სიახლეები

როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი – დისკუსია ბათუმის საკრებულოში

17.02.2015 • 1380
როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი – დისკუსია ბათუმის საკრებულოში

  საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამშენებლო ნაკვეთებზე ღია და დახურული ავტოსადგომების მინიმალური გაანგარიშების მეთოდიკის განსაზღვრას, შენობების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ლიფტის, კიბის უჯრედის, საევაკუაციო ნორმების განსაზღვრას, ქალაქის გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე   სამშენებლო ნორმების დარღვევის საკითხებს.   

„ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ქალაქის განაშენიანების რეგულაციებში არის აუცილებელი კორექტივები. ქალაქი იზრდება, მაგრამ ასეთ დროს უნდა იქნეს როგორც მენაშენეს, ასევე მცხოვრებთა ინტერესებიც“- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი.

მისი აზრით, აუცილებელია მოქალაქემ იცოდეს, რა პროდუქტს ყიდულობს, როგორ იქნება მისი უსაფრთხოება და სხვა ნორმები დაცული. „ამიტომ, ეს საკითხები მოსაგვარებელია. ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ და მოვამზადებთ სათანადო დოკუმენტს. მენაშენეებსა და მოქალაქეებსაც საკრებულომ ისეთი ნორმები უნდა შესთავაზოს, რომელიც შესრულებადი იქნება და ამით სიკეთეებს მიიღებენ“.

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილია კომისიაც, რომელშიც  არქიტექტორები და სხვა სპეციალისტებიც არიან ჩართული.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ მშენებლებიც, თუმცა შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე მათგანი ესწრებოდა.  

„მესმის, რომ დღეს არ მოვიდნენ მშენებლები ამ შეხვედრაზე, რადგან ისინი მშენებლობებს ასწრებენ ამ რეგულაციების ფარგლებში. ეს ბიზნესია და საკმაოდ მომგებიანიც, თუმცა, დასადგენია ნორმებიც.  დღეს არსებული ნორმები ფორმალურად სრულდება, ამიტომ დაკარგა ქალაქმა იერ-სახე.   ქალაქის განვითარებას   სჭირდება  სისტემური ხედვა და ეს მთავრობისგან უნდა მოდიოდეს“- განაცხადა სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა.

ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ დღეს  მიმდინარე მშენებლობები ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებენ საყოველთაოდ დადგენილ ნორმებს, რომ შენობები არ არის ადაპტირებული  როგორც შშპ პირების, ასევე ბავშვებისა და მოხუცების  გადაადგილებისთვის.

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ან ძეგლებზე მიმდინარე მშენებლობებზე, რომლის დროსაც ხშირად ირღვევა კანონით დადგენილი ნორმები.

დისკუსიის მონაწილეები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: