როდის დაიწყება კორომხეთჰესის მშენებლობა ქედაში – ჰესი მდინარე აკავრეთაზეც აშენდება

ქედაში, კორომხეთჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შუახევიჰესის მშენებელ კომპანიასთან მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება დადებითად გადაწყდება, კასკადის მშენებლობა ქედაში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება და ის მდინარე აჭარისწყალზე მოეწყობა – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა, დავით შარიქაძემ. მისივე ინფორმაციით, ჰესის ასაშენებლად დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„სამშენებლო პროცედურებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დადებითად დასრულდება მოლაპარაკება და დაიწყება მშენებლობა. პირველადი სქემით, ჰესი 150 მეგავატი სიმძლავრის უნდა ყოფილიყო, თუმცა ეფექტურობის გაზრდის მიზნით საუბარია სიმძლავრის შემცირებაზე, დაახლოებით 100-120 მეგავატისა იქნება, თუმცა ტექნიკური დეტალები დასაზუსტებელია,“ – ამბობს დავით შარიქაძე.

ქედაში, მდინარე აჭარისწყალზე,  რა მონაკვეთზე მოეწყობა კასკადი, ზუსტი ლოკაცია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ წყალი დასახლებულ პუნქტებში არ შეგუბდება. ასევე აზუსტებენ დეტალებს, თუ სად გაიჭრება გვირაბები და რა მანძილზე.


კორომხეთჰესი, დღეს არსებული გეგმის მიხედვით, მშენებარე 220-კილოვოლტიან ახალ გადამცემ ხაზს უნდა მიუერთდეს.

კორომხეთჰესის გარდა, ქედაში მდინარე აკავრეთაზე მცირე გამომუშავების ჰესის მშენებლობაცაა დაგეგმილი.

დავით შარიქაძე ამბობს, რომ „მდინარე აკავრეთაზე პატარა ჰესის მოსაწყობად ინვესტორი არის, ამ დროისთვის კვლევები მიმდინაროებს, ამ შემთხვევაშიც ტექნიკური საკითხები ზუსტდება“.

ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ინფორმაციით, აკავრეთა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ოფიციალური საჯარო განხილვა ქედაში 2017 წლის 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

მდინარე აჭარისწყალი, ქედა / ეკა ბარამიძის ფოტო

მდინარე აჭარისწყალი, ქედა / ეკა ბარამიძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი