მთავარი,სიახლეები

აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი შესაძლოა დააჯარიმონ – არჩევნები 2017

26.09.2017 • 2898
აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი შესაძლოა დააჯარიმონ – არჩევნები 2017

პოლიტიკურ აგიტაციად შეფასდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის სპეციალისტის, თამარ დიასამიძის მიერ სამინისტროს ფეისბუქგვერდზე „ქართული ოცნების“ მერების კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ატვირთვა, სადაც ჩანდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თამარ დიასამიძე შესაძლოა 2000 ლარით დაჯარიმდეს, რადგან ბათუმის №79  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

საჯარო მოხელის მხრიდან გადაცდომასთან დაკავშირებით საოლქო კომისიას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მიმართა, რის შემდეგაც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია მოიკვლია. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.

კითხვას, მიიღო თუ არა დავალება „ოცნების“ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოების სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით რომელიმე ხელმძღვანელისგან ან უშუალოდ მინისტრისგან,  თამარ დიასამიძემ უპასუხა, რომ მას ასეთი დავალება არ მიუღია. ის ამბობს,  რომ ის ინფორმაციის პირად გვერდზე განთავსებას აპირებდა, თუმცა „ოცნების“ კანდიდატების წარდგენის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ფეისბუქგვერდზე მანამდე იყო განთავსებული, ვიდრე ამაზე „სამართლიანმა არჩევნებმა“  არ გააკეთა განცხადება.

.

21729937_1852740394755378_1205642966_o

გადაბეჭდვის წესი


ასევე: