სიახლეები

ავტობანი – მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა გადაიხედება

14.02.2015 • 7222
ავტობანი – მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა გადაიხედება

 

 

ქობულეთის ასაქცევი გზა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

არსებული პროექტის მიხედვით, ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთში მაგისტრალი დაახლოებით ასეთი მარშრუტით გაივლის – მწვანე კონცხი, მახინჯაური, სალიბაური, სამება, განახლება, მახვილაური და მეჯინისწყალი.

 

მახინჯაური-მდინარე ჭოროხი, გზის დაგეგმილი მონაკვეთი

 

მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა შემუშავდა 2011 წელს და წარმოადგენდა საბოლოო დოკუმენტს, თუმცა გზების დეპარტამენტს მისი განახლება მოუწევს. ქვეყნის მთავრობამ ამ გეგმის განახლების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება აჭარის მთავრობას სთხოვა.

 

შეიცვლება თუ არა მაგისტრალის მარშრუტი, რამდენ ადამიანს შეეხება გეგმის ცვლილება და რა კუთხით? – „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.

 

დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, „ვინაიდან მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადებიდან (2011 წელი) გასულია დროის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, მასში ასახული მონაცემები ამ დროისათვის შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ადგილზე არსებულ რეალობას (მიწის ნაკვეთების საზღვრებისა და მფლობელების შესაძლო ცვლილება, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობა და სხვა). შესაბამისად, აუცილებელი გახდა დოკუმენტის განახლება და მასში დღეს არსებული რეალური სიტუაციის გათვალისწინება”.

 

რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, თუ ვის ეხება განსახლება, ან ვის ეკუთვნის კომპენსაცია, დეპარტამენტმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა: „ესაა პერსონალური მონაცემები, ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას გავცეთ ინფორმაცია თვით ამ პირების თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე“.

 

არსებული გეგმით, ბათუმის ასაქცევი გზის 16,2 კილომეტრიანი (ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე) მონაკვეთის ზემოქმედების ქვეშ 3 529 პირი იმყოფება. ამ მონაკვეთში პროექტის განხორციელება მოითხოვს 822 626 კვ/მ-ის ფართობის შესყიდვას 789 მიწის ნაკვეთიდან. აქედან: 462 ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია (მათ შორის 336 რეგისტრირებულია, ხოლო 126 ექვემდებარება ლეგალიზაციას); 18 ნაკვეთი სახელმწიფოსია, რომელთაც კანონიერად განკარგავენ კერძო მომხმარებლები და ექვემდებარება კომპენსაციას; 30 სახელმწიფო ნაკვეთი არ ექვემდებარება კომპენსაციას, ვინაიდან მას უკანონოდ იყენებენ; 279 სახელმწიფო ნაკვეთი კი თავისუფალია.

 

ზემოქმედების ქვეშ მოქცეული 510 ნაკვეთიდან 482 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, 13 _ საცხოვრებელია, ხოლო 15 ნაკვეთი _ კომერციული/საწარმოო დანიშნულების.

 

პროექტის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება 699 შინამეურნეობა 3 529 მობინადრით. მათ შორის 245 საჭიროებს განსახლებას, 127 განიცდის მწვავე ზემოქმედებას. ზემოქმედების ქვეშ მყოფი ოჯახებიდან 403 ცხოვრობს საკუთარ სახლში, 137 _ საერთო საცხოვრებელ ბინებში, ხოლო 159 დასაქმებულის ოჯახი იმყოფება სხვადასხვა ადგილას, საპროექტო ტერიტორიის გარეთ.

 

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცევა ასევე 20 469 ძირი ხე; 139 საცხოვრებელი ნაგებობა, 17 კომერციული ნაგებობა/მაღაზია, 35 დამატებითი სათავსო, 9 931 კვ/მ-ის კედლები/მესრები, აუცილებელი გახდება 1 საწარმოს ადგილმონაცვლეობა.

 

არსებული გეგმისა და წინასწარი შეფასებით, რომელიც წელს უნდა გადაიხედოს, განსახლების საერთო ღირებულება შეადგენდა 41 687 724 ლარს (25 265 287 აშშ დოლარს).

 

„ბათუმელების~ ინფორმაციით, პროექტის მარშრუტი არ შეიცვლება, ჩაქვის გვირაბიდან ჭოროხამდე მონაკვეთში განსახლება-კომპენსაციის გეგმის გადახედვა კი წლის მეორე ნახევარში დაიწყება. გარკვეული მონახაზი ვადებთან დაკავშირებით 2-3 თვეში იქნება. რაც შეეხება მშენებლობას, პროექტი დამტკიცდება იმ შემთხვევაში, როცა საბოლოოდ დადგინდება გავლენების ჩამონათვალი და ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირთა სია.

 

ოჩხამური-ჩაქვის მშენებარე მონაკვეთი

 

ამ ეტაპზე სამუშაოები ოჩხამურიდან სახალვაშომდე (ჩაქვის გვირაბამდე) მონაკვეთში მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ივლისში უნდა დასრულდეს. აშენდება 2 გვირაბი (საერთო სიგრძე 464 მეტრი), 16 ხიდი (საერთო სიგრძე 4538 მეტრი), კეთდება 4 სატრანსპორტო კვანძი სოფლებში: მუხაესტატეში, ხუცუბანში, კვირიკესა და დაბა ჩაქვში. გზა შეეხო 595 ნაკვეთს, რომელთა აბსოლუტურ უმეტესობაზე კომპენსაცია გაცემულია. მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 209 მილიონ 852 ათასი ლარი, საიდანაც უკვე დახარჯულია 97 მილიონ 315 ათასი ლარი.

 

აჭარაში 48,4 კმ სიგრძის ქობულეთისა და ბათუმის ასაქცევი გზა აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით (500 მილიონი აშშ დოლარი) დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში შენდება.

 

შეკვეთილი-ოჩხამურის ექსპლუატაციაში შესული, გზის დასრულებული მონაკვეთი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: