იუნისეფის კონკურსი შშმ ბავშვთა უფლებებზე მზრუნველი მუნიციპალიტეტის გამოსავლენად

გაეროს ბავშვთა ფონდი, ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერის“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტებს შორის შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად. კონკურსი 25 სექტემბერს დაიწყო და გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში.

კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს საუკეთესო გამოცდილებისა და სოციალური პროგრამების მქონე მუნიციპალიტეტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქმნიან ხელმისაწვდომ გარემოს  (ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, საჯარო ტრანსპორტი, გასართობი ადგილები) და ზრუნავენ მათი განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის; კონკურსი ასევე მიზნად ისახავს, გამოვლინდეს მუნიციპალიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

კონკურსის შედეგად, 17 ოქტომბერს, სამ გამარჯვებულ მუნიციპალიტეტს გამოავლენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია. აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია კი ხელს უშლის ბავშვებს და  ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სისტემატურად ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი.

სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველაფერი“ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com