით? 

მუნიციპალიტეტს მომავალში იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, შეუძლია გასწვდეს და გარკვეული საკითხები მოაგვაროს. მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს, შეაფასოს თავიდან ბოლომდე ადგილზე არსებული რესურსი, შესაძლებლობები და ამის შემდეგ მივიდეს მოქალაქესთან კონკრეტული წინადადებით… ხულოში კარგი გარემოა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით და ამ სფეროს ხელშეწყობის მიზნით უნდა ვიმუშაოთ.

  • მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტები გაგრძელდება და ახალი, მოსახლეობაზე მორგებული პროექტებიც დაფინანსდება. რომელ მნიშვნელოვან პროექტებს გამოჰყოფდით და რა ახალი პროგრამების განხორციელებას გეგმავთ? 

როდესაც მოსახლეობას ვხვდებით, ისინი აქცენტს აკეთებენ ძირითადად მეცხოველეობაზე. იყო აქცენტი რამდენიმე შეხვედრაზე, რომ მცირე საწარმოები შეიქმნას. ხულოში არის ერთი რძის გადამამუშავებელი წარმატებული საწარმო  და ვფიქრობ, ამ და სხვა ტიპის საწარმოები რომ გაიხსნას, ამას ხელი უნდა შევუწყოთ. დავაინტერესოთ და დავარწმუნოთ უნდა ინვესტორები, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს შესაბამისი რესურსი, რომ მათ ხელი არ შეეშლებათ ადგილზე საქმიანობაში და რომ მათი საქმიანობა იქნება სარგებლიანი. აქცენტი გაკეთდა ხილის გადამამუშავებელ საწარმოზეც. არის მგონი შესაძლებლობა და ღირს ამ კუთხით ვიმუშაოთ. მაგრამ მუნიციპალიტეტმაც უნდა იაქტიუროს, შეხვდეს მეწარმეებს და იქონიოს მოსახლეობასთან მუდმივი კონსულტაცია.

  • ხულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შემუშავებული უნდა იყოს. თუ იცნობთ, რამდენია და რა პრიორიტეტებია?

ჩემი მონაწილეობის გარეშე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ფაქტობრივად შემუშავებულია. 17 სხვადასხვა პროგრამა მიმდინარეობს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. ხულოს მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტია.

  • ეს, ალბათ, ტრანსფერების ჩათვლით. 

კი. ტრანსფერების ჩათვლით. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში დავჯდეთ და ვიმუშაოთ საკუთარი შესაძლებლობების, შემოსავლების გაზრდაზე.

  • ხულოს ბიუჯეტის ძირითადი შემოსავლის წყარო რა არის, რა ინფორმაცია გაქვთ?

ჩემი ინფორმაციით, ძირითადად ქონების გადასახადი.

  • ქონება ახსენეთ და მთავარი ქონება არის მიწა, მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება კი პრობლემაა, ვინაიდან ხულოში, ისევე როგორც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში მიწის რეფორმა არ ჩატარებულა. რა შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას ამ კუთხით?

როდესაც მოსახლეობას ვხვდებით ავტომატურ რეჟიმში, ეს საკითხიც წამოიწია… ნაწილობრივ ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, გარკვეულ ნაწილს მიწის ნაკვეთები დაუკანონეს საკუთრებაში. ეს პროცესი მიმდინარეობს, რამდენადაც ვიცი და მომავალში მუნიციპალიტეტის როლი ხელშეწყობის კუთხით მისი უფლებამოსილების ფარგლებში იქნება ის, რომ დაეხმაროს მოსახლეობას – იქნება ეს ინფორმაციის მიწოდება, თუ სხვა პროცედურები.

  • ხულოში ხშირია სტიქიური პროცესები, პრობლემაა ეკომიგრაცია. თქვენი აზრით მუნიციპალიტეტს რა რესურსი აქვს ან ექნება ამ პრობლემების პრევენციისთვის თუ მოსაგვარებლად, მაშინ როცა ზოგი გამოსავალს განსახლებაში ხედავს?

ვიტყვი, რომ თითქმის ყველა სოფელში სახელმწიფომ, მთა რომ არ დაცარიელდეს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

  • რას გულისხმობთ, „მთის კანონს“?

„მთის კანონი“, სხვა პროგრამები, ტურიზმის განვითარება, გზების მშენებლობა. 6 იალაღის ელექტროფიკაცია მოხდა, რომელიც ემსახურება 12 სოფელს და ვფიქრობ, რომ მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება. ასევე გაზიფიცირების საკითხი დაიძრა… იქ სადაც შესაძლებელია და ეროზირებული პროცესები არ არსებობს, მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ სერვისი, ინფრასტრუქტურა, რადგან ვთვლი, რომ მთაში მოსახლეობის დამაგრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მაგრამ სადაც არის ეროზირებული პროცესები, შეუძლებელია ცხოვრება, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ, რომ სხვა, ღირსეულ ადგილზე გააგრძელონ ცხოვრება და საქმიანობაც.

  • მოსახლეობა ამბობს, რომ გვირაბების გაყვანამ რიგ სოფლებში სასმელი წყლის დაკარგვაც კი გამოიწვია, დაიბზარა მიწა, სახლები… მოსახლეობას გეოლოგიურ დასკვნებს თხოვენ, რასაც ვერ აკეთებენ ფინანსების არქონის გამო.

სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს დაბაშიც და სოფლებშიც. მაგრამ რეალურად, როდესაც ვხვდები მოქალაქეებს, მათგან მიღებული ინფორმაციით შემიძლია ვთქვა, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. დაბაში 2 თვის განმავლობაში დაიძლევა პრობლემა იმ კუთხით, რომ 16-17 საათამდე იქნება წყალი, სამუშაოები მიმდინარეობს და გაგრძელდება. რაც შეეხება სოფლებს, იქ არის სათავეები, სადაც შეიძლება სასმელი წყლის შეკრება, მუნიციპალიტეტს აქვს რესურსი ეს გააკეთოს ეტაპობრივად.

რაც შეეხება ჰესებს – სადაც მე მივედი, ვისთანაც მქონდა შეხვედრა, წარმომადგენლებს ჰქონდათ ხელში დასკვნებიც, მაგრამ საუბარი ვინმეს ბრალეულობაზე ან არაბრალეულობაზე, არ შეიძლება. ვფიქრობ, ჩემი არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობასთან ერთად კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაჯდეს მუნიციპალიტეტი, ჩავერიოთ ამ პროცესში და ვიყოთ მოდერატორი. მაგრამ ჩემი, როგორც მერობის კანდიდატის პოზიციაა – მაქსიმალურად დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები. მუნიციპალიტეტმა უნდა შეძლოს მოაგვაროს მწვავე საკითხები.

  • არჩევნებს დავუბრუნდეთ. ვის მოიაზრებთ კონკურენტად და როგორ აპირებთ თანამშრომლობას ოპოზიციასთან მერად არჩევის შემთხვევაში? ამასთან, ხულოს მოსახლეობაც შედარებით ყველაზე უფრო აქტიურია პოლიტიკურად და მომთხოვნი.

თითოეული ადამიანი, ვინც ახლა მერობის კანდიდატია, ძალიან ღირსეულია. მინდა გამოვხატო მათ მიმართ ჩემი პატივისცემა. რაც შეეხება მომავალში ჩემს მუშაობას, ჩემთვის გულწრფელად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, მათი აზრი… ჩემი არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი, ვალდებულია, მიუხედავად თავისი პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური თუ სხვა შეხედულებისა, მოემსახუროს ხალხს. ამიტომ, მე ყოველთვის მზად ვარ მოვუსმინო ადამიანებს და ამის შემდეგ მივიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ხულოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.

  • თქვენი აზრი გვაინტერესებს ქალების ნაკლებობაზე პოლიტიკაში. მართალია „ოცნების“ პარტიულ სიაში [ხულოს საკრებულოს არჩევნებისთვის] პირველ ათეულში სამი ქალია, მაგრამ არ არის არც ერთი ქალი მერობის კანდიდატი, არც მაჟორიტარი კანდიდატი…

მართლაც მნიშვნელოვანია ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში. „ნიმდელი“ გახლავართ და ეს საკითხი, ასევე ზოგადად ნაადრევი ქორწინების საკითხი პრობლემაა. ამასთან, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მთელი რიგი საკითხების განხილვისას, სადაც მონაწილეობენ ქალები, გაცილებით უკეთესი შედეგი გვაქვს. მომავალში უნდა ვიმუშაოთ, რათა მეტი ჩართულობა იყოს ქალების არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ყველა მიმართულებით, რათა უფრო მეტად იქნენ ქალები წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის დონეზე. ძალიან ბევრი აქტიური ახალგაზრდაა და მათი ჩართულობა ძალიან გამოადგება მუნიციპალიტეტს, მე ჩემი მხრივ მაქსიმალურად შევუწყობ ამას ხელს.

  • არჩევის შემთხვევაში რეორგანიზაციას ხომ არ აპირებთ და ამასთან, ხომ არ გეგმავთ თქვენს წარმომადგენლად რომელიმე თემში ქალის დანიშვნას?

სამომავლოდ შესაძლებელია და იქნება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, რომელიც დასაქმებულია. ვფიქრობ, მათი ცოდნა და გამოცდილება მომავალშიც გამოადგება მუნიციპალიტეტს. ადამიანები, რომლებიც მომავალში ჩართული იქნებიან მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, უნდა სარგებლობდნენ ავტორიტეტით, უნდა უსმენდნენ ხალხს, მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეთ მოსახლეობასთან, უნდა ფლობდნენ ინფორმაციას სოფლის შესახებ, არსებული საკითხების გადაჭრის გზების შესახებაც უნდა მომაწოდონ ინფორმაცია. მე მაქსიმალურად ვიქნები ჩართული, მაგრამ ასეთი ადამიანებია საჭირო, ვინაიდან გამოწვევები მართლაც ბევრია, რომლებიც, შევძლოთ უნდა და დავძლიოთ.

  • ზოგადად, მუნიციპალიტეტებში ქონების გადაცემა იქნება თუ სხვა საკითხები, ერთი რელიგიის წარმომადგენლებს ანიჭებენ უპირატესობას. რა დამოკიდებულება გექნებათ, არჩევის შემთხვევაში როგორც მერს, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან? 

საქართველო, ზოგადად, მულტიკულტურული ქვეყანაა, ჩვენი ხალხი ტოლერანტულია. ჩემი ნათესავებიც, უმრავლესობა ხულოში მუსლიმია. ჩვენი მოვალეობაა ხელი შევუწყოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის  ღირსეულ თანაცხოვრებას და მე მზად ვარ, მიუხედავად აღმსარებლობისა პატივი ვცე ადამიანის შეხედულებებს, სხვა გამოსავალი არც არსებობს. ამ მხრივ მუნიციპალიტეტში, ჩემი აზრით, არც არსებობს რაიმე პრობლემა. ქონებას რაც შეეხება, გარკვეულ პროცედურებთანაა ყველაფერი დაკავშირებული და ხულოს მუნიციპალიტეტში, რამდენადაც ვიცი, ამ კუთხითაც არის რაღაც შეთანხმებები მიღწეული და ამ მხრივ სირთულეს, სიმართლე გითხრათ, არ ვხედავ.

  • ახალგაზრდების ადგილზე დამაგრება ახსენეთ და ამ კუთხით განსაკუთრებული პროექტი ან ხედვა გაქვთ?

ხულოში მიმდინარეობს სპორტული სკოლის დარბაზის რეაბილიტაცია. რამდენადაც ვიცი, არსებობს კომპლექსური სკოლის პროექტიც და აჭარის და საქართველოს ხელისუფლებების დახმარებით არაერთ კარგ პროექტს განვახორციელებთ ხულოელებისთვის. სპორტული დარბაზები უნდა აშენდეს დაბის გარეთაც, სოფლებშიც და არა მარტო ჭიდაობის, ან ფეხბურთის… მუნიციპალიტეტში სპორტი,  ახალგაზრდობის ჩართვა სხვადასხვა სახეობებში, ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა გამოცხადდეს პრიორიტეტად.

გოდერძიზე მიმდინარე პროექტები საერთო საინვესტიციო ღირებულება გახლავთ 80 მილიონი ლარი. იქ იქმნება 500 სამუშაო ადგილი  და როდესაც დასრულდება ეს პროექტი, პროფესიული კუთხით, ვფიქრობ, მუნიციპალიტეტს დასჭირდება მომავალში ადამიანები ამა თუ იმ პროფესიული განათლებით. ამ კუთხით  ბევრი სამუშაოა და ჩემი მიზანი იქნება პროფესიული სასწავლებლის ჩამოყალიბება ადგილზე,  ხულოში. კადრების ადგილზე მომზადების და გადამზადების პროექტი მაქვს. ქობულეთში არსებობს ასეთი სასწავლებელი, ბათუმშიც, განათლების სამინისტროსთან ერთად, ამ დარგების სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად უნდა ვიმუშაო ამ კუთხით.

  • მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო თუ ჯანდაცვის დაწესებულებებში, არსებულ პირობების გათვალისწინებით, ხელფასები დაბალია. რაიმე რესურსს ხედავთ მუნიციპალიტეტის დონეზე ამ კუთხით რომ მიმართოთ?

ხელფასებს რაც შეეხება, იცით, რომ საერთო პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს. ამიტომ, ახლო მომავალში მუნიციპალიტეტი ამ კუთხით ვერაფერს შეცვლის. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაშიც, ვინაიდან ეს საერთო პოლიტიკაა, გამიჭირდება რაიმეს თქმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: