მთავარი,სიახლეები

ენმ-ს მერობის კანდიდატი შუახევში: ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად არ გვეცალა

03.10.2017 • 2378
ენმ-ს მერობის კანდიდატი შუახევში: ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად არ გვეცალა

ომარ მეგრელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ შუახევის მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ომარ მეგრელიძე 2006-2011 წლებში შუახევის გამგებელი იყო, მანამდე კი გამგებლის მოადგილე. რას მიაღწია თავისი გამგებლობის პერიოდში და რას პირდება ის ამომრჩეველს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე მერობის კანდიდატი „ბათუმელებთან“ საუბრობს.

ბატონო ომარ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან?

მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა იქნება ყველასთვის, რაც განათლების კუთხით ახალი პროგრამების ამოქმედებას გულისხმობს. მთაში ბევრ საგანში პედაგოგების დეფიციტია, განსაკუთრებით უცხო ენის პედაგოგების პრობლემაა. 2013 წლამდე მოქმედებდა ეს პროგრამა და 500 ლარით ფინანსდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან მასწავლებლის ხელფასი, მაგრამ ვფიქრობ, ეს თანხები არასაკმარისია და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა იყოს დამატებითი თანხები ამისთვის გათვალისწინებული.

რამდენი ლარის დამატებას ფიქრობთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან?

ჩვენ გადავხედეთ თანხებს და დამატებით შესაძლებელია 500 ლარის გაცემა, თუმცა ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, უფრო მეტიც შეიძლება გაიცეს, რადგან განათლებაში დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ 20 წლის შემდეგ შეიძლება მივიღოთ ძალიან ცუდი საზოგადოება და მე ამას გადაუდებელ ღონისძიებად მივიჩნევ. ამასთან ერთად, ჯანდაცვაში არის ძალიან ბევრი ხარვეზები. კონკრეტულად, ძალიან დაბალი ხელფასები აქვს მედდებს და ვფიქრობ რომ მათ ხელფასი მაქსიმალურად უნდა გაეზარდოთ. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა აქვს, რადგან დღეს უკვე 15 მილიონამდეა ბიუჯეტი გაზრდილი. აქედან ადგილობრივი შემოსავლები 3 მილიონამდეა გაზრდილი. როცა არ იქნება თვითმმართველობა ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებული, მას შეუძლია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით რის გაკეთებას გეგმავთ?

პირველ რიგში გაზიფიცირება უნდა მოხდეს რაიონში, რადგან არ განადგურდეს ბუნება და მეტი ტურისტი და ინვესტორი შემოვიდეს. ტურიზმთან ერთად კი უნდა მოხდეს აგროსექტორის განვითარებაც. ვფიქრობთ, რომ შუახევში უნდა გაიხსნას ხილის გადამამუშავებელი ქარხანა. როცა მთავრობაში ვიყავით, ჩვენ ვმუშაობდით პროექტზე და შეჩერდა. ამ პროექტში ჩართული იყო აჭარის მთავრობა, ჰოლანდიის საელჩოს შუამდგომლობით გაგზავნილი იყო ბიზნესმენები, მოლაპარაკება იყო რომ ხიჭაურში გაგვეხსნა ხილის გადამამუშავებელი ქარხანა, მაგრამ ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდა და ეს ყველაფერი შეჩერდა, შემდეგ კი არავინ არ დაინტერესებულა. სოფლის მეურნეობის კუთხითაც გვქონდა ბევრი პროგრამა წამოწყებული, იგივე ხმაურიანია გომარდული, რომელიც დღემდე გაჩერებულია.

თუმცა არ გაამართლა ამ პროექტმა, როგორ ფიქრობთ, რატომ?

დავალიანება შექმნა ამ ხელისუფლებამ. შექმნილი იყო სააქციო საზოგადოება „გომარდული“, რომლის ათი პროცენტის მფლობელი იყო აჭარის მთავრობა, რაც იმას ნიშნავდა რომ დროებით შეღავათები უნდა გაეკეთებინა კერძო სექტორისთვის, ბიზნესმენებისთვის და ხელისუფლებას ბიუჯეტიდან მაქსიმალური დახმარება უნდა გაეწია. ეს გულისხმობდა გზის მიყვანას კურორტამდე, საბაგირო გზის მშენებლობას. ჩვენ გვქონდა ეს ყველაფერი გეგმაში და ჯდებოდა დაახლოებით ერთი მილიონ 300 ათასი ევრო და ამაში შედიოდა ველო ტრასები და წყლის პროექტი. ეს პროექტი ისევ დევს გამგეობაში, მაგრამ მაინც ვერ განახორციელეს.

ბატონო ომარ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ინიციატივები მოდიოდა ზემოდან ქვემოთ და არა პირიქით. შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი ინიციატივა მაინც, რომელიც უშუალოდ თქვენგან წამოვიდა და განხორციელდა მუნიციპალიტეტში?

იგივე გომარდულის პროექტი იყო თემურ ზოიძის ინიციატივა, რომელიც ჩემამდე იყო გამგებელი. შემდეგ ჩვენ ამ ინიციატივას მხარი დავუჭირეთ. რაც შეეხება ჩემს ინიციატივას, დაბის ტერიტორიაზე გაკეთდა მსოფლიო სტანდარტების სპორტის სასახლე, სადაც ფრენბურთის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნებია. ამის პარალელურად, ჩვენ გვქონდა დაგეგმილი მიმდებარედ გაკეთებულიყო კოტეჯის ტიპის სასტუმროები, ღია ტიპის აუზი და კორტები.

და რატომ არ გაკეთდა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს? საკმაოდ დიდხანს იყავით გამგებელი.

ვთქვი, რომ ჩემი გამგებლობის პერიოდში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, პოლიციის შენობა აშენდა, დაბის მოასფალტება მოხდა. სოფელ კვირიაულში ვაპირებდით სანატორიუმის გახსნა და ამის გაგრძელებაზე ღომას კურორტის განვითარებას.

ანუ იმის თქმა გინდათ, რომ თუკი აგირჩევენ მერად, ძველ პროექტებს მიიყვანთ ბოლომდე?

აუცილებლად. გარდა ამისა, ჩირუხის მიმართულებით ვგეგმავდით კიდევ მსოფლიო ბანკის პროგრამით 6 კილომეტრიანი გზის გაკეთებას და ახალგაზრდული ცენტრების გახსნას. მთლიანობაში ამ პროექტს – გოდერძი-გომარდული – ჩირუხი და ღომა უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავდა.

ხუთი წლის განმავლობაში თქვენ იყავით შუახევის გამგებელი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად, შეგიძლიათ გვითხრათ რა გააკეთეთ?

ჩვენ ისეთ რეჟიმში ვმუშაობდით, არ გვქონია იმის დრო, რომ მაგაზე გვეფიქრა.

ანუ თქვენთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა პრიორიტეტი არ იყო?

პრიორიტეტი უფრო დიდი იყო, არაფრისგან ვიწყებდით მშენებლობას.

ახალ პროგრამაში რა გაქვთ გარემოს ადაპტირებაზე გათვალისწინებული?

რასაც გავაკეთებთ ახალს, ყველგან გათვალისწინებული იქნება ადაპტირებული გარემო. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ იმ ოჯახებს, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ, დამატებით დავუნიშნოთ 50 ლარიანი დახმარება. ჩვენ სხვა სოციალური პროექტებიც გვაქვს დაგეგმილი, მედიკამენტები არის ძალიან ძვირი და ვფიქრობ, პირველადი მოხმარების მედიკამენტების პაკეტი უნდა შეიქმნას, ახალშობილებს ვაუჩერი მიეცეთ და 1200კვტ ელექტროენერგია მიეცეს მოსახლეობას უფასოდ.

თქვენი არჩევის შემთხვევაში როგორი იქნება თვითმმართველობის პოლიტიკა მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში, ვგულისხმობ ქონების, მიწების გადაცემის საკითხს.

ვინც არ უნდა იყოს, ეკლესია იქნება, თუ მსხვილი ინვესტორი, ყოველთვის ხალხის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. ყველაფერი უნდა გადაწყდეს ხალხთან ერთად. ხალხის რეალურ წარმომადგენლობას წარმოადგენს საკრებულო.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებს ნაკლებად გამოხატავს. თქვენ რას შეცვლით ამ მიმართულებით?

კონკრეტული მაცხოვრებლების ბრალია, რომ არ არის პროცესებში ჩართული, მაგრამ მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული კონკრეტული ადამიანების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინტერესები.

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სორისის ფონდი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: