სამეცნიერო პიკნიკი ბათუმის ბულვარში

ხვალ, 29 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის [ბსუ] თანაორგანიზატორობით „ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართება. სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში ჩატარდება.

ბსუ-ს ინფორმაციით, ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 20 კარავი დაეთმობა უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებს. წარმოდგენილი ორგანიზაციები საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქტიულ გამოფენებს წარმოადგენენ (იხილეთ ფესტივალის სრული პროგრამა).

ოფიციალური ინფორმაციით, „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით პირველად 2015 წელს აღინიშნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ტრადიციას. ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com