სიახლეები

5 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რელიგიურ ორგანიზაციებს

14.02.2015 • 1358
5 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რელიგიურ ორგანიზაციებს

 

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წერილის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ ამ უნივერსიტეტისთვის გადასაცემად, განათლების სამინისტროს, შარშან, 1 მილიონი ლარი გადაურიცხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

 

აღნიშნული თანხით უნდა დაფინანსებულიყო „ზოგიერთი პროგრამული მიმართულებების სწავლის გადასახადიდან გათავისუფლების, უნივერსიტეტის მიერ კვლევითი სამუშაოების გაფართოების, სწავლის ხარისხის ამაღლების, წარმატებულ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სასწავლო და კვლევითი მივლინებების ხარჯები“.

 

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს გასული წლის საქართველოს ბიუჯეტიდან ცალკე გადაერიცხა 2 მილიონ 100 ლარი.

 

საქართველოს საპატრიარქოს 2014 წლის 15 დეკემბრის წერილის საფუძველზე კი მთავრობამ საპატრიარქოს სარეზერვო ფონდიდან 542 000 ლარი გამოუყო. ეს თანხა საპატრიარქოს შემდეგი ხარჯების დასაფინანსებლად გადაეცა:

 

ა[ა]იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისთვის – 200 000 ლარი [152 000 ლარი – შრომის ანაზღაურების ხარჯი, 24 700 ლარი – კვების ხარჯი, 23 300 ლარი – კომუნალური ხარჯი];

 

ა[ა]იპ ვანისა და ბაღდადის ეპარქიის კულტურისა და სულიერების განვითარების ცენტრისთვის – 170 000 ლარი [35 000 ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯი, 40 000 ლარი – ოფისის ხარჯი, 95 000 ლარი – მშენებლობა-რემონტის ხარჯი];

 

ა[ა]იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიისთვის – 150 000 ლარი [შრომის ანაზღაურების ხარჯი];

 

ა[ა]იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლისთვის – 12 000 ლარი [შრომის ანაზღაურების ხარჯი];

 

ა[ა]იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიისთვის – 10 000 ლარი [შრომის ანაზღაურების ხარჯი].

 

საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის ცალკე 25 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 25 მილიონია გამოყოფილი საპატრიარქოსთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც.

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წერილის საფუძველზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 59 330 ლარი გამოიყო მომღერალ ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამოს ნაწილობრივ დასაფინანსებლად.

 

მომღერალმა 2015 წლის 4 იანვარს კონცერტი კი მთლიანად მიუძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, დაბადების დღის იუბილესთან დაკავშირებით. სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო ჰონორარებისთვის – 38 500 ლარი, ეკრანისთვის – 6 000 ლარი, სცენის მოწყობისთვის 10 000 ლარი და სხვა ხარჯების დასაფარად. აღნიშნული კონცერტის ღირებულება კი მთლიანობაში 90 130 ლარი იყო. ბილეთის ფასი კი 5-დან 70 ლარამდე.

 

საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტალური რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების მიზნით ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო რელიგიური გაერთიანებების დასაფინანსებლად, სარეზერვო ფონდიდან 3 500 000 ლარი გამოეყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, 3 500 000 ლარის ხარჯვასთან დაკავშირებულ მონაცემებს „ბათუმელებს“ უშუალოდ სააგენტო მოაწვდის.

 

 

გადაბეჭდვის წესი