მთავარი,სიახლეები

ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში

30.09.2017 • 5147
ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში

რატომ სჭირდება  ევროინტეგრაცია საქართველოს როგორც რუსეთის და თურქეთის მოსაზღვრე ქვეყანას? რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ქვეყანა და როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში, ასევე დასავლეთთან? ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს,  ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა. 30 სექტემბერს ლაშა ბაქრაძემ ამავე თემაზე წაიკითხა საჯარო ლექცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის სკოლაში.

ორი ძლიერი ქვეყანა, – რუსეთი და თურქეთი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებია და ეს არის მოცემულობა. ერთი ქვეყანა ოკუპანტია და მეორე, როგორც ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, ავტორიტარიზმის გზას ადგას. ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში  რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროინტეგრაცია? 

საქართველოს ყველა მოსაზღვრე ქვეყანა ძალიან მოიკოჭლებს დემოკრატიის სტანდარტების მიხედვით. ეს არ არის მხოლოდ სრულიად ავტორიტარული რუსეთი და ავტორიტარიზმის გზაზე დამდგარი თურქეთი. ავტორიტარულია ასევე მეზობელი აზერბაიჯანი, კორუფციული და დემოკრატიული თვალსაზრისით არცთუ ისე წინ წასული სომხეთი. ასეთ გარემოცვაში საქართველოს მდგომარეობა ძალიან რთულია და კიდევ უარესად გართულდა მას შემდეგ, რაც ეს ახალი ტენდენციები შეინიშნება თურქეთში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის. ჩვენ ვხედავთ თურქეთის ზეწოლას სკოლების დახურვაზე ბათუმსა და თბილისში, თურქეთში ეჭვმიტანილი ადამიანის დაკავებას, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოტაცებას თბილისში და იმასაც ვხედავთ, რომ ამ გამოწვევას საქართველო ვერ უძლებს.

მეორე მხრივ, ეს გამოწვევა არის დიდი შანსიც, რადგან, სწორედ ამის გამო შეგვიძლია  საქართველოში არსებული ბევრი პრობლემა კრიტიკულად შევაფასოთ. ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველო ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან ძალიან სერიოზულად გამოირჩევა და ამის გამო დასავლეთის ინტერესი მზარდია საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს ინტერესი ისეთი მაღალი არ არის, როგორც ეს ჩვენ გვსურს.

რამ განაპირობა ამ ინტერესის შესუსტება საქართველოს მიმართ და თქვენი აზრით, როგორია ევროპიდან დანახული საქართველოს პერსპექტივა?

პრობლემა ნაწილობრივ არის ჩვენშიც, ბუნებრივია, მაგრამ ძირითადი პრობლემა ის არის, რომ სამყარო ძალიან სწრაფი ტემპებით იცვლება.

დასავლეთის ქვეყნებსაც სერიოზული პრობლემები. ავიღოთ გერმანია, ახლახანს არჩევნებზე ულტრამემარჯვენე თუ პოპულისტურმა პარტიამ ხმების დიდი რაოდენობა მიიღო, ეს რიგით მესამე პარტიაა ახალ ბუნდესტაგში და ეს არის პრობლემა გერმანიისთვის. მსგავსი პრობლემების წინაშე დგას დასავლეთის სხვა ქვეყნებიც. ეს არის „ბრექსიტი“, საფრანგეთშიც დავინახეთ როგორი რთული არჩევნები იყო, მიგრანტების თემაც კარგად იქნა გამოყენებული პოპულისტური პარტიების მხრიდან. საზოგადოებაში არსებობს შიშები და ეს შიშები, რასაკვირველია, ყოველთვის უსაფუძვლო არ არის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ  ტერორისტულ აქტებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა. როცა ეს შიშები არსებობს, უფრო ადვილია ექსტრემისტული პარტიებისთვის მობილიზება.  პრობლემები გაჩნდა გერმანია-თურქეთის ურთიერთობებშიც, რომელიც ყოველთვის იყო თვალსაჩინოდ კეთილგანწყობილი ურთიერთობა მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში და ბევრად უფრო ადრეც, ახლა კი ეს ურთიერთობები უაღრესად დაძაბულია.

თურქეთში ეს ცვლილებები ხდება გადატრიალების მცდელობის შემდგომ და თურქეთიც ხედავს, რომ ევროკავშირთან პერსექტივა არ არის და ბუნებრივია, როცა  სიტუაცია დაიძაბა, თურქეთსაც დასჭირდა  თანამოაზრე საერთაშორისო პოლიტიკაში.

ამ გლობალური ცვლილებების ფონზე როგორია საქართველოს პერპექტივები ევროკავშირში?

ძალიან რთული სათქმელია, რადგან როგორ განვითარდება პროცესები, არავინ იცის. მე ადრეც მითქვამს და შემიძლია გავიმეორო, რომ ჩვენ ვიმყოფებით გარკვეულ დროთა მიჯნაზე, როცა რაღაც პერიოდი საერთაშორისო პოლიტიკის მთავრდება და რაღაც ახალი უნდა დაიწყოს. ძალიან რთულია ამ პერიოდში კარგად გააზრება იმის, რა შეიძლება გაკეთდეს და საითკენ უნდა წავიდეს ეს ყველაფერი, რადგან დასავლეთშიც ძალიან დიდი ორჭოფობის პერიოდი დადგა, თუ საითკენ მიდის საერთოდ სამყარო.

ჩვენთან მით უმეტეს, როცა პოლიტიკური ელიტები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო მდგომარეობას და ცოდნაც უაღრესად მდარე დონეზეა ამასთან დაკავშირებით.

როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან და თურქეთთან მიმართებაში?

ქართული პოლიტიკა არის ძალიან მერყევი, ჩვენ ამას ვხედავთ განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის, თუნდაც იგივე საზღვრების გადმოწევით, ჩვენ ვერაფერს ვუპირისპირებთ მას, გარდა შიგადაშიგ საერთაშორისო ფორუმებზე ხმის ამოღებისა და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ასეთ მდგომარეობაში ძალიან სუსტ პოზიციას იკავებს.

მაშინ როცა ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოებში გამოჩდნენ პრორუსული პოლიტიკური ძალები, რომლებიც იკავებენ საპარლამენტო ტრიბუნას, ამავე დროს ძლიერდება რუსული პროგანდა ქვეყანაში, რა გავლენას მოახდენს ეს ევროინტეგრაციაზე?

ძალიან ვარდისფერი სათვალეებით უნდა იყოს ადამიანი აღჭურვილი, რომ ამბობდეს რუსული გავლენები საქართველოში არ არისო. ამაზე დასავლეთის ქვეყნებიც კი ალაპარაკდნენ და სერიოზულად უყურებენ ამ პრობლემას. საქარველოში მით უმეტეს, როცა ისედაც არსებობდა ნიადაგი პრორუსული განწყობების და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ძველი რუსული აგენტურა ძალიან კარგად მუშაობს. ნოსტალგიური განწყობები საბჭოთა კავშირის მიმართ იზრდება და ბუნებრივი ხდება საუბარი, რომ რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია საქართველოს ბედნიერი მომავალი და ასე შემდეგ.  თუმცა ევროინტეგრაციას ამ პარტიების გაძლიერება იმდენად არ გვაშორებს, რამდენადაც საქართველოში ეს არ უწყობს ხელს ჯანსაღი პოლიტიკური სიტუაციის შექმნას, თუმცა, ძალიან დიდი ძალა იხარჯება პრორუსული პოლიტიკის დაბალანსებაში. რასაკვირველია ცუდად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე, როცა ასეთი ნაციონალისტური მარშები ეწყობა.

„თურქეთს რუსეთი მირჩევნია“- არც თუ ისე იშვიათად ისმის ეს ფრაზა მეზობელი ქვეყნების შეფასებისას. რა დგას ამის უკან თქვენი აზრით და ზოგადად, რატომ უნდა ისმებოდეს არჩევანის საკითხი დამოუკიდებელ ქვეყანაში? 

ეს არანაირი არჩევანი არ არის. ეს არის რუსეთის მიერ თავსმოხვეული დისკურსი, თითქოს, თუ არა რუსეთი, მაშინ თურქეთი. ამდენს ვერ ბედავენ ევროპასთან და დასავლეთთან მიმართებაში, მაგრამ როცა საუბრობენ, თურქეთია ხოლმე წამოწეული წინ. სწორედ ეს არის რუსული დისკურსი, რუსული პროპაგანდის შედეგი და ამას ჩვენ წლებია ვუყურებთ.

როდესაც ვლაპარაკობთ გუშინ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინვე იწყება საუბარი იმაზე, რომ თურქეთს ხომ აქვს საქართველოს ტერიტორიები მითვისებული. სად შუა საუკუნეებში წაღებული საქართველოს ტერიტორიები და სად საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრები, რომელშიც იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და იმ საზღვრებში არასდროს არ შედიოდა თუნდაც ძირძველი ქართული ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ არის ისტორიული ქართული მიწები. აბსურდულია თავისთავად ეს შედარება, მაგრამ ეს მეთოდი საზოგადოების გარკვეულ წრეებზე მოქმედებს.

ჩვენი არჩევანი გამოხატა ქართულმა საზოგადოებამ რეფერენდუმზე, სადაც მან ხმა მისცა ევროპასთან ინტეგრაციას. გეტყვით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა  და ეს ცხადზე ცხადია ჩემთვის, მაგრამ თუნდაც ის დაახლოება ევროპასთან, რომელიც მოხდა ასოცირების ხელშეკრულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც დიდი გავლენა იქონია თუნდაც სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებაზე საქართველოში. ასევე, ძალიან დიდ შედეგს მოიტანს, თუკი ხელისუფლება კარგად გაიგებს და შემდეგ კარგად ახსნის, რა მოგება შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით ასოცირების ხელშეკრულებით.

თურქეთის ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენლად დიდი ნაბიჯებით, რომელიც 90 – იან წლებში იყო,  სწორედ ამ ასოცირების ხელშეკრულებით მოხდა. პირველ რიგში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყო ძალიან ხელი. სამწუხაროდ, ჩვენთან ხელისუფლებაც მზად არ არის იმისთვის, რომ საზოგადოებას აუხსნას, რა მოგება შეიძლება ჰქონდეს ამ ხელშეკრულებით და არ იყოს ნოსტალგიური წარმოდგენა, რომ მანდარინს უკეთესად გაყიდიან რუსეთში.

მანდარინი იქნება ეს თუ თაფლი, თუკი დააკმაყოფილებს სტანდარტს, შეუძლიათ ევროპაშიც გაყიდონ. ის, რომ ევროპული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს პროდუქტმა საქართველოსაც ძალიან სჭირდება, რადგან საერთოდ არ არის დაცული ქვეყანაში კვების უსაფრთხოება და საერთოდ არ ვიცით რას ვჭამთ.

ეს არის გზა საქართველოს ეკონომიკური გაჯანმრთელების, ამის გარეშე საუბარი  სუვერენულ პოლიტიკაზე ყოველთვის იქნება პრობლემატური.

ორუსული პოლიტიკური ძალები იმაზე აპელირებენ, რომ თუკი კურსს რუსეთისკენ ავიღებთ, ამით უფრო დაცული იქნება ქვეყნის საზღვრები და რუსეთი დაგვიბრუნებს მიტაცებულ ტერიტორიებს…

როგორც ჩანს საქართველოში მოკლე მეხსიერება აქვთ, რადგან ჩვენ გვაქვს გარკვეული ისტორიული გამოცდილება და ზუსტად იგივე არგუმენტებით  შევიდა საქართველო „ესენგე“-ში. არსებობდა იმედი დაკარგულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომ თითქოს არსებობდა გარკვეული პერსპექტივა რუსეთის მხრიდან დათმობების სახით. ჩვენ დავინახეთ, რომ ამან ხელი არ შეუწყო ჩვენი პრობლემების მოგვარებას და არც შეუწყობს, რადგან ეს არ არის რუსეთის ინტერესებში.

რუსეთი ძალიან მკაცრად მიყვება თავის პოლიტიკას. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს დღესაც აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ასე ვთქვათ, გაწერილი პოლიტიკა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და ჩვენ ვხედავთ საშიშროებას, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.

თუმცა, იმასაც უნდა ვხედავდეთ, რომ ეს რიტორიკა არის სრულიად აბსურდული, რადგან რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ეკონომიკურად უაღრესად ჩამორჩენილი ქვეყანაა და საქართველოს მასთან ინტეგრაცია არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ მოუტანს.

აძლევს თუ არა საქართველოს ევროპინტეგრაცია რაიმე ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს და დაცული იქნება თუ არა საქართველოს საზღვრები რუსეთის შემოჭრისგან?

ევროპასთან მეტი ინტეგრაცია რა თქმა უნდა დაიცავს ჩვენს საზღვრებს, რადგან  2008 წელს, რის გამოც რუსები არ შემოვიდნენ თბილისში, სწორედ დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა იყო  და რომ არა ეს მხარდაჭერა, არ ვიცით ახლა რა მდგომარეობაში ვიქნებოდით.

ჩვენ უნდა დავინახოთ ის ეკონომიკური მხარდაჭერაც, რომელიც ამის შემდეგ წამოვიდა ევროპიდან. რომ არა დახმარება, ჩვენ ბევრად დიდ სიდუხჭირეში ვიქნებოდით ომის შემდეგ, ვიდრე დღეს ვიმყოფებით. ბევრად შეცვლილია დასავლეთის პოლიტიკაც რუსეთთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, ევროპას არ ექნებოდა ის პრობლემები, რომელიც დღეს აქვს, რომ არ ჰქონოდა რუსეთის მიმართ თვალის დახუჭვის პოლიტიკა. მაგრამ ეს დამოკიდებულება შეცვლილია დღეს და ევროპამ სხვადასხვა სანქციებით გამოხატა ის, რომ არ შეეგუება რუსეთის ასეთ პოლიტიკას.

რასაკვირველია, ევროპაშიც არიან ისეთი პოლიტიკური ძალები რომლებიც ითხოვენ, რომ სანქციები აღარ იყოს, მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ იმისათვის, ევროპამ უფრო მეტი ყურადღება მოგვაქციოს?

მე ვიტყოდი, რომ ძალიან ცოტას. ფაქტობრივად არაფერს. თითზე ჩამოსათვლელია საქართველოს საელჩოები, რომლებიც ამ თემატიკასთან დაკავშირებით ესაუბრებიან იქაურ პოლიტიკოსებს. საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბევრად უფრო აქტიური უნდა გახდეს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიკასთან მიმართებაში, რადგან საქართველოს ეკონომიკა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის დასავლეთისთვის.

მაშინ რითი  ვართ  ევროპისთვის მნიშვნელოვანი?

ჩემი აზრით, სწორედ იმით, რომ რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით ყველაზე სამაგალითო ქვეყანა ვართ და ვფიქრობ, ამას აფასებენ დასავლეთში. ამ ერთადერთი მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენება  კიდევ უფრო მეტად შეუძლია საქართველოს და ეს იქნებოდა ძალიან სწორი საგარეო პოლიტიკა.

როგორი უნდა იყოს ჩვენი როლი მეზობლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით? ჩვენ ამბებიც კი არ ვიცით, თუნდაც თურქეთის ან სომხეთის.  თუ არის აქტიურობა საჭირო და რა მიმართულებით უნდა გავაქტიურდეთ? 

დიახ, ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. უბრალო მაგალითს მოვიყვან, გერმანიაში მიმდინარე არჩევნებზეც კი ძალიან მცირეა ჩვენგან გამოხმაურება, მაშინ როცა ანალიზია საჭირო და გაგება იმ პროცესებისა, რაც იქ ხდება.

ეს გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენ  საკუთარ თავს ვერ აღვიქვამთ როგორც საერთაშორისო სუბიექტს  და ინტერესი და ცოდნა, თუ რა ხდება უცხოეთში, ჩვენთან არის ძალიან დაბალ დონეზე.

ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნების შესახებ უფრო მეტი ვიცოდეთ. თუნდაც რუსეთის შესახებ და არა მხოლოდ ის, რასაც რუსული არხები გვთავაზობენ. ამაზე უნდა იწერებოდეს უფრო მეტი და ნორმალური მედია, რომელიც ჯერ კიდევ შემოგვრჩა, უფრო მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

ჩვენი მეზობელი ქვეყნების კულტურული ცხოვრების შესახებ კიდევ უფრო ნაკლებად ვიცით და სრულიად გამოთიშული ვართ პროცესებიდან. კარგი იქნება უფრო მეტი ნათარგმნი მასალები იბეჭდებოდეს ქართულ ჟურნალებში, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, როგორ წერს ამ პროცესებზე იქაური მედია და როგორ ხედავენ პრობლემებს.

_____________________

ამავე თემაზე: 

ლაშა ბაქრაძე: „დასავლეთი არის საქართველოს ბუნებრივი მომავალი“

ოკუპანტის ენაზე მიმართვა ოფიციალურ საღამოზე – ”ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის მაგალითი”

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: