22070108_1570832426288865_1059090782_o

მილიონი ფრინველი ბათუმის ცაზე

სექტემბრის ბოლო კვირა აჭარაში საუკეთესო პერიოდია მტაცებელ ფრინველთა მიგრაციაზე დასაკვირვებლად. ევრაზიიდან აფრიკის კონტინენტისკენ გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა გუნდები ერთი კვირის განმავლობაში იფრენენ ბათუმის ცაზე, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის, პირობითად კი „ბათუმის ძაბრის“ სახელითაა ცნობილი.

ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“  მსოფლიოში მესამე ადგილზე მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.

24-30 სექტემბერს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2017 წელს ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს აჭარაში. ფესტივალის მიმდინარეობისას ლექცია-სემინარები, პრეზენტაციები და ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე შემეცნებით-გასართობი ექსკურსიებია დაგეგმილი. მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის სათვალთვალო პლატფორმები კოლხეთის ეროვნულ პარკში, ჭოროხის დელტასა და სახალვაშო-ჩაისუბნის ტერიტორიებზეა მოწყობილი.

26 სექტემბერს სოფელ  ჩაისუბნის სათვალთვალო პლატფორმაზე გაცნობითი ტური მოეწყო ფესტივალის მოწვეული სტუმრებისათვის. ღონისძიებას 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გარემოსდამცველები, ორნითოლოგები, გიდები, ტურისტები და მოხალისეები ესწრებოდნენ.

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

„როცა ფრინველები მიგრირებენ ევრაზიის კონტინენტიდან აფრიკის კონტინენტის მიმართულებით, აუცილებლად გაივლიან აჭარის რეგიონს. მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება მაგრამ ბინოკლით და ტელესკოპით ამ სანახაობის ნახვა გაცილებით ეფექტური და სასიამოვნოა,“ – აღნიშნა ჩვენთან ალექსანდრე რუხაიამ, ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

26 სექტემბრის ნისლიან დღეს ფრინველების დანახვა სახალვაშოს პლატფორმიდან შეუიარაღებელი თვალით ჭირდა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მიგრაციის დროს ღრუბელია, ნიშნავს თუ არა უამინდობა, რომ ტურისტების მოლოდინი ბუნებრივი პირობების გამო შეიძლება არ გამართლდეს?

ამ კითხვით ფესტივალის მონაწილეს, ფილიპ ჩოლენს მივმართეთ. ფილიპი ბელგიელი გარემოსდამცველია, მტაცებელი ფრინველების სახეობათა კონსერვაციის პროგრამაშია ჩართული და აჭარაში ყოველ წელს აკვირდება ფრინველთა მიგრაციას. ბავშვობაში ბაღებში ჩიტებზე დაკვირვება უყვარდა, მერე კი ორნითოლოგია მის გატაცებად იქცა.

„შეიძლება მთელი დღე აკვირდებოდე ბინოკლით ცას და ნისლის გამო ვერაფერი დაინახო, მაგრამ წამში გაიფანტოს ბურუსი და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდეს გადამფრენ ფრინველთა უზარმაზარი გუნდები, ეს საოცარი სანახაობაა, ღირს მთელი დღე ყურადღებით იყო და გამოდარებას ელოდო. შეიძლება ხუთი წუთით მოაშორო ცას თვალი და ულამაზესი სანახაობა გამოტოვო. მიგრაციის პერიოდში დიდი პრობლემაა ფრინველებზე ნადირობა. ზოგიერთი სახეობის მტაცებლები გადაფრენისას გუნდ-გუნდად ეშვებიან დაბლა და მონადირეთა მსხვერპლი ხდებიან. პრობლემის აღმოსაფხვრელად გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმებისა, საჭიროა მოსახლეობისთვის, მონადირეებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება იმ უნიკალური სახეობის ფრინველთა შესახებ, რომლებიც მიგრაციისას აჭარას გადაუფრენენ.

მე და ჩემი მეგობრები აქვე ახლოს, საოჯახო სასტუმროში ვრჩებით. ზოგიერთს ბათუმში იზოლირებულ, ლუქსნომრებში დარჩენა ურჩევნია, მაგრამ ვფიქრობ, საოჯახო სასტუმრო უფრო საინტერესოა ეკოტურისტისთვის: აკვირდები აქაურების ყოველდღიურობას, ცხოვრების წესს, მიირთმევ ოჯახში მომზადებულ ტრადიციულ კერძებს და ეს გეხმარება ახლოდან დაინახო ქვეყანა, რომელსაც ჯერ კარგად არ იცნობ. მეექვსე წელია ბათუმის ფესტივალზე ჩამოვდივარ და ყოველ წელს ვხედავ როგორ იზრდება ჩამომსვლელთა რაოდენობა. საქართველოს დიდი ტურისტული მომავალი აქვს“.

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა, „ბათუმელებთან“ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს აჭარაში დიდი პოტენციალი აქვს. მხოლოდ გასულ წელს სოფელ სახალვაშოში, სადაც ერთ-ერთი სათვალთვალო პლატფორმაა მოწყობილი, საოჯახო სასტუმროებში 1500-ზე მეტმა ტურისტმა გაათია ღამე. ჩვენ წინასწარ გადავამზადეთ სასტუმრო-სახლების მეპატრონეები, რომლებსაც ტურისტები, მოწვეული სტუმრები უნდა მიეღოთ.  ფესტივალის პერიოდში დამსვენებელთა რაოდენობა, ცხადია, კიდევ უფრო იზრდება. ასეთი ღონისძიებები მხოლოდ ტურიზმის ან ეკოტურიზმის ვიწრო ჩარჩოებში არ თავსდება, ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი სამეცნიერო საქმიანობის ნაწილია,“ – აღნიშნა მან.

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

გიორგი ცეცხლაძის ფოტო

ფესტივალსა და ექსკურსიებში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინოკლებითა და გიდის მომსახურებით. მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში (577 90 90 93) ან ელექტრონულ მისამართზე:  goo.gl

ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება, იდეა კი საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციას -BRC (Batumi Raptor Count) ეკუთვნის.

მთავარი ფოტო: Batumi Birdwatchers Guesthouse

_______________________________

გთავაზობით ფესტივალის 28, 29 და 30 სექტემბრის განრიგს:

28 სექტემბერი, ხუთშაბათი   

08:00 – გამგზავრება. მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება შუამთის პლატფორმაზე

12:00 – ექსკურსია  სახალვაშოს პლატფორმაზე (აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია)

13:00 -19:45 – თავისუფალი დრო

19:45 – გამგზავრება სასტუმრო ოაზისში

20:00 – პრეზენტაციები სასტუმრო ოაზისში

ველური ბუნების კონსერვაცია, სამხედრო კონფლიქტის პირობებში, შუა-აღმოსავლეთში – რიჩარდ პორტერ (დიდი ბრიტანეთი)

 

29 სექტემბერი, პარასკევი

06:30 – გამგზავრება.

08:30 – ექსკურსია – ჭოროხის დელტაზე (აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია)

19:45 – გამგზავრება სასტუმრო ოაზისში

20:00 – პრეზენტაციები სასტუმრო ოაზისში

ტაცებელ ფრინველთა იდენტიფიცირების სირთულეები და გამოწვევები – კლაუს მალინგ ოლსონ (დანია)

 

30 სექტემბერი, შაბათი

08:00 -გამგზავრება. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება სახალვაშოს პლატფორმაზე

13:45 – გამგზავრება სასტუმრო „ოაზისში“

20:00 – პრეზენტაციები სასტუმრო „ოაზისში“

განსაკუთრებულ მტაცებელ ფრინველთა იდენტიფიცირების სირთულეები და გამოწვევები (მუქი და ინდური მცირე მყივანა არწივი – შემდეგი კვლევის სახეობებია) –  ანდრეა კორსო (იტალია)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ნერგაძე