მთავარი,სიახლეები

11 თვის ბონდო ექიმთან ვერ მიჰყავთ

29.09.2017 • 2841
11 თვის ბონდო ექიმთან ვერ მიჰყავთ

ოქტომბერში ბონდო 1 წლის გახდება. თუ დედას გზის ფული ექნება, ბონდოს თბილისში წაიყვანენ და ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგადაც იგი ჭამას თავისუფლად შეძლებს. ბონდოს იშვიათი, თანდაყოლილი დაავადება აქვს, ე.წ. „მგლის ხახა“ და მას პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება. მას ჟვანიას კლინიკაში მკურნალობდნენ, სადაც ბონდოს დედას, 32 წლის ნონას უთხრეს, რომ ოპერაციიას მას შემდეგ გაუკეთებდნენ, როცა ბავშვის წონა მინიმუმ 8 კილოგრამს მიაღწევდა.

ბონდო ახლა 6 კილოგრამს იწონის. ბოლო თვეში მან ერთი კილოგრამი დაიკლო, რადგან საჭმლის მიღება უჭირს და თან ვირუსი შეეყარა. ნონას მთავარი დარდი ახლა ისაა, როგორ წაიყვანოს ბავშვი თბილისში, როცა გზის ფული არა აქვს, არადა, ბონდო ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უნდა ენახა მის ექიმს და ბავშვის მდომარეობა შეემოწმებინა.

ნონა გურგენიძე ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე ცხოვრობს. წელს იგი სოციალურ დახმარებას ვერ იღებს, ნონა მიყვება, რომ რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა და სამეგრელოში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი პერიოდი ავადმყოფობდა, რის გამოც ოჯახმა ვალები აიღო, შემდეგ ბონდო დაიბადა და მის მკურნალობას დასჭირდა თანხა. სიდუხჭირე და ვალები ოჯახში კონფლიქტების მიზეზი გახდა და ნონა ისევ ბათუმში დაბრუნდა საცხოვრელად ბავშვთან ერთად. ოჯახის წევრები მას არ ჰყავს, დედა გარდაეცვალა, სოციალურ დახმარებას ვერ იღებს, სოციალურ სააგენტოში უთხრეს, რომ მის საკითხს 2018 წლის მარტამდე ვერ განიხილავენ, თუმცა სააგენტო ბონდოს საკვებით, წამლებით და პამპერსით უზრუნველყოფს.

ნონა

ნონა

„უმადური ადამიანი არ ვარ, ბავშვს საკვების პრობლემა არა აქვს ახლა, წამლებიც მოუტანეს, მაგრამ ოპერაცია სჭირდება, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უნდა ჩავსულიყავით თბილისში, მის ექიმთან, რომელმაც ავადმყოფობის მთელი ისტორია იცის და ვერ მიმყავს, გზის ფული არ მაქვს,  სააგენტოში მეუბნებიან, რომ გზის ფული მე უნდა ვიშოვო. სად ვიშოვო? ხან ნათესავ-მეგობრები მეხმარებიან, მაგრამ მინიმუმ 400 ლარი მაინცაა საჭირო, რომ ბავშვი თბილისში წავიყვანო, გზის ფული, გადაადგილების, საავადმყოფოში მისვლა, მარტო ვერ წავიყვან, პატარაა ბავშვი, ვიღაც უნდა გამყვეს. ვის უნდა ვთხოვო, ვისაც რით შეუძლია მეხმარებიან, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი ფულია. ბათუმში დამყავს ექიმთან, კარგი ექიმი ჰყავს, მაგრამ ოპერაციაა საჭირო“ – ამბობს ნონა.

დღეში რამდენჯერმე ნონას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ურეკავენ და ახსენებენ, რომ თანხა აქვს დასაფარი. უკვე მერამდენე თვეა, ნონა ვალების და პროცენტების გადახდას ვერ ახერხებს, ამის ფული მას არა აქვს. ხანდახან იმას ახერხებს, რომ ბავშვი სხვას დაუტოვოს ცოტა ხნით და დღიურად გავიდეს სამუშაოდ, სახლი დაალაგოს ან სხვა საქმიანობაში დაეხმაროს ვინმეს, მაგრამ ასეთი სამუშაო იშვიათია და ვერც ბავშვის დატოვებას ახერხებს.

ნონა მიყვება, რომ სოციალური სააგენტოდან გააფრთხილეს, ერთი თვის შემდეგ, როცა ბონდო 1 წლის გახდება, საკვებით დახმარება შეწყდება. რა იქნება მერე? როგორ შეძლებს ბავშვისთვის საჭირო საკვებისა და მედიკამენტების ყიდვას? სად იშოვოს ფული, რომ ბონდო თბილისში წაიყვანოს ოპერაციისთვის? – ამ კითხვებზე ნონას ჯერ პასუხი არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: