სიახლეები

თამაზ ბაკურიძე პატიმრების მდგომარეობის შესახებ ეკა ბესელიას ეხმაურება

03.10.2017 • 3754
თამაზ ბაკურიძე პატიმრების მდგომარეობის შესახებ ეკა ბესელიას ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ დღეს, 3 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბაკურიძე ქართულ ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას მიერ, ერთ-ერთი ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას  გამოეხმაურა:

“ამ გამოსვლის მხოლოდ იმ ნაწილს ვეთანხმები სადაც ის ამბობს, რომ ციხეებში აღარ ხდება გაუპატიურებები, აღარ ხდება ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები. არ არის ისეთი მაღალი მაჩვენებელი სიკვდილიანობის – ამაში ვეთანხმები. მაგრამ არ ვეთანხმები როცა ის ამბობს, რომ დღეს ვითარება გვაქვს იდეალური. არ გვაქვს ჩვენ იდეალური ვითარება, იმიტომ რომ მოგვდის უამრავი წერილები პატიმრების, რომლებიც ითხოვენ ელემენტარული წამლის მიწოდებას და რომლის საშუალებაც არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”.

თამაზ ბაკურიძეს მაგალითისთვის ბათუმის ნომერ მესამე საპყრობილე მოაქვს და ამბობს, რომ მათ ორგანიზაციაში ძალიან ბევრი წერილი შედის პატიმრებისგან, სადაც ისინი შესაბამისი სამედიცინო მომსახურების არქონასა და კვების პრობლემებზე საუბრობენ.

“ბათუმის ნომერ მესამე საპყრობილეში საქართველოს ყველა კუთხიდან წამოიყვანეს სასტიკ დანაშაულში ბრალდებულები. პატიმრები ხულოდან, შუახევიდან ან ქედიდან გადაანაწილეს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. ეს არის როგორც  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა, ისე ძალიან დიდი ხარჯი, რადგან ოჯახის წევრებს ექმნებათ სირთულეები. რუსთავიდან უნდა ჩამოვიდეს ბათუმში, ხულოდან უნდა ჩავიდეს რუსთავში და ა.შ.” – ამბობს ის

თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ  საჭიროა შეიქმნას საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და ამ ჯგუფში უნდა შედიოდეს, როგორც მედიის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.

“ეს აპრობირებული მეთოდია და მიღებულია ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მოქმედებდა ადრე. ეს წინადადება თავიდანვე შევთავაზეთ ჩვენ ხელისუფლებას, მაგრამ წინადადებად დარჩა დღემდე და მას არ ეღირსა რეალიზება” – ამბობს ბაკურიძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: