მთავარი,სიახლეები

ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში

30.09.2017 • 4810
ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში

მახინჯაურში, ზღვისპირას მდებარე მიწის ოთხი ნაკვეთი [ჯამში 8867 კვ/მ], საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 ათას ლარად „აჭარის კურორტებს“ მიყიდა. „აჭარის კურორტების“ აქციების მფლობელ კომპანია – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს კი აჭარაში 21 საკურორტო/ტურისტული ობიექტი [მათ შორის „მედეა“ და „მესხეთი“] 11 წლის წინ გადასცეს, რომლებზეც ე.წ. ყაზახური ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა. გასულ წელს კი, აჭარის მთავრობამ 2006 წელს გადაცემული ქონების ნაწილი კომპანიისგან უკან დაიბრუნა და მასთან ხელშეკრულებაც განაახლა.

ახალი შეთანხმებით „აჭარის კურორტებს“ დაუტოვეს ყოფილი სანატორიუმ „ნარინჯის“ ტერიტორია [7020 კვ/მ] მახინჯაურში, რომლის ირგვლივ მდებარეობს სწორედ ახალგადაცემული მიწის ნაკვეთები. ამ ახალი ნაკვეთების ღირებულება [660 ათასი, ანუ 1კვ/მ-ში დაახლოებით 75 ლარი] კომპანიამ 6 თვის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა დაფაროს. ამასთან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ახალ და ძველ ნაკვეთებზე ერთად, არანაკლებ 100 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ კომპანიას უფლება აქვს ინვესტიცია „უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით“ განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობასა და „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს შორის შარშან განახლებული ხელშეკრულებით მარტო „ნარინჯის“ ტერიტორიაზე კომპანიას 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო [ვადა – 2020 წლის 31 დეკემბრამდე].

შეუმცირეს თუ არა განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულება კომპანიას? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მათ პირობა არ შეუცვლიათ და შარშანდელი შეთანხმება ძალაშია.

„ჩვენ ახალი ნაკვეთები არ გაგვისხვისებია და შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებთ… რაც შეეხება შარშანდელ პირობას, არ შეგვიცვლია. ალბათ, ამ 300 ათასს დაემატება ეს 100 ათასიც და მთლიან ტერიტორიაზე კომპანია ჯამში 400 ათასი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს“ – გვითხრეს სამინისტროში.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ახალი ინვესტიცია, რაც კომპანიამ უნდა განახორციელოს, „არ მოიცავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს შორის 2006 წლის 18 თებერვალს გაფორმებული სს „აჭარის კურორტების“ აქციათა 100%-ისა და სს „მესხეთის“ აქციათა 52.83%-ის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ინვესტიციას“.

ამ ნასყიდობის ხელშეკრულების ახალი, შარშანდელი ვარიანტით კი, „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-მ, ასევე 2020 წლის 31 დეკემბრამდე, უნდა უზრუნველყოს ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე [ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბულვარის გასწვრივ] არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება.

რის აშენებას გეგმავს „აჭარის კურორტები“ ყოფილი „ნარინჯისა“  თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე და რა ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს კომპანიას? – ამ და სხვა კითხვებით „აჭარის კურორტებს“ მივმართეთ, საიდანაც „სილქ როუდ ჯგუფში“ გადაგვამისამართეს.

ამ კომპანიაში გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში გვიპასუხებენ. „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“ სწორედ „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა.

ამავე თემაზე:

რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე

შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში

მახინჯაური, ბათუმი, 2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

მახინჯაური, ბათუმი, 2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

„აჭარის კურორტებისთვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთები მახინჯაურში [აღნიშნულია მწვანე ფერით] / ტერიტორია თამარ მეფის გამზირის გასწვრივ, სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ და ზემოთ მდებარეობს მახინჯაურში შესასვლელთან

„აჭარის კურორტებისთვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთები მახინჯაურში [აღნიშნულია მომწვანო ფერებით] / ტერიტორია ზღვასთან, თამარ მეფის გამზირის გასწვრივ, სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ [ზემოთ]  მდებარეობს მახინჯაურის შესასვლელთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: