მთავარი,სიახლეები

„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: სარფში თურქმა მებაჟეებმა ფიზიკურად შეურაცხგვყვეს

25.09.2017 • 7499
„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: სარფში თურქმა მებაჟეებმა ფიზიკურად შეურაცხგვყვეს

„თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი ჩემ მიმართ, ასევე ჩემი ოპერატორის – ანდრო ქაჩიბაიას მიმართ, წამართვეს პასპორტი და აღარ მიბრუნებდნენ, ასევე მობილური ტელეფონი. ცდილობდნენ ვიდეოკამერის და მიკროფონის წართმევას,“ – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი, ჯენი კვანტალიანი.

დღეს, 25 სექტემბერს, სარფის საბაჟოზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის პრობლემა შეექმნა. მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც საუბრობენ. ამ მოვლენის გასაშუქებლად ცდილობდა სარფის საბაჟოს გადაკვეთას „აჭარის ტელევიზიის“ გადამღები ჯგუფი.

„ნეიტრალურ ზონაში გამორთულ მდგომარეობაში გვქონდა ვიდეოკამერა. მოგვიახლოვდნენ თურქი მებაჟეები და ოპერატორისგან მოითხოვდნენ კამერის გადაცემას. როცა მესაზღვრეები ძალისმიერ მეთოდებზე გადავიდნენ, მობილური ტელეფონით ჩავრთე ფეისბუკლაივი და აგრესია ჩემზე გადმოვიდა, წამართვეს მობილური ტელეფონი და პასპორტი. ხალხი ხმაურობდა ამ დროს, რკინის კონსტრუქციების რყევა დაიწყეს და მებაჟეებს ეუბნებოდნენ, ყველაფერს დავანგრევთ, თუკი ჟურნალისტს პასპორტს არ დაუბრუნებთო. ერთმა მოქალაქემ ძალით წაართვა მებაჟეს მობილური ტელეფონი და უკან, ჩემსკენ გადმოისროლა. საბოლოოოდ პასპორტიც დამიბრუნეს, მაგრამ საზღვარი აღარ გადამიკვეთავს, რადგან დიდი იყო შანსი, რომ ჩამოერთმიათ კამერა და ჩვენც დავეპატიმრებინეთ,“ – გვიყვება ჯენი კვანტალიანი, „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი.

„ჩვენ ვიმყოფებდით ადგილზე, ვერკვევით სიტუაციაში და მალე მოგაწვდით ინფორმაციას,“ – გვითხრეს თურქეთის საკონსულოში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეების მხრიდან სხვადასხვა სახის ძალადობასა და შეურაცყოფაზე საუბრობენ.  როგორც წესი, საქართველოს და თურქეთის ხელისუფლებები მსგავს ფაქტებზე ამომწურავ განმარტებას არ აკეთებენ.

ფოტო: ჯენი კვანტალიანი სარფის საბაჟოზე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: