„ოცნების“ სიის პირველი ნომერი ქედაში: მოსახლეობა ზარმაცობს

ქედის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე, სახელისუფლებო პარტიამ პროპორციული სიის პირველ ნომრად დაასახელა ქედაში. რა გააკეთა მოსახლეობისთვის მუშაობის სამწლიან პერიოდში, რის გაკეთება ვერ შეძლო და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას?  – „ბათუმელების“ კითხვებს ამირან ცინცაძე პასუხობს.

ბატონო ამირან, რამდენად შესრულდა თქვენი წინასაარჩევნო დაპირება?

ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას – წყლისა და გზის პრობლემის მოგვარება, თითქმის შესრულდა. ვერ ვიტყვი 100%-ით მეთქი, მაგრამ უმეტესი ნაწილი გაკეთებულია. სოფლებში ცენტრამდე გზები მოწესრიგდა, შიდა გზებია დარჩენილი. შეიძლება ყველა საკითხი ვერ გადაწყდა, მაგრამ სადაც საქმე კეთდება, შესაბამისად, მას დროც სჭირდება.

რას გულისხმობთ, კონკრეტულად რა ვერ გადაწყდა?

მაგალითად, წყალის საკითხი, ზოგიერთ სოფელში მოსაგვარებელია შიდა გზების პრობლემა, რაც სამომავლოდ გაკეთდება.

თქვენ ახსენეთ ლის და გზის პრობლემისოგვარება, თუ  გაქვთ დათვლილი რა ანხა დასჭირდება?

ციფრები ზუსტად არ მახსოვს, სასმელ წყალთან დაკავშირებით სამომავლოდ 2-3 პროექტი იქნება, რომელიც 3 მილიონზე მეტი  ლარი დაჯდება. რაც შეეხება შიდა გზების რკინა ბეტონითა თუ ასფალტის საფარით მოწესრიგებას, დიდი თანხა არ დასჭირდება, განსახორციელებელ სამუშაოებს ბიუჯეტი გაწვდება,  ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდება.

რამდენი იქნება 2018 წლის ბიუჯეტი? რის ხარჯზე მოხდება თანხის გაორმაგება? ადგილობრივი შემოსავალი გაიზარდა თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერი გაიზრდება ?

სავარაუდოდ 20 მილიონამდე, ადგილობრივი შემოსავალიც გაიზარდა, 220-კილოვატიანი ხაზის მშენებლობით მუნიციპალიტეტში მილიონ ნახევარზე მეტი თანხა შემოვა.

რამდენი პროექტის ავტორი ხართ ქედის საკრებულოში?

როგორც ასეთი პროექტი, მე თვითონ არ მქონია, მაგრამ ყველა შემოსული პროექტი  განვიხილეთ და დამტკიცდა.

რომელ პროექტს გამოყოფდით?

ნაპირგამაგრების პროექტი, რაზეც ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, საუკუნის პროექტად ჩავთვლი გაზიფიცირებას, ზესოფელი-გულები-ხუნკუდის წყალსადენს, რომელიც მილიონამდე ლარი დაჯდა.

თუმცა თქვენ მიერ დასახელებულ სოფლებში წყლის პრობლემა არ მოგვარებულა, ონკანამდე წყალი არ მისულა, მოსახლეობისთვის შეძენილი წყლის მილები ჯერ კიდევ გამგეობის ეზოში აწყვია…

როცა წყალსადენის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, ამ სამუშაოებში არ შედიოდა წყლის მოსახლეობამდე მიყვანა, მილები შეძენილია და თვითონ მოსახლეობა მიიყვანს.

რამდენად დამოუკიდებელია ქედის თვითმმართველობა დღეს?

არასდროს ყოფილა ვინმეს ზემოდან ეკარნახა, პირიქით თვითმმართველობა უფრო და უფრო ძლიერდება.

რამდენი გასვლითი სხდომა ჩატარდა სამი წლის განმავლობაში და რა საკითხები განიხილეთ?

გასვლითი სხდომა ერთხელ ჩატარდა სოფელ მერისში, არ მახსოვს რა საკითხები განვიხილეთ.

საკრებულოს ოპოზიცია გადანაშაულებთ იმაში, რომ მათ მიერ ინიცირებულ პროექტებს [სოციალურ პროექტებს] ბლოკავდით. რატომ არ ითვალისწინებდით თქვენი კოლეგების მოთხოვნებს? ერთგვარად პოლიტიკური დატვირთვა ხომ არ ჰქონდა?

ეს იყო მხოლოდ პოპულიზმი, არ შემოუტანიათ ისეთი საკითხი, რომ ოდნავი ყურადღების მიქცევის ღირსი ყოფილიყო, არაფერი პოლიტიკური არ ყოფილა.

რამდენად  გაუმჯობესდა სოციალური ფონი?

პენსია მოიმატა, ყველას აქვს შესაძლებლობა რაღაც გააკეთოს, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობას აქვს შანსი პროექტი დაწეროს და დაფინანსებაც მიიღოს. ამდენი ტურისტი მახუნცეთში კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა, ტურისტი რომ ამოდის და ადგილობრივები ვაჭრობენ შემოსავალია, აბა რაა?!

თქვენ საუბრობთ, რომ სოციალური ფონი გაუმჯობესდა, თუმცა რეალურად სოფლებიდან მიგრაცია მატულობს, რასაც სოციალური ფონი განაპირობებს, რა შეიძლება გაკეთდეს მიგრაციის შესაჩერებლად?

მახსოვს, როდესაც წინასაარჩევნო შეხვედრებს ვმართავდით, მოსახლეობას ვთავაზობდით თხილის, მოცვის, ვაზის ნერგებს უფასოდ, რომ  გაეშენებინათ კულტურები და 3-5 წელში შემოსავალი ექნებოდათ, მოსახლეობა ზარმაცობს, ყურძნის ისეთი ნერგი უნდა, რომ პირდაპირ მოისხას, ასე არ არის. მესმის რომ მოსახლეობას შეიძლება ისეთი შემოსავალი არ ჰქონდეს  საქართველოში,  როგორც შვეიცარიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში აქვთ, მაგრამ ხომ უნდა დაიწყო ფუნდამენტის ჩასხმა?  გააშენოს თხილი, ყურძენი, მოცვი… მეფუტკრეობას მიჰყოს მოსახლეობამ ხელი, რომელსაც სახელმწიფო უწყობს ხელს.

როგორ ფიქრობთ, თხილის იმ ფასით, რაც წელს არის, შეძლებს ფერმერი წლიდან-წლამდე ოჯახის რჩენას? თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქედა მცირე მიწიანი მუნიციპალიტეტია?

წელს შეიძლება დაბალი იყო თხილის ფასი, მაგრამ თხილს ფასი ყოველთვის ჰქონდა და ექნება.

ქედის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, რამაზ ბერიძე გადანაშაულებთ იმაში, რომ მისი მოთხოვნა, „გიორგობის“ დღესასწაულზე დახარჯული თანხები საკრებულოს შეესწავლა, არ დაკმაყოფილდა. რატომ არ დაინტერესდით დახარჯული თანხის მიზნობრიობით?

თუ ხედავდა, რომ დანაშაული იყო, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მე რას მეუბნება? ჩემი რა შესასწავლია გიორგობის დღეზე ვინ რა დახარჯა და ვინ რა გააკეთა? ეს ჩემი საქმე არ არის.

არ ფიქრობთ, რომ საკრებულომ ფინანსური დანახარჯების მონიტორინგი უნდა განახორციელოს? თუნდაც რამდენად ხარისხიანად კეთდება სამუშაოები?

რა თქმა უნდა, მონიტორინგი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება კიდეც, მაგრამ  თუ ფიქრობს, რომ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, პირდაპირ სამართალდამცავებისთვის უნდა მიემართა და არა საკრებულოსთვის.

თქვენი თავმჯდომარეობის დროს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ნუსხაში სოფელ ძენწმანში არსებული 102 კვადრატული მიწის ნაკვეთი თავისუფალი მიწის სახით შევიდა, მაშინ, როდესაც მიწაზე მაღალჩინოსანი პოლიციელის მამას უკანონო შენობა ჰქონდა მოწყობილი და სამეწარმეო საქმიანობას ასრულებდა, რატომ დამალეთ რეალური ფაქტი?

საკრებულოზე შემოვიდა საკითხი, რომ მიწა შესულიყო საპრივატიზაციო ნუსხაში, ჩავსვით და რა არის დანაშაული?

ხომ იცოდით მიწაზე შენობა ფუნქციონირებდა და რატომ დაუჭირეთ მხარი მიწის თავისუფალი სახით პრივატიზებას? რატომ დამალეთ რეალური ფაქტი?

როცა აუქციონი გამოცხადდება, მაშინ გაარკვიონ, თუ როგორაა და რა არის, მე ვიცოდი, რომ ყველაფერი კანონიერად მიმდინარეობდა.

პროფესიით ექიმი ხართ, შესაბამისად, თქვენ უკეთესად იცით რა სჭირდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, რა გააკეთა საკრებულომ მათთვის? 

სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს საკრებულო ვერაფერში ვერ დაეხმარება, არსებობს ხელისუფლება, მთავრობა და ის  გადაწყვეტს, რა სჭირდება.

თვითმმართველობას მინიმუმ ადაპტირებული გარემოს შექმნა ხომ შეუძლია მაინც?

თვითმმართველობა ვერ მოაგვარებს ამას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი