მთავარი,სიახლეები

ცნებები: პრემია და დანამატი უნდა გაუქმდეს – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“

28.09.2017 • 2801
ცნებები: პრემია და დანამატი უნდა გაუქმდეს – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, პირველ რიგში, მიწის პრობლემის მოგვარებას აპირებს, თუმცა ვერ ამბობს, რატომ უნდა ენდოს ხელვაჩაურის მოსახლეობა მას ამჯერად. თეიმურაზ დუმბაძე  2008 წლიდან 2012 წლამდე ხელვაჩაურის გამგებელი იყო. სწორედ ამ დროს შეიქმნა ყველაზე მწვავედ მიწის პრობლემა ხელვაჩაურში, კონკრეტულად კი, გონიოში. თეიმურაზ დუმბაძემ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის პირველ პირად დაბრუნება უნდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, არამედ იმიტომ, რომ შეჩერებული პროექტები აამუშაოს.

ბატონო თეიმურაზ, რა პროგრამების განხორციელებას გეგმავთ მერობის შემთხვევაში? 

პირველ რიგში, მყისიერად უნდა მოგვარდეს წყლის პრობლემა, ასევე გაზიფიცირება, მიწის დაკანონების პრობლემა უნდა მოიხსნას…

კონკრეტულად გვითხარით, მაგალითად, წყლის პრობლემა რამდენ სოფელს აწუხებს და რა ფინანსური რესურსი დასჭირდება მის მოგვარებას. სად ნახავთ ამ ფულს? 

წყლის პრობლემა ბევრ სოფელს აწუხებს. შესაძლოა მთლიანად სოფელს არა, მაგრამ ცალკეულ დასახლებას ისევ არ მიეწოდება წყალი. ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აგვარებს ამ პრობლემას წლების განმავლობაში, რადგან ეს არ არის მათთვის პრიორიტეტი… ჩემი გათვლებით, მოსახლეობის წყლით სრულად უზრუნველყოფას 5-6 მილიონი ლარი დასჭირდება. ამ ფულს ვნახავთ იქედან, რომ აღარ გაიცემა პრემია და დანამატები. საერთოდ, ეს ცნებები გაუქმდება და საჯარო მოხელეები მიიღებენ მხოლოდ დამსახურებულ ხელფასებს. ეს დაზოგავს ბიუჯეტში მილიონ 200 ათას ლარს. გარდა ამისა, მილიონი ლარის გამოთავისუფლება არის შესაძლებელი იმ თანხებიდან, რაც გათვალისწინებულია თანამდებობის პირების კომფორტის შესაქმნელად, მაგალითად, კაბინეტების კეთილმოსაწყობად, ავეჯისთვის… დანარჩენ თანხას გამოვძებნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტიდან.

რომელ ინფრასტრუქტურულ პროექტს შეაჩერებთ კონკრეტულად? 

არის ასეთი პროექტები, რომელთა შეჩერებაც შეიძლება, ან მოგვიანებით განხორციელება, მაგალითად, სოფლებში სტადიონების რეაბილიტაცია და ასე შემდეგ… რაც შეეხება გაზიფიცირებას, ეს სამუშაოებიც უნდა დასრულდეს დროულად. 2012 წლამდე რამდენიმე სოფელში შევიყვანეთ ბუნებრივი აირი, მას შემდეგ კი, პროცესი გაჩერდა. ჩვენ არაერთხელ დავინტერესდით, რატომ შეაჩერა „სოკარმა“ სამუშაოები, მაგრამ ვერ მივიღეთ გამგეობისგან და ვერც კომპანიისგან პასუხი. ჩვენ გვქონდა გეგმა – 2015 წლამდე ხელვაჩაურის დაბლობში მდებარე სოფლების სრულად გაზიფიცირება უნდა მომხდარიყო.

თქვენ ახსენეთ მიწის დაკანონების პრობლემა. რა გეგმა გაქვთ ამ კუთხით? 

მოგეხსენებათ, მიწის რეფორმა არ ჩატარებულა თავის დროზე ხელვაჩაურსა და ქობულეთში. ეს იყო შეცდომა, როცა წინასწარ შესწავლის გარეშე გადაეცათ მოქალაქეებს მიწები საკუთრებაში. ეს არ შეეხება მხოლოდ გონიოს. უფრო სწორად, შეცდომა მიდგომაში კი არ იყო, არამედ განხორციელებაში. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ კონკრეტული თანამდებობის პირებმა დაუშვეს შეცდომები… დრო არ იყო საკმარისი, რომ ბოლომდე მიგვეყვანა ეს პროცესი.

ანუ, ხელვაჩაურის მერად უნდა აგირჩიონ იმიტომ, რომ ეს შეცდომა გამოასწოროთ? 

მარტო იმისთვის არა, რომ შეცდომები გამოვასწოროთ. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც მე დავტოვე 2012 წელს და არაფერი შეცვლილა. იგივე მიწის საკითხზე რა მოგვარდა ამ წლების განმავლობაში? მიწის საკითხი მუნიციპალურ დონეზე ვერ მოგვარდება, მაგრამ ამ თემას სჭირდება შესაბამისად გააქტიურება, რომ არ დაზარალდნენ მოქალაქეები.

რატომ უნდა გენდოთ თქვენგან უკვე დაზარალებული ამომრჩევლები? 

იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი პრაქტიკა და გამოცდილება… როცა საუბრობთ დაზარალებულებზე, გასაგებია, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ ამის პარალელურად ათასობით ადამიანმა დაიკანონა მიწა ხელვაჩაურში. ძირითადად, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მდებარე ექვსი მეურნეობის  მიწის მფლობელები დაზარალდნენ, მათ შორის, გონიოელები.

კონკრეტულად რა პროგრამებისთვის დაიხარჯება ხელვაჩაურის ბიუჯეტი, თქვენი მერობის შემთხვევაში? 

ძირითადად ეს იქნება სოციალური პროგრამები. ახლაც არის სოციალური ჯგუფებისთვის სახელმწიფო პროგრამები, რაც არაა საკმარისი. სოციალურად დაუცველებს, ასევე სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ, მაგალითად, უფასო მედიკამენტების პროგრამა. წამლის ფასი ორჯერ, ან სამჯერ გაძვირდა. წამლის შეძენის საშუალება ხშირად მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენ ამისთვის აუცილებლად გამოვყოფთ თანხებს.

თქვენ იყავით გამგებელი 4 წლის განმავლობაში. როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველს არ ექნება განცდა, რომ კონკრეტული საქმის საკეთებლად საკმარისი დრო უკვე გქონდათ? 

ჩვენ ვერ მოვასწარით ბევრი პროგრამის განხორციელება, მათ შორის, პერსპექტიული განვითარების გეგმა ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. ძალიან ბევრი დაწყებული საქმე გაჩერდა შუაში…

თუ საქმეს აკეთებდით, რატომ წააგეთ არჩევნები, რას ფიქრობთ ამაზე? 

ხელვაჩაურის გადასახედიდან ვერ გეტყვით ამას. ალბათ, მოსახლეობის მთლიანი განწყობა იყო ასეთი. ეს ძირითადად განაპირობა მაშინდელი ჩვენი ოპონენტების მხრიდან უსამართლო ბრალდებებმა და არასწორმა პიარკამპანიამ. შემდეგ კი დაინახა მოსახლეობამ, რომ საქმეს ვაკეთებდით…

თუ ასეა, რატომ ვერ მოიგო თქვენმა პარტიამ გასული წლის არჩევნები იგივე ხელვაჩაურში? საპარლამენტო არჩევნების შედეგი ხომ არ აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობას არ სურს თქვენზე არჩევანის გაკეთება? 

თქვენ ალბათ ნახავდით კადრებს, როგორ ყალბდებოდა არჩევნები, მასობრივ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. წესიერი არჩევნები რომ ჩატარებულიყო, სხვა შედეგი დაიდებოდა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ ჰქონიათ მსგავსი შეფასება, რომ გაყალბდა არჩევნები. 

ვიდეოკადრები ჩვენ გავავრცელეთ და რატომ არ ჩაწერეს მერე ანგარიშებში, ან რატომ არ ჰქონდათ შეფასება, არ ვიცი. მე ვიცი რეალურად, რაც მოხდა. წელს უფრო მობილიზებული ვიქნებით, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ამომრჩევლის ხმა.

ამ მოწვევის საკრებულოში თქვენ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელმძღვანელობდით. როგორ გამოიყენეთ ეს შანსი, რა ინიციატივები გქონდათ? 

ჩვენ გვქონდა დაახლოებით 15 ინიციატივა, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი გაიზიარეს. დანარჩენზე უარი გვითხრეს პოლიტიკური მიზეზის გამო. რაც გაითვალისწინეს, ის შეეხებოდა სარფში მუნიციპალურ საიჯარო ნაკვეთებზე გადასახადების შემცირებას. ზღვის სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა და მოიჯარეებმა ვერ ისარგებლეს საკურორტო სეზონით. ინიციატივა გვქონდა ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ვისაც აქვთ საკარმიდამო ნაკვეთები, სათბურების, ან ფუტკრის ოჯახების გადაცემა. გასაგებია, რომ მსგავსი პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, მაგრამ სოციალურად დაუცველს არ აძლევენ. ინიციატივა გვქონდა სოციალურად დაუცველებისთვის სახურავების გადაცემაზე, რაზეც ასევე უარი გვითხრეს. გასულ წელს იყო შემთხვევა, როცა მსხვერპლიც იყო რაიონში, ამ სახურავის პრობლემის გამო…

რის შეცვლას აპირებთ ტურიზმის კუთხით? 

პოტენციალი ტურიზმის კუთხით არის ძალიან დიდი. არა მარტო სარფი, არამედ მაჭახლის ზონა, ყოროლისთავი, თხილნარი… ჩვენ გვქონდა მონახაზი, რა უნდა გაკეთებულიყო, მაგალითად, მაჭახლის ხეობაში. ჩვენი წასვლის შემდეგ, მაჭახელა მხოლოდ დაცულ ტერიტორიად გამოაცხადეს, მეტი არაფერი შეცვლილა. არც ტურისტული ბილიკები მოწყობილა და არც საპიკნიკე ადგილები. აგროტურიზმის განვითარებაც არის შესაძლებელი მაჭახელას ხეობაში.

თქვენი ერთ-ერთი ოპონენტი – ჯუმბერ ვარდმანიძე „ქართული ოცნებიდან“ ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. თქვენი აზრით, რატომ შეარჩია იგი მმართველმა პარტიამ ხელვაჩაურში მერობის კანდიდატად? 

ჯუმბერ ვარდმანიძესთან, როგორც პიროვნებასთან, არაფერი მაქვს საპრეტენზიო, მაგრამ, ჩემი აზრით, არაფერი იცვლება. ხელვაჩაურში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა პუტინ-მედვედევის სცენარი გაათამაშოს – ამჟამინდელი გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე, საკრებულოს თავმჯდომარედ გადმოჰყავთ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – მერად მიჰყავთ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ნადიმი იქნება, თუ ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მერი. პიროვნება ვერაფერს შეცვლის, თუ მიდგომა არ შეიცვლება, რეალურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ისინი ვერ იღებენ…

თქვენს ხელისუფლებაზეც იმავეს ამბობდნენ, დამოუკიდებელი არ არის თვითმმართველობაო…

ასეა, კი და ეს შეცდომა აღარ უნდა გავიმეოროთ. ოპოზიციაში ყოფნამ ბევრ თემას შეგვახედა სხვანაირად. შეცდომები, რაც დავუშვით, აღარ უნდა განმეორდეს.

temur dumbadze 3

თეიმურაზ დუმბაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: