„ექსპერიმენტული მუსიკა არ მიდის კომპრომისებზე“

Black Sea Sound-ი ექსპერიმენტული, ალტერნატიული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ბათუმში 2014 წლიდან ტარდება. ფესტივალის მიმდინარეობისას ყოველ წელს ალტერნატიული, საავტორო მუსიკის კონცერტები, ვორქშოპები და შეხვედრები ტარდება მუსიკოსებთან. ფესტივალის მიზანი საქართველოში ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენაა, რომლებიც ექსპერიმენტულ მუსიკას ქმნიან. სემინარებისა და შეხვედრების საშუალებით მუსიკოსები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და კომუნიკაციის საშუალება ეძლევათ.

Black Sea Sound-ის დამფუძნებელი, ლევან გელიაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის მთავარი ამოცანა რეგიონში მცხოვრები მუსიკოსების მხარდაჭერაა, რომლებიც ფესტივალის პერიოდში შეძლებენ ივენთმენეჯერების, პროდიუსერების გაცნობასა და გამოცდილების, კონტაქტების გამრავალფეროვნებას.

22199360_1574848069220634_1280320349_o

30 სექტემბერს, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მუსიკოს ქუჯი დავითულიანის სემინარი ჩატარდა ფესტივალის ფარგლებში. თემა ელექტრონული მუსიკის წარმოშობას და მეოცე საუკუნის 50-იან წლებს ეხებოდა, პერიოდს, როცა ელექტრონული მუსიკა ჯერ კიდევ არ არსებობდა იმ სახით, როგორც დღეს არსებობს.  ქუჯი დავითულიანი ილიას უნივერსიტეტსა და თბილისის კონსერვატორიაში ასწავლის და ექსპერიმენტულ, ელექტრონულ მუსიკას ქმნის. საღამოს დასასრულს მან 45 წუთიანი კომპოზიცია დაუკრა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში შეკრებილი მსმენელისთვის.

  • ქუჯი, კიდევ რას ეხებოდა შენი  დღევანდელი სემინარი?

გარდა ელექტრონული მუსიკის წარმოშობისა, ვისაუბრეთ პირველ ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და მუსიკალურ აპარატებზე, რომელთა საშუალებითაც პირველად შეიქმნა ელექტრონული საუნდი. ვისაუბრეთ ელექტრონული მუსიკის პიონერებზე, ფრანგული ექსპერიმენტული მუსიკის მკვლევართა ჯგუფზე: კლუბ დესაიზე, პიერ შეფერზე, გერმანიისა და კიოლნის სტუდიაზე. გავავლეთ პარალელები ელექტრონული მუსიკის ამერიკელ და იაპონელ პიონერებთან. ვისაუბრეთ ასევე იმ გავლენაზე, რომელიც ელექტრონული მუსიკის პირველმა წლებმა მოახდინა შემდგომ განვითარებასა და დღევანდელ მუსიკაზე.

  • რომელი იყო პირველი ელექტრონული ინსტრუმენტები და ვინ იყვნენ შემქმნელები?

უნდა ვახსენოთ აუცილებლად ტადეუს კაჰილი და მისი გამოგონება ტელ ჰარმონიუმი, ასევე ლეონ ტერემინი, რომელმაც ტერევინ ვოქსი და რიტმიკონი შექმნა და ა.შ.

შემდგომ უკვე თუ ელექტროაკუსტიკურ მუსიკაზე, როგორც ელექტრონული მუსიკის ჟანრზე ვისაუბრებთ. ვერ ავცდებით პიერ შეფერს,  კარლჰანც შტოკჰაუზენს, ჯონ კეიჯს, ბერნარ პარმაჯანს, იაპონელებიდან კი ტორე ტაკემიცუს.

  • რა ნიშა აქვს ელექტრონულ მუსიკას ქართულ მუსიკალურ სივრცეში?

ელექტრონული მუსიკის გარკვეული მიმართულებები საკმაოდ პოპულარულია, მაგალითად ტექნო. თბილისში რამდენიმე კლუბი არსებობს, რომელიც არ უჩივის მსმენელის რაოდენობას, თუმცა მუდმივი სცენა საქართველოში ელექტრონული მუსიკის სხვა ჟანრებს არ აქვს და მხოლოდ ცალკეული ივენთების, ფესტივალების ამარაა დარჩენილი, რაც კარგი არ არის.  მხოლოდ ერთი ჟანრის განვითარება ელექტრონულ მუსიკას ვერ განავითარებს.

  • არსებობს თავისუფალი, ექსპერიმენტული მუსიკის სივრცე, სადაც დაინტერესებული ადამიანები იმუშავებენ? ან უკვე ჩამოყალიბებულ არტისტს, რომელიც ამ მიმდინარეობის მუსიკას ქმნის, შეუძლია თუ არა საქართველოში მხოლოდ მუსიკით თავის გატანა?  

საკმაო გამოცდილების მქონე, ჩამოყალიბებულ არტისტებსაც კი ჩვენთან აუცილებლად აქვთ რაღაც სხვა საქმე, მცირე ბიზნესი მაგალითად, რითაც თავს ირჩენენ. მუსიკით ვერ იცხოვრებ საქართველოში.

თავისუფალი სივრცე გვაქვს ილიას უნივერსიტეტსა და კონსერვატორიაში, სადაც მე ვასწავლი. დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ და იმუშაონ, ისწავლონ. მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. საქართველოში სხვაგან არსადაა მსგავსი ცენტრები.

საერთოდ კულტურა არ არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი, არხიც კი არ გვაქვს, რომელიც მხოლოდ კულტურას გააშუქებს. კულტურა არ არის პრიორიტეტი მასმედიისთვისაც, რაც ჩანს იქიდან, რომ მხოლოდ  პოლიტიკური ამბები შუქდება დიდი დოზით. თუ ქვეყნისთვის კულტურა არაა პრიორიტეტი, შეუძლებელია საზოგადოების მენტალური ცვლილებები უკეთესობისკენ.

უნდა ფინანსდებოდეს მეტი პროექტი კულტურული არეალის გასაფართოებლად, მეტ ნიჭიერ ადამიანს უნდა შეეძლოს საზღვარგარეთ სწავლა. ისეთი არტისტები უნდა ჩამოდიოდნენ, რომელთა მოსმენაც მარტო გართობასთან არ იქნება ასოცირებული და რაღაც უფრო მეტს მისცემს ადამიანს, ვიდრე უბრალოდ ერთი დღის ხალისიანი გატარებაა.

22171604_1574187355953372_1488016436_o

  • ცოცხლად უკრავდი 45-წუთიან კომპოზიციას მსმენელის თვალწინ. ხარ თუ არა დამოკიდებული მსმენელის რეაქციაზე ლაივებისას თუ შენთვის მთავარია უბრალოდ  სათქმელი გადმოსცე?

უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი იმპროვიზაცია არ არის დაკვრისას, არის რაღაც ძირითადი ჩონჩხი და მერე რა თქმა უნდა რაღაცებს სპონტანურად ვამატებ. მსმენელის რეაქციაზე ნაკლებად ვარ დამოკიდებული. ეს ექსპერიმენტული მუსიკაა, რომელიც არ მიდის კომპრომისებზე და არის ის, რაც არის.

მუსიკოსები, რომლებსაც მსმენელის რეაქციები მართავენ, ქმნიან მეინსტრიმულ მუსიკას. სრულიად თავისუფალი არ ვარ რა თქმა უნდა, რადგან გარემოში ადამიანები ერთად ვცხოვრობთ და გადაჯაჭვულები ვართ ერთმანეთთან. გარკვეულწილად ყველაფერი ყველაფერზე ზეგავლენას ახდენს, მაგრამ გამიზნული გავლენის მსხვერპლი არ ვარ.

______________

Black Sea Sound-ის ფარგლებში ნოემბრის ბოლომდე კიდევ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მუსიკოსები კონცერტების ორგანიზებაზე, მენეჯმენტზე, პროდიუსინგზე, ექსპერიმენტული მუსიკის სხვადასხვა მიდგომებსა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე მოისმენენ პროფესიონალების სემინარებს.

ვორქშოპების განრიგი პერიოდულად Black Sea Sound-ის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება. 

პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ნერგაძე