რატომ შეეცვალათ მეპატრონე ბათუმში სამედიცინო დაწესებულებებს

სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც 100 პროცენტიან წილს სახელმწიფო ფლობს, ქვემდებარეობა შეეცვალათ. „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ინფექციური საავადმყოფო“ და „სამედიცინო განათლების ცენტრი“ აქამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ამჯერად ამ დაწესებულებების მართვას აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

„ერთგვარი უხერხულობა იქმნებოდა, როცა ცალკეულ პრობლემაზე საავადმყოფოს ადმინისტრაცია მიმართავდა ფინანსთა სამინისტროს, შემდეგ ეს სამინისტრო ჩვენ გვწერდა წერილს და საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებდა დასკვნას. სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მართავდეს ჯანდაცვის სამინსიტრო, ეს ლოგიკურია,“ – გვითხრა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, აქამდე სამედიცინო დაწესებულებები იმიტომ იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რომ მათი პრივატიზება იგეგმებოდა. „გასხვისების უფლებამოსილება კი ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს,“ – დასძინა ზაალ მიქელაძემ.

სამი სამედიცინო დაწესებულებიდან ერთს – „სამედიცინო განათლების ცენტრს“ უძრავი ქონება არ გააჩნია. ცენტრი ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ შენობაშია განთავსებული, რომელიც 2012 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა. ცენტრის დირექტორმა, რამაზ სურმანიძემ „ბათუმელებს“ მიმდინარე წლის თებერვალში უთხრა, რომ შენობის გადაცემის მოთხოვნით მთავრობას მიმართა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ „სამედიცინო ცენტრისგან“ წერილობითი მიმართვა მასთან ჯერ არ შესულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი