მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მედდები შუქისა და გათბობის გარეშე სოფელში

26.09.2017 • 2636
მედდები შუქისა და გათბობის გარეშე სოფელში

ქედის სოფლების სამედიცინო პუნქტებში გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს  მედდები იხდიან. ქედის გამგეობას – „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“  პროგრამულ ბიუჯეტში, ელექტროენერგიის საფასურთან ერთად, არც მედდების გათბობისთვის საჭირო თანხა აქვს გაწერილი, უფრო მეტიც, 39 სამედიცინო პუნქტიდან 11-ს ამ დროისთვის შუქი საერთოდ არ მიეწოდება. ცხრა სოფლის სამედიცინო ცენტრი მრიცხველზე მიერთებული არ არის, ხოლო ორში, ქედის გამგეობის ინფორმაციით, მრიცხველი დაზიანებულია.

პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას სოფლებში გასულ წლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებდა, 2017 წლიდან ამ მომსახურებას ქედაში ადგილობრივი გამგეობა, სოციალური პროგრამის – „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება“ ფარგლებში ახორციელებს და შესაბამისად, სოფლებში დასაქმებულ მედდებსაც ხელფასს გამგეობა უხდის.

ქედის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით თედორაძე ამბობს, რომ სოფლის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებულ  მედდებსა და გამგეობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გახარჯული  ელექტროენერგიის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელს, ამ შემთხვევაში მედდას აქვს. შესაბამისად, გამგეობა კომუნალურ ხარჯებს ვერ დაფარავს. რაც შეეხება გათბობას, მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, სადაც ზამთარი რამდენიმე თვეს გრძელდება და თოვლიც უხვად მოდის, გათბობის პრობლემაც მედდამ უნდა მოიგვაროს.

„კვაშტასა და დოლოგნის სამედიცინო პუნქტებში მრიცხველია დაზიანებული, ახალს შევუძენთ და უახლოეს დღეებში აღუდგება შუქის მიწოდება. რაც შეეხება დანარჩენი სოფლების – გულების, სასადილოყევის, ვარჯანისის, აბუქეთას, ჭინკაძეების, ჯალაბაშვილების, ბალაძეებისა და გობრონეთის სამედიცინო პუნქტებს,  სკოლის შენობებშია განთავსებული. მუნიციპალიტეტი უძლურია აბონენტად აიყვანოს მედპუნქტები, რადგანაც ქონება სხვისია. სოფელ ნამლისევში არსებული სამედიცინო პუნქტის შენობა ავარიულია, რის გამოც ჩვენთან შეთანხმებით მედდა დროებით ბინიდან ემსახურება და ამიტომაც არ აქვს შუქი. მედდები დღის საათებში მუშაობენ, შუქის გადასახადს მაქსიმუმ 2 ლარს იხდიან, გათბობას კი მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს,“ – ამბობს დავით თედორაძე.

ქედის გამგეობის ბალანსზეა მუნიციპალიტეტის თემებში არსებული ამბულატორიებიც. შუქის გადასახადს ამბულატორიებს, ქედის გამგეობა თვის განმავლობაში მაქსიმუმ 20 ლარს უხდის, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ამბულატორია 20 ლარზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, 20 ლარის ზემოთ დანახარჯი ამბულატორიაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგოკომპანია შუქის მიწოდებას შეუწყვეტს.

„სოფლის სამედიცინო პუნქტებში შუქის საფასურის გადახდა მანამდე  ვერ მოხერხდება, ვიდრე ყველა არ გამრიცხველიანდება, ნაწილს გადავუხადოთ და ნაწილს არა, ეს შეუძლებელია. რაც შეეხება გათბობის საკითხს, ამბულატორიების გათბობას ვუზრუნველყოფთ, სოფლის სამედიცინო პუნქტების გათბობის საკითხზე შესაძლებელია იმსჯელოს გამგეობამ და საკითხი გადაიჭრას,“ – ამბობს დავით თედორაძე.

ქედის გამგეობის ინფორმაციით, მედდების ანაზღაურება 250 ლარია.

„სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“  პროგრამის დასაფინანსებლად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან  წელს 140 100 ლარი გამოყო. მედდების შრომის ანაზღაურებასთან ერთად,  ამ თანხით ქედის გამგეობა მედპუნქტებისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარსა (ორი სახის სპეციალურ სამედიცინო)   და მედიკამენტებს (24 დასახელების) ყიდულობს.

ქედა, სოფელი ნამლისევი, შენობა, რომლის ერთ ოთახში მედპუნქტი ფუნქციონირებს

ქედა, სოფელი ნამლისევი, შენობა, რომლის ერთ ოთახში მედპუნქტი ფუნქციონირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: