„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის მერობის კანდიდატი: პატარაძესთან მექნება კარგი ურთიერთობა

„ხართ თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების მომხრე?“ – ეს შეკითხვა საარჩევნო შტაბში შესვლისთანავე დამისვა თენგიზ თავდგირიძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია და ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე. „პატრიოტთა ალიანსს“ მაშინ შეუერთდა, როცა ეს პოლიტიკური ძალა მეჩეთის აშენებაზე ბათუმში მოსახლეობის გამოკითხვას ატარებდა. მერად არჩევის შემთხვევაში, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერებას აპირებს და მერე თითოეული მათგანის მენტალობის შემოწმებას. თენგიზ თავდგირიძე კიდევ ბევრ რამეს აპირებს, თუმცა კონკრეტულად ვერ ამბობს, რა ფინანსური რესურსით და როგორ.

ბატონო თენგიზ, ანუ ფიქრობთ, რომ მუსლიმ ქართველებს სალოცავის აგების უფლება არ აქვთ?

ჩვენ ჩავატარეთ საზოგადოების გამოკითხვა 2014 წელს. იქ გამოიკითხნენ საპატიო ბათუმელები, ინტელიგენცია, მხატვრები, არქიტექტორები, მუსლიმები. ყველას ინტერესი იყო ამ საკითხზე საზოგადოების პოზიციის გაგება. როცა საქმე ეხება ამხელა საკულტო ნაგებობის აშენებას და პარალელურად, ერთი მძლავრი ქვეყნის, თურქეთის ინტერესებში შედის ეს, საშიშროება არსებობს. როცა ბიძინა ივანიშვილი შეხვდა თურქეთში ერდოღანს, იქ დღის წესრიგში იდგა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, დავითოღლი ხვდებიან საქართველოს პატრიარქს და ისევ წამოიწია მეჩეთის მშენებლობის თემა. ეს შეკითხვა არ უნდა ჩნდებოდეს, როცა თურქეთის მხარე არ მალავს, რომ ბათუმი მისი განუყოფელი ნაწილია.

რას გულისხმობთ, სად თქვა თურქულმა მხარემ, რომ ბათუმი მისი ნაწილია?

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავითოღლის განცხადება არ გინახავთ? ის ამბობს: „გასული საუკუნე ის გვერდია, რომელიც უკვე გადავფურცლეთ, ახლა კი ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოს, დამასკოს და ბათუმს შორის. ამჯერად ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზებით, არავისთან არ ვიომებთ, საზღვრებსაც პატივს ვცემთ…“

თურქეთის ელჩმა საქართველოში განმარტა, რომ  აქ საუბარია კავშირის გამყარებაზე და არა იმაზე, რომ ბათუმის თურქეთის ნაწილია.

არა, ისინი ამბობენ, რომ ბათუმი თურქეთის განუყოფელი ნაწილია და ისინი ამ ტერიტორიას აუცილებლად დაიბრუნებენ… დავუბრუნდები გამოკითხვას მეჩეთის აშენებაზე. მაშინ დაახლოებით 63 ათასი ადამიანი გამოვკითხეთ ბათუმში და გამოკითხულთა 95 -მა პროცენტმა თქვა, ანუ 58 ათასმა ადამიანმა, რომ ახალი მეჩეთი ბათუმში არ უნდა აშენდეს. ჩვენ ვემხრობით არსებული ორთა ჯამის გაფართოვებას. თან იქ ამის საშუალება არსებობს. ბათუმის შემოგარენში არის რვა მეჩეთი, თუ გინდათ, ჩამოგითვლით…

რატომ უშვებთ ბათუმელ მუსლიმანებს შემოგარენში და აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, არ აქვთ უფლება, ქალაქში ილოცონ?

იმიტომ, რომ ეს არის თურქეთის მხრიდან სულიერი ექსპანსიის მცდელობა. თურქეთმა ააშენა ძალიან ბევრი მეჩეთი აჭარის მაღალმთიანეთში, სკოლა-მედრესეებიც გახსნეს. წავიდეთ და ვნახოთ, რა მდგომარეობაა ამ მედრესეებში, რა მდგომარეობაში ამყოფებენ ბავშვებს, რა იდეოლოგიით ზრდიან… იცით, მე დედა მაჰმადიანი მყავს და შეუძლებელია ვინმემ ქსენოფობიაში დამადანაშაულოს. მამაჩემი, მამიდები და ახლო ნათესავებიც მუსლიმური წესით არიან დაკრძალული. თქვენ რა გგონიათ, ყველა მუსლიმი იზიარებს იმ პოზიციას, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი უნდა შენდეს?

ასე შესაძლოა ყველა ქრისტიანიც არ იყოს ახალი ტაძრის აშენების მომხრე. თქვენ უარს ამბობთ კანონის დაცვაზე, რომლითაც დაცულია რელიგიის თავისუფლება და თანასწორობა?

ასე არ არის. მე საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ ეკლესია თურქეთს შეეკვრება. მე მაქვს ჩემი პოზიცია, ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და 1978 წლის აქციის მონაწილე ვარ. იმისთვის არ მიბრძოლია მე, რომ დღეს ეს მიგვეღო, ვისაც რა უნდა, ის ააშენოს. ძალა არის ხალხის ხელში, ეს უნდა ვიცოდეთ… რელიგიის შესახებ რომ კანონი მიიღო სააკაშვილმა, ჰკითხა ხალხს? ანტიდისკრიმინაციული კანონიც უსუფაშვილმა მიიღო სამარცხვინოდ.

რატომ არის, თქვენი აზრით, სამარცხვინო ანტიდისკრიმინაციული კანონი?

ფურცელი ყველაფერს იტანს. საქართველოს აქვს 8 ათასი წლის ისტორია, სახელმწიფოებრიობის 3 ათასი წლის ისტორია და 2 ათასი წლის მართლმადიდებლობის ისტორია. ერთი ფაქტი დაფიქსირებულა, რომ ჩვენ ვინმე შევავიწროვეთ, მაგალითად, ბათუმში? ეს კანონი ეხება სექსუალურ უმცირესობებს ასევე. ამისგან დაზღვეული არავინ არის, რომ ოჯახში ასეთი კატეგორიის ადამიანი გაჩნდეს. რამდენი ადამიანი ყოფილა, რომელიც ასეთი ყოფილა და თავისი ფიზიკური მანკი არ დაუფიქსირებია საჯაროდ, საფლავში ჩაიყოლა.

მანკია განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია? ეს სიძულვილის ენაა…

სიტყვაზე ნუ გამომეკიდებით. მე მერობის კანდიდატი ვარ და ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. მანკია, ადამიანური დეფექტია. ყველას უნდა, რომ ჯანმრთელი შვილი ჰყავდეს და ეს ნორმალურია. იყვნენ ადრე ადამიანები, ვინც ამას ამჟღავნებდნენ კიდეც, მაგრამ ამის გამო არავის შეუვიწროვებია ისინი ქუჩაში, ან სადმე. არაა გამორიცხული, რომ ეს დეფექტურობა თანდაყოლილი იყოს და მკურნალობას არ ექვემდებარებოდეს. მოკლედ, ეს ოჯახის საქმეა. აბა, ის მოგწონთ, რომ კაცი კაცს კოცნის ქუჩაში, ან ქალი – ქალს? წაიკითხეთ ალენ დალესის დოქტრინა. იქ წერია, რომ ჩვენ ყველა ოჯახში შევიტანთ გარყვნილებასო და წესიერ ხალხს ავტორიტეტს შევულახავთო. ზუსტად ეს მექანიზმი მუშაობს. მე ტრადიციული ოჯახის და ერის შვილი ვარ და არ მინდა, ქუჩაში ვინმე ამ გარყვნილებას ქადაგებდეს. ან ის რა არის, სკოლაში რომ უნდა შემოეტანათ ამ საგნის სწავლება. მე როგორ უნდა ვასწავლო სხვის შვილს ეს? მე შემიძლია ვუთხრა, რომელი ჩოხა მოუხდება და რამე ასეთი.

ამ არჩევნებზეც „პატრიოტთა ალიანსი“ ამომრჩეველის გულის მოგებას ცდილობს თურქეთზე საუბრით. თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს. საიდან გაქვთ ეს მონაცემი, როცა ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 6 ათასს ეროვნებით თურქს აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

მოგაწვდით ამ დოკუმენტებს… მე მაქვს დოკუმენტები, როგორ მიანიჭა სამი თუ ოთხი ხელმოწერით მიხეილ სააკაშვილმა ათასობით თურქს საქართველოს მოქალაქეობა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ერდოღანმაც განაცხადა, რომ საქართველოშია ჩაწერილი გიულენის ორგანიზიაცია „რუხი მგლების“ 3200 ტერორისტიო. ამ ტერორისტებს შუბლზე არ აწერიათ, რომ ტერორისტები არიან…  ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ყველა მოერგება კანონს. მოვითხოვ, რომ აბსოლუტურად ყველა უცხოელს შეუჩერდეს საქართველოს მოქალაქეობა, ვისაც მიღებული აქვს. შემდეგ ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს ყველაფერი, მენტალიტეტი, ქართველობას რაც სჭირდება.

თავადაზნაურთა საზოგადოების ხელმძღვანელად ისევ დარჩებით, თუკი მერად აგირჩევენ?

არა, ეს არის საზოგადოების სახით. თავადაზნაურთა საკრებულო ჰქვია და ამჟამად გულიკო შერვაშიძე ასრულებს ხელმძღვანელის მოვალეობას. ეს ისტორიული ფაქტია – თავადაზნაურობა, თორემ თქვენ რომ ანანიძე ხართ და მე – თავდგირიძე, ეს ხომ პრობლემა არ არის? უბრალოდ ამ ხალხმა ძალიან ბევრჯერ განიცადა წნეხი ხან თურქეთის, ხანაც რუსეთის იმპერიისგან. როცა მერად მასახელებდნენ, მე ჩემს გვართან და ჩოხოსნებთან, უხუცესებთან გავიარე კონსულტაცია. თქვენ რომ დაესახელებინეთ, თავდგირიძეებს ხომ არ გვკითხავდი აზრს? საბოლოოდ ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება. მე მადლობელი ვარ „პატრიოტთა ალიანსის“, რომ მერობის კანდიდატად დამასახელა, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.

ხელოვნების მხარდაჭერაზე მინდა გკითხოთ, რაზეც ასევე სხვადასხვა შეხვედრაზე საუბრობთ. რას მოიაზრებთ მხარდაჭერაში? მაგალითად, ხელოვანებისთვის ვახშმები უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან?

რაც შეეხება ვახშმებს, თუკი ამას საზოგადოება აწყობს, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა მოიძიოს ბანკეტის დაფინანსებაც. ვახშმების ბიუჯეტიდან დაფინანსების მომხრე არ ვარ.

„პატრიოტთა ალიანსი“ ღიად აფიქსირებს პოზიციას ნატო-ს და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. რის გამო აღმოჩნდა მისაღები პრორუსული პოლიტიკური ძალა, მით უფრო, როგორც ვიცით, დედათქვენი არის აფხაზი… 

დედა არის აფხაზი, კი. მამითაც მუჰაჯირთა შთამომავალი ვარ. დედაჩემის მოდგმა რუსეთის იმპერიამ 150 წლის წინ გამოდევნა აფხაზეთიდან. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი ვინმეს დარტმა მიაყენა რუსეთმა, ეს ჩემი ოჯახიცაა… ჩვენ ვერ ვითავისებთ იმას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. პატრიარქის აზრიც ესაა, რომ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ. აბაშიძე და კარასინი არაა მოლაპარაკება. მათ უნდა მოემზადებინათ შეხვედრა ქვეყნების პირველი პირებისთვის, მესამე და მეოთხე პირი რის მომგვარებელი იყო?

რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკება რუსეთთან, თუკი „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები?

თუკი ვხედავთ, რომ რუსეთი გიყენებს ულტიმატუმს, თავი გაანებე ნატო-ს, პრობლემა შეგექმნებაო და ამ პრობლემას ვხედავთ – მოცოცავს საზღვარი დედაქალაქისკენ, უნდა დაფიქრდე ამაზე. ნატო რაში გვეხმარება? ევროკავშირი რაში დაგვეხმარა? რაში აისახა ეს მხარდაჭერა, რაში დაგვიდგნენ გვერდით? ვთქვათ, ვენდე ნატოს, რამდენი წელი უნდა ველოდოთ? რუსეთისგანაც ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ რატომ გამორიცხავთ, მაგალითად, თურქეთიც შეიძლება შემოიჭრას და საზღვარი ჩოლოქზე გააკეთოს? მე მჯერა, რომ საბოლოოდ აფხაზები და ქართველები საერთო ენას გამონახავენ. მე აფხაზებთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ზაფხულობით საპატრიარქოს ქობულეთის საბავშვო ბაღში ჩამომყავს აფხაზი ბავშვები. ვფიქრობ, რომ სახალხო დიპლომატია გამოიღებს შედეგს.

რის გაკეთებას ჰპირდებით ბათუმელებს, იქნებ რომელიმე კონკრეტული პროექტი დაგვისახელოთ.

არაერთია ასეთი პროექტი და ბევრი რამის შეცვლას ვაპირებ. დავიწყოთ ურბანული განვითარების გეგმის არარსებობით. ქალაქი შენდება უსისტემოდ და სპონტანურად. ჩემი მერობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს გეგმა გაკეთდება. მეორე რიგში, ნაგავსაყრელი. აუცილებლად უნდა შედგეს მოლაპარაკება მოსახლეობასთან და დროულად დაიწყოს სამუშაოები, უნდა გაკეთდეს გადამამუშავებელი საწარმოც. აუცილებლად ვიმუშავებ შემოერთებულ ტერიტორიებზე. იქ მცხოვრებმა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რაც ძველი ბათუმის მცხოვრებლებს გვაქვს. გარდა ამისა, მე ვარ მომხრე გაკეთდეს საკონცერტო დარბაზი, ეს ფესტივალების ჩატარებას შეუწყობს ხელს, ასევე საცურაო აუზები, სპორტული სკოლები…

რა ფინანსური რესურსით აპირებთ ამას?

გამოიძებნება ეს რესურსები. არსებობს ძალიან ბევრი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს. ჩვენ მათთან გვაქვს მოლაპარაკებები და ისინი ჩადებენ ფულს ბევრი მიმართულებით. ამ ეტაპზე ბიზნესმენების ვინაობას ვერ გეტყვით. მთავარი, რასაც ვპირდები მოსახლეობას, არის ის, რომ ნებისმიერ ინვესტიციაში 51 პროცენტს უნდა ფლობდეს ქართველი. 49 პროცენტი უცხოელს თუ აწყობს, კი ბატონო, მოვიდეს. იმის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს, რომ ასივე პროცენტს ქართველები ფლობდნენ. პრობლემაა ის იმიტომ, რომ მაგალითად, სასტუმროს აშენების შემდეგ, მოგების გადასახადის გარდა, რა შედის ბიუჯეტში? ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ქართველი იყო მფლობელი, რომ მოგება ისევ საქართველოში დახარჯოს.

ასეთი კანონი არ არსებობს, რომელიც უცხოელებს ბიზნესში წილებს განუსაზღვრავს. რას დაეყრდნობით, თუკი მერად აგირჩევენ?

ხალხი დაინახავს, მე რასაც გავაკეთებ. ბიზნესმენი როცა შემოდის, პირველ რიგში, უნდა შეხვდეს მერს. მერე მე უნდა ვახვედრებდე მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. მე თუ მერად ამირჩევენ, დარწმუნებული ვარ, ბატონ ზურაბ პატარაძესთან მექნება ძალიან კარგი ურთიერთობა. ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან და ძალიან დიდ პატივს ვცემ. კანონპროექტით პარლამენტს მივმართავთ და მოვითხოვთ შეცვლას, რაც საჭიროება იქნება, იმის მიხედვით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მუშაობა თუ მოგწონთ, როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველი თქვენ, ანუ ოპოზიციის კანდიდატს რატომ დაგიჭერთ მხარს?

მე ზურაბ პატარაძესთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ვიცნობ და პატივს ვცემ, როგორც ახალგაზრდა კაცს, რომელმაც უნდა მართოს აჭარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი