მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ აამუშავა მერიამ საათი ჭაჭის თაუერზე

01.10.2017 • 2291
რატომ ვერ აამუშავა მერიამ საათი ჭაჭის თაუერზე

ბათუმის ნავსადგურთან სკვერში მდებარე ჭაჭის თაუერზე საათი არ მუშაობს. 19 ათასი ლარი საათის შესაკეთებლად მუნიციპალიტეტმა ორი თვის წინ გამოყო. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საათის ამ დრომდე შეკეთება იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ შესაბამისი სპეციალისტი საქართველოში ვერ ნახეს.

„საათი მიმდინარე წლის მაისის თვიდან არ მუშაობს, მეხი დაეცა კოშკს და მაშინ დაზიანდა. რამდენიმე სპეციალისტმა ნახა საათი და ორ-სამ დღეში მეტყვიან კონკრეტულ პასუხს მოახერხებენ თუ არა შეკეთებას. ძვირადღირებული საათია, რთული მექანიზმით, რომელიც ჩვენს, ასე ვთქვათ, გარემოზე არ არის მორგებული. დენის ძაბვის ცვალებადობაზე მყისიერად რეაგირებდა, დამცავიც დავუყენეთ, მაგრამ შედეგი არ იყო. თუ ადგილობრივი ძალებით ვერ მოხერხდა შეკეთება, ალბათ, ტენდერის გამოცხადება მოგვიწევს დაზიანებული დეტალის შესაძენად. ამ დეტალს კი, მხოლოდ გერმანიაში ამზადებს ის კომპანია, ვისი დამზადებულიცაა თვითონ ეს საათი“ – ამბობს ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე.

მისივე თქმით, ტენდერი რომც გამოცხადდეს, არ არის დარწმუნებული რომ ის კომპანია, რომელიც ამ დეტალს ამზადებს, მონაწილეობას მიიღებს, „არ უღირთ. მიუხედავად იმისა რომ  ფული გვაქვს, ვერ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ სპეციალისტები არ გვყავს ქვეყანაში“. კითხვაზე, რატომ არ მიმართეს შესყიდვების სააგენტოს პირდაპირი შესყიდვის ნებართვისთვის, ალექსანდრე თევზაძე ამბობს რომ სააგენტო ძირითადად უარს ამბობს, ამიტომ მიმართვისგან თავს იკავებენ.

თაუერის ირგვლივ ბალახიც გასაცელია. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს მერიის გამწვანების სამსახურის პრეროგატივაა. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური კი 1 ტონა დასათესი ბალახის თესლს ყიდულობს, რისთვისაც 20 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ჭაჭის თაუერის მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილი არა მარტო ბათუმის, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და კერძო კომპანიის საკუთრებაშიცაა. ბალახის საფარი კი დღეს ყველგან მოუვლელია.

IMG_20170930_180215

ბათუმი , ჭაჭის თაუერი / 30.09.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

IMG_20170930_181027IMG_20170930_181921

ამავე თემაზე:

19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შესაკეთებლად

მთავრობის გეგმები „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარედ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაფრთხილება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: