მთავარი,სიახლეები

ლევან ანთაძე: პოლიტიკა ჩემი ჰობი არ არის

23.09.2017 • 2476
ლევან ანთაძე: პოლიტიკა ჩემი ჰობი არ არის

მერად არჩევის შემთხვევაში ლევან ანთაძე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე 40 მილიონის დახარჯვას აპირებს სოციალური დაცვის მიმართულებით. ლევან ანთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატია.

ბატონო ლევან, რატომ გაგიჩნდათ ბათუმის მერობის სურვილი?

2011 წლიდან შპს „მედ ალფა“-ში ვმუშაობდი და აღარ ვიყავი აქტიური პოლიტიკაში… მერობა გადავწყვიტე, რადგან შვილები მეზრდება და მინდა, ისინი ბათუმში, საქართველოში გაიზარდონ. მეორე იმიტომ, რომ შემოთავაზება მივიღე „ნაციონალური მოძრაობიდან“. წელს პირველად პარტიის ადგილობრივმა საბჭოებმა შეარჩიეს კანდიდატები. პოლიტსაბჭოს და ჩემი შეხედულებები ბევრ რამეში ერთმანეთს დაემთხვა.

წინასაარჩევნო პროგრამაში მთავარი აქცენტი სოციალურ პროგრამებზე გაქვთ. რატომ ჩათვალეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო თქვენგან მთავარი გზავნილი, როცა „ოცნების“ ხელისუფლება ყველაზე მეტს ბიუჯეტიდან სწორედ ამ მიმართულებით ხარჯავს?  

ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ამ ქალაქში და ვიცით, რა სიტუაციაა. უპირველესი პრობლემა არის სიღატაკე, რომელიც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას ექაჩება უკან, სიბნელისკენ. რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტი სიღარიბის დაძლევაა. ბევრი თანხა დახარჯა „ქართული ოცნების“ მთავრობამ, მაგრამ ეს არ იყო მიზანმიმართული ხარჯვა. იგივე ჯანდაცვის პროგრამები მთელს მოსახლეობაზე თანაბრად ნაწილდებოდა. ფაქტია, რომ სიღარიბის დონე 2016 წელს ისევ გაიზარდა, ამას ადასტურებს კვლევები.

თქვენ აანონსებთ, რომ სხვადასხვა ჯგუფს დააფინანსებთ 40 მილიონი ლარით. სად იშოვით ამ ფულს?

აქ საუბარია ოთხ წელიწადზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ბიუჯეტის გაზრდას. 2004 წელს, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბათუმის ბიუჯეტი მილიონი ლარი იყო, 2012 წელს კი დავტოვეთ 202 მილიონი, დღეს – 145 მილიონია, ანუ განვითარების ნაცვლად, მივდივართ უკან. სამაგიეროდ, გაიზარდა საშტატო ერთეულები მერიაში და სახელფასო ფონდი. ხელფასებისთვის თუ 2012 წელს 8 მილიონი იხარჯებოდა, ახლა 20 მილიონი იხარჯება იმის მიუხედავად, რომ სახანძრო სამსახური შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

აპირებთ შეამციროთ ხელფასები და შტატები?

შტატების შემცირება რთული პროცესია. ჩვენ ვეცდებით, გარკვეული პროგრამები გავიტანოთ მერიის გარეთ და ბიზნესს მივცეთ განვითარების საშუალება. დღეს ძალიან ბევრი მიმართულებით არის შექმნილი ააიპ-ები. თვითმმართველობის ფუნქცია არ არის საწარმოები ჰქონდეს. სერიოზული კორუფციული სქემები ტრიალებს ამ ააიპ-ებში. თითქმის ყველა სპორტის სახეობაზე, ასევე საზაფხულო თეატრზე ცალ-ცალკე ააიპ-ია შექმნილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი თანამდებობრივი სარგო. თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი. შესაძლოა, მერიაში იყოს სულ რამდენიმე ავტომანქანა. მაგალითად, მე არ ვაპირებ ვიარო სამსახურის ავტომანქანით. ჩვენ ასევე აქტიურად ვაპირებთ ვიმუშაოთ ინვესტორების მოზიდვაზე.

აღნიშნეთ, რომ ბათუმის ბიუჯეტი 202 მილიონი იყო, მაგრამ ვიცით, რომ მისი საკმაოდ დიდი ნაწილი ცენტრიდან წამოსული ტრანსფერი იყო…

ხომ მაგრამ ეს ფული ხომ ბათუმისთვის იხარჯებოდა? მე მზად ვარ, თუკი რამე მაგდაგვარს გააკეთებენ და კარგ საქმეს გააკეთებენ, მივიღო ტრანსფერი. ჩემი ჰობი არ არის პოლიტიკა, არ მიყვარს სხვისი კრიტიკა და საუბარი. რაც მაშინ გაკეთდა, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პირველ რიგში, გაკეთდა ბათუმისთვის და ბათუმელები მუშაობდნენ იმ პროექტებში…

მაგრამ წააგეთ არჩევნები ბათუმშიც. როგორ ფიქრობთ, რატომ წააგეთ?

ეს ნორმალურად მიმაჩნია. დავიწყოთ იქედან, რომ დემოკრატიის საფუძველია, როცა ერთი პარტია მიდის, მეორე – მოდის. როცა საქმეს აკეთებ, იქ შეცდომებსაც უშვებ. ჩემთვის, მაგალითად, გასაგებია, რატომ წავაგეთ არჩევნები 2012 წელს. ვიღაცის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, ვიღაცისთვის კი ადამიანების უფლებების დაცვა იყო პირველ ადგილზე. დღეს ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება დაუჭირონ მხარი „ოცნებას“, როცა იმ სისტემის თანამშრომლები, ვისაც აკრიტიკებდნენ, დეპუტატებადაც ჰყავთ ჩასმული… მათ სახელებს ვერ დავასახელებ.


ლევან ანთაძესთან სრულ ინტერვიუს „ბათუმელები“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: