მთავარი,სიახლეები

ოქრომჭედელი ციხის შემდეგ

25.09.2017 • 3641
ოქრომჭედელი ციხის შემდეგ

ბათუმის ცენტრიდან გარეუბანში სამარშრუტო ტაქსით თხუთმეტ-ოც წუთში მოხვდებით. ალაგ-ალაგ აყრილი, მტვრიანი გზა და  ნაცრისფერი, კერძო სახლები 90-იანი წლების საქართველოს მოგაგონებთ. ძნელი წარმოსადგენია, რომ აქედან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ჯერ კიდევ ტურისტებით სავსე ბათუმია.

45 წლის ყოფილი პატიმარი დ. ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს და საკუთარი სახლის პირველ სართულზე პატარა საიუველირო  სახელოსნო აქვს გახსნილი. ოჯახში ექვსნი არიან. დ.  2011 წელს 180-ე მუხლით [თაღლითობა] გაასამართლეს. ბათუმის  მე-3 საპყრობილეში ერთი წელი გაატარა და 2012 წელს ამნისტიით გაათავისუფლეს.

„არავისთვის არაფერი მომიპარავს, არ წამირთმევია, ვალი მქონდა და დროზე ვერ დავაბრუნე – ხელი შემეშალა. მევალეს ვთხოვდი, ცოტა დრო მოეცა, მაგრამ არ მენდო –  პირდაპირ პროკურატურაში მიჩივლა. ამას არქმევს სახელმწიფო თაღლითობას“.

მან საშუალო განათლება მიიღო და 16 წლის იყო, პირველად მუშაობა რომ დაიწყო ერთ-ერთ ელექტროსახელოსნოში. მერე მეგობართან ერთად პეტერბურგში წავიდა და ოქრომჭედლობაც იქ ისწავლა. ბავშვობაში ხატვა უყვარდა. ლამაზი, წვრილი დეტალების ხელით გამოყვანა მის გატაცებად, ბათუმში დაბრუნების შემდეგ კი ძირითად საქმედ იქცა.

უამრავ ყალიბს მიჩვენებს, პინცეტს მაწვდის და მთხოვს სანთლის ფაქიზი ფიგურები არ დავაზიანო: ყვავილები, მცენარეთა ორნამენტები, რომლებიც მერე სამკაულების დეტალებად უნდა აქციოს. ნიჟარები, გემის ღუზები, დელფინები – ზღვის სიყვარულსა და ზღვისპირელობაზე მისი ნაკეთობებიც მიგანიშნებთ. სახელოსნოს კედლებზე, მაგიდაზე უამრავი პატარა ხელსაწყოა: ქლიბები, ბრტყელტუჩები, ჩაქუჩები თუ საპრიალებლები.  ხელსაწყოების შეძენაში მას „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამა დაეხმარა.

ციხემდე და ციხის შემდეგაც ოქროს ბირჟაზე აბარებს ნაკეთობებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყოფილი პატიმარი ჰქვია, დამოკიდებულება სამუშაოზე მის მიმართ შეიცვალა.

„სანამ დამიჭერდნენ, თვეში ერთ კილოგრამ ოქროს ვამუშავებდი. შემეძლო ეს ოქრო ვალით, ნისიად გამომეტანა და მერე გადამეხადა თანხა. ციხიდან რომ გამოვედი, გრამი ოქრო აღარავინ მომცა. გულგატეხილი და სასოწარკვეთილი ვიყავი, მასალის გარეშე მუშაობას როგორ დავიწყებდი? მაგრამ ჩემით რაღაცას ვაკოწიწებ. მჯერა, შემართებულ და მონდომებულ ადამიანს ყველაფერი გამოუვა, არ წავიქცევი და ფეხზე დავდგები“.

სახელოსნოზე, სამკაულებსა და საქმეზე ბევრს ყვება, გეგმებზეც სახეანთებული ლაპარაკობს. ყველაზე მეტად ციხის ამბების ხსენებას გაურბის. ერთი და იგივე კითხვა – ,,ციხეში რა ხდებოდა?“ მიწევს ბევრჯერ და სხვადასხვანაირად დავსვა. არ ვიმჩნევ მის აკანკალებულ ხმას, თვალებზე მომდგარ ცრემლს, არიდებულ მზერას და ვუყვები, რომ ბავშვობაში მეც დავდიოდი დედასთან ერთად პატიმარი ბიძის სანახავად, რომ მინახავს ცემით დალურჯებული მისი ზურგი, რომ არაფერი მეუცხოვება.

– ჰოდა, რაღას მეკითხებით? არ იცით რაც ხდებოდა? – მპასუხობს გაღიზიანებული ხმით და დასძენს:

– 20 კვადრატულ მეტრ კამერაში 25 კაცი ვიყავით, 12 საწოლი გვქონდა და რიგრიგობით გვეძინა. ყოველ დილას 20 ნიღბიან კაცს გავყავდით „შემოწმებზე“. მარტო თვალები უჩანდათ, ზურგზე ხელებშემოწყობილები შევყავდით ოთახში სათითაოდ, კედელთან გვაყენებდნენ და „დუბინკებით“ გვცემდნენ, გვამცირებდნენ. „შევიდააა!“ დაიყვირებდნენ და მომდევნო უნდა შესულიყო სწრაფად. ჩვენც შევრბოდით. ვინ ვის ვასწრებდით, ვეღარ ვიგებდით. რომ გელაპარაკები, ყურში ახლაც წუილი მაქვს, დარტყმისგან ესეც დამრჩა. მე არ ვიყავი მარტო ამ დღეში, ყველას ასე გვექცეოდნენ.

ყველაფრის თქმა არ მინდა, რა აზრი აქვს, ჩავლილი მატარებელია. ცოცხების კადრების მერე წამება შეწყდა. იგრძნობოდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და ეშინოდათ.

საკვებს არა უშავდა, არ გვაშიმშილებდნენ, კვირაში ერთხელ ლობიო, ჩიხირთმა და შემწვარი თევზიც კი გვერგებოდა.

ყოფილ პატიმარს ყველა ეჭვის თვალით გიყურებს და ეს დამთრგუნველია. ჩემი ახლობლები, მეზობელ-ნათესავები მიცნობენ ვინც ვარ, პატიმრობისას თანხაც შემიგროვეს, დამეხმარნენ და მამხნევებდნენ. არავისთვის არაფერი წამირთმევია, არ მომიტყუება და მომიპარავს, პირიქით, რითაც შემიძლია ყველას ხელს ვუწყობ, მაგრამ როცა ციხიდან გამოდიხარ, მაინც გრძნობ შენკენ მომართულ კითხვის ნიშნებით სავსე მზერას“.

ფოტოების გადაღებას რომ ვიწყებ, სახეს ძლივს აბრუნებს ობიექტივისკენ, იშვიათად იღიმება.

„ხელკეტების დარტყმისგან კბილები აღარ მაქვს, მაგრამ ჯანდაბას, კბილები მერეც იქნება. დიდი ოჯახი გვაქვს, შვილს ვერაფერს მოვაკლებ, რა დროს კბილებია“, – იმართლებს თავს.

როკი უყვარს. თუ სასწრაფოდ დასამთავრებელ სამკაულზე მუშაობს, AC/DC – ს უსმენს, კონცენტრირებაში მეხმარებაო, ამბობს. Deep purple, Pink Floyd-ი, Scorpions-ი, Uriah Heep-ი, Doors-ი – მისი საყვარელი ჯგუფებია. როკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ფიქრობს, რომ  მუსიკალურ გემოვნებას ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.

შეუძლებელზე არ ოცნებობს, უნდა ოჯახი გამართოს, რემონტის გაკეთება შეძლოს და სახელოსნო მოაწყოს ისე, როგორც მას წარმოუდგენია, მაგრამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი მისთვის ადამიანური ურთიერთობებია.

,,ადამიანებს შორის სიყვარულზე ვოცნებობ, ყველა თბილად რომ გესალმება და ესალმები, გაჭირვებისა და ლხინის დროს რომ გეგულება ვინმე, ვისაც შენი სიხარული გაახარებს, ტკივილი ეტკინება. ჩემს მეგობრებს, პატიმრებს მინდა ხმა მივაწვდინო – გამხნევდით ბიჭებო, სულით არ დაეცეთ“.

ბონიდან ვბრუნდები და მეგობრის ნაამბობი მახსენდება, ნორვეგიაში ბასტოის კუნძულის ციხეზე, სადაც განსაკუთრებულად საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს სპეციალურ პირობებში: ირგვლივ ტბა, მთები, კუნძულზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, კვირაში ერთხელ 12 საათი ახლობლების მოსანახულებლად და 18-დღიანი შვებულება წელიწადში ერთხელ.

მერე კი ვფიქრობ, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს სასჯელაღსრულების სისტემას, რომლის კედლებში გატარებული ერთი წელიც კი სამუდამო დაღს ასვამს ყოფილი პატიმრების ცხოვრებას. დაღს, რომელიც იგრძნობა საუბრის მანერით, გარშემომყოფების დამოკიდებულებითა თუ ფიზიკური ტრავმებით.

21931424_1566448426727265_1673263130_o

________________________________

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ .
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს. პატიმრები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: