მთავარი,სიახლეები

ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი ქალი გროსმაისტერი გახდა

02.10.2017 • 6697
ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი ქალი გროსმაისტერი გახდა

ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი, ნინო ბაციაშვილი მამაკაცთა შორის გროსმაისტერი, დიდოსტატი გახდა. საჭადრაკო ტურნირზე, რომელიც ინგლისში მიმდინარეობდა, ნინომ რეიტინგს – 2500-ს გადააჭარბა და  მალე ფიდეს კონგრესზე მიანიჭებენ უმაღლეს წოდებას ჭადრაკში.

„საერთაშორისო ტურნირი ინგლისში მიმდინარეობდა, კუნძულ მენზე, სადაც ნინომ არაჩვეულებრივად ითამაშა, ფაქტობრივად წაგების გარეშე, მათ შორის მასზე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებთან. ნინო დიდი ხანია მიდის ამ შედეგისკენ და უახლოეს დროში მას მიენიჭება დიდოსტატის წოდება. ეს ჭადრაკში უმაღლესი წოდებაა, რომელიც მან მოიპოვა. დიდოსტატის წოდება მის რეიტინგსაც მნიშვნელოვნად გაზრდის“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მენეჯერმა მარიკა ჯაფარიძემ.

ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქალია საქართველოში, რომელმაც ეს წოდება მიიღო და 36-ე ქალი მსოფლიოში, რომელსაც გროსმაისტერის წოდება აქვს. საქართველოში გროსმაისტერის წოდება აქვს ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს.

მთავარ ფოტოზე: ნინო ბაციაშვილი. ფოტო: Chess.com

_________________________________________

ამავე თემაზე: 

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი 

„ნონას“ მენეჯერი: ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვთა ჭადრაკის განვითარება იქნება 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: