მთავარი,სიახლეები

ენმ-ს სიის პირველი ნომერი ხელავაჩაურში: ეგონათ ივანიშვილი ანგელოზი იყო

03.10.2017 • 2859
ენმ-ს სიის პირველი ნომერი ხელავაჩაურში: ეგონათ ივანიშვილი ანგელოზი იყო

„აქამდე ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ანგელოზი იყო და მიხეილ სააკაშვილი კაციჭამია. ახლა პირიქით ფიქრობენ,“ – ასე ხედავს ამომრჩევლის განწყობას „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი – მიხეილ ბოლქვაძე. ამავე პარტიის მერობის კანდიდატისგან განსხვავებით, იგი ხელვაჩაურში პრემიების გაუქმებას არ აპირებს და ამბობს, რომ პრემიას მხოლოდ წამახალისებელი ფუნქცია ექნება. მიხეილ ბოლქვაძე ბოლო ორი მოწვევის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. წინასაარჩევნო გზავნილებზე საუბრის დროს ძირითადად მართველ პოლიტიკურ გუნდზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის, მოქმედ გამგებელზე – ნადიმ ვარშანიძეზე, რომელიც, მისი თქმით, 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო.

ბატონო მიხეილ, რას შეცვლით ხელვაჩაურის საკრებულოში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში?

ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. პროგრამების დიდი ნაწილი, რაც ჩვენი მმართველობის დროს დაიწყო, შეჩერებულია. დღეს სოფლის რწმუნებულებს ბეჭედიც კი არ აქვთ და სოფელში მცხოვრებ ადამიანებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ ხელვაჩაურის გამგეობასთან… დავასახელებ იგივე სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, გზები იქნება ეს, გაზიფიცირება, წყლის სისტემები, თუ მოსაცდელები. ეს პროგრამა წელს გაუქმდა. მთლიანობაში, თუკი 2012 წლამდე მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდა დაახლოებით 30 ინფრასტრუქტურული პროექტი, ამჟამად ხორციელდება დაახლოებით 11. სამაგიეროდ, გაიზარდა გამგეობის სახელფასო ფონდი. 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 200 ათასი ლარით. იცით ალბათ, რომ ყველაზე წარმატებული გამგებელი ნადიმ ვარშანიძე აღმოჩნდა. მან აჭარაში ყველაზე დიდი ოდენობის პრემია და დანამატი აიღო. გარდა ამისა, 2017 წელს ბიუჯეტიდან ერთი მანქანის რემონტისთვის 46 ათასი ლარი გამოყო. ეს მანქანა ნადიმ ვარშანიძეს ემსახურება. ჩვენ გვქონდა ინიაციატივა, ოპოზიციაში ყოფნის დროს, რომ იგივე არასამეწარმეო იურიდიულ პირებში, მაგალითად, კულტურის მიმართულებით ვინც მუშაობს, გაზრდილიყო ხელფასები, მაგრამ ამაზე უარი გვითხრეს. 160 ლარი აქვთ დაახლოებით ხელფასი იმ ადამიანებს, ვინც ააიპ-ებში მუშაობს. უარი გვითხრეს პროგრამაზეც, რომლითაც სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სახურავების შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. უმრავლესობის პასუხი არის ხშირად ის, რომ საკმარისი თანხა არ აქვთ, თუმცა გასული წლის ბიუჯეტში მილიონ 600 ათასი ლარი გაუხარჯავი დარჩა.

კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას განახორციელებთ და სად ნახავთ ამისთვის ფინანსურ რესურსს?

იგივე გაზიფიცირება, რაც ჩვენს დროს დაიწყო… ჩვენ მივედით მახოს ხიდამდე და გეგმა გვქონდა, რომ ავიდოდით ბეშუმამდე. ბეშუმი კი არა, ახლა თხილნარშიც ვერ შეიყვანეს გაზი. ახალშენში შეიყვანეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ. იქ მე ვცხოვრობ და ვფიქრობ, რომ სპეციალურად გააკეთეს, მაგრამ მაინც მოვიგე არჩევნები და საკრებულოში შევედი. ჩვენ შევამცირებთ პრემიებს და დანამატებს და ამის ხარჯზე იქნება შესაძლებელი იგივე გაზიფიცირებისთვის თანხის გამოძებნა.

თქვენმა მერობის კანდიდატმა, თეიმურაზ დუმბაძემ გვითხრა, რომ პრემიებს და დანამატებს გააუქმებს. თქვენ ახსენეთ – შემცირება. რომელს უნდა დაუჯეროს ამომრჩეველმა?

პრემია უნდა იყოს მხოლოდ წამახალისებელი, მაგალითად, ვინც 6 საათზე ვერ გადის სამსახურიდან და ღამის 12-მდე მოუწია მუშაობა, მას ერგება პრემია. დანამატი საერთოდ გაუქმდება, ვისაც დაბალი ხელფასი აქვს, მას უნდა მოემატოს შრომის ანაზღაურება. ამ გზით ჩვენ ხელვაჩაურის ბიუჯეტში დაახლოებით 400 ათას ლარს დავზოგავთ. იგივე წყლის პრობლემა – ხელვაჩაურის სოფლების თითქმის ნახევარს ისევ წყლის პრობლემა აქვს.

სად ნახავთ წყლის სისტემისთვის ფულს, ასევე გაზიფიცირებისთვის?

გაზიფიცირება როცა ხდებოდა, ჩვენი მმართველობის დროს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვყიდულობდით მილებს და დანარჩენს „სოკარი“ აკეთებდა. ახლა ეს პროგრამაც გაუქმებულია და ბიუჯეტში უმრავლესობამ ამისთვის საკმარისი თანხა ვერ იპოვა. კოორდინებული მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელია ფინანსური რესურსის გამონახვა. ახლა ხელვაჩაურის გამგებელს ერთი კვირა სჭირდება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდეს. მე და თემურ დუმბაძეს სანიმუშო ურთიერთობა გვექნება, თუ აგვირჩევენ და კოორდინაციის პრობლემა აღარ იარსებებს. ჩვენ გვაძლევდა ფულს, როგორც აჭარის, ისე საქართველოს მთავრობა. ახლა ტრანსფერების რაოდენობა ძალიან შემცირებულია. წელს 4 მილიონი უნდა მოეცა საქართველოს მთავრობას და მოგვცა მხოლოდ ორნახევარი მილიონი. ჩვენს დროს დაახლოებით 14 მილიონ ტრანსფერ ვიღებდით. ამჯერადაც მოლოდინი მაქვს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მივიღებთ დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან.

რატომ გაქვთ ამის მოლოდინი, ამ არჩევნებით ხომ ცენტრალური ხელისუფლება არ იცვლება?

არაა ასე. თუკი თვითმმართველობებში ჩვენ აგვირჩევენ, აუცილებლად შეიცვლება მთავრობაც. მათ აუცილებლად მოუწევთ გაითვალისწინონ თვითმმართველობის ინტერესები. ხელვაჩაურის ადგილობრივი ბიუჯეტი დაახლოებით 16 მილიონი ლარია. ამასაც სწორად გადანაწილება უნდა.

როგორ წარმოგიდგენიათ ადგილობრივი ბიუჯეტის გადანაწილება?

მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამები, რაც ჩვენს დროს იყო, იგივეა, არაფერი შეცვლილა და გაჩნდა ახალი საჭიროებები. მედიკამენტების პაკეტს გარკვეულწილად შეიძლება ფარავდეს ადგილობრივი ბიუჯეტი. ასევე შესაძლებელია პროგრამა შშმ პირებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. აუცილებელია იგივე ტურიზმის განვითარებაზე მუშაობა. მაჭახლის ხეობას მივანიჭეთ დაცული ტერიტორიის სტატუსი, მაგრამ ამის შემდეგ იქ არაფერი შეცვლილა. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ხელვაჩაურში არც ერთი სკოლა და საბავშვო ბაღი არ იყო გარემონტებული. 4 სკოლა დაგვრჩა გასარემონტებელი და ისიც ვერ გაარემონტეს. გარდა ამისა, არაერთი გზა დაიგო, განათება…

თქვენ წააგეთ არჩევნები. ახლა რის გამო მოინდომებს ამომრჩეველი თქვენს დაბრუნებას?

წავაგეთ, მაგრამ 2016 წელს არჩევნებში ავიღეთ დაახლოებით 30 პროცენტი. მთავარი ისაა, რომ ჩვენი ელექტორატი არის მზარდი. თუკი თავიდან ბიძინა ივანიშვილი ეგონათ ანგელოზი და მიხეილ სააკაშვილი კაციჭამია, ახლა პირიქით ფიქრობენ…

ფიქრობთ, რომ „ოცნებაზე“ განაწყენებული ადამიანები თქვენი ამომრჩევლები გახდებიან?

შესაძლოა, ასეც მოხდეს. ჩვენი ამომრჩევლის რაოდენობა გაიზრდება ძირითადად იმით, რომ აქამდე ნეიტრალური პოზიციის მქონე ადამიანები დაგვიჭერენ მხარს… „ქართული ოცნების“ ძირითადი პრობლემა არის ის, ვინც ამ პოლიტიკურ ძალას უჭერდა მხარს, ისინი ჩრდილში აღმოჩნდნენ. იგივე ნადიმ ვარშანიძე ჩვენი გუნდის აქტიური მხარდამჭერი იყო და შემდეგ უცებ გახდა მეოცნებე. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნადიმ ვარშანიძე საზღვაო აკადემიის რექტორი იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა ურეხში 2010 წლის არჩევნებზე.

ანუ საზღვაო აკადემიის რექტორობაც პოლიტიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს?

არა, მე შტაბის უფროსობა ვიგულისხმე. ის საარჩევნო შტაბში მუშაობდა 2012 წელსაც.

თქვენი გუნდის წევრები ვინ არიან, კიდევ ვინ შევა საკრებულოში, თუკი ხელვაჩაურში ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ აირჩევს?

ესენი არიან ცნობილი სახეები ხელვაჩაურის მოსახლეობისთვის, მათ შორის, გვყავს ქალი კანდიდატი შორენა ცინცაძე. ასევე არიან: ქენან კახიძე, მერაბ ვარშალომიძე, ზურაბ გვიანიძე…

მთავარ ფოტოზე: მიხეილ ბოლქვაძე ამომრჩეველთან შეხვედრის დროს

 

misha 1

მიხეილ ბოლქვაძე ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მორაობის“ კანდიდატების დასახელების დროს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: