მშობელს არ აქვს სისუსტის უფლება

ავტორი: ნათია სირაბიძე 

ღამის ოთხი საათი იყო. ლილეს ხველების ხმამ გამაღვიძა. ვერ ვსუნთქავო. ბრონქული სპაზმი ჰქონდა. მეგობარი ექიმი გავაღვიძე, დისტანციურად გაგვიწია კონსულტაცია. მითითებებისამებრ წამლები ვიყიდე, დავალევინე და დილამდე ეძინა. საავადმყოფოში წავედით ანალიზისთვის. ლილე სკამზე იჯდა, ექთანი სისხლს უღებდა ჯერ ვენიდან და მერე თითიდან. უცებ ფერი დაკარგა და თავი ჩაქინდრა. ექთანმა, სასწრაფოდ დივანზე დავაწვინოთო. ლილე თვალებს ვეღარ ახელდა, თითქოს ტირილი უნდოდა, მაგრამ ხმასაც ვერ იღებდა. ტუჩები სულ გაუთეთრდა. თითქოს ვკარგავდი.. ცივი წყალი მომაწოდეს, რატომღაც მეგონა დალევდა, თურმე სახეზე უნდა მომესვა. პროფესიონალების დახმარებით საჭირო პროცედურები ჩაუტარდა და ნელ-ნელა მოვიდა კიდეც გონს.

გამოკვლევები მალევე ჩავუტარეთ, აღმოჩნდა, რომ ლილეს სპაზმი ალერგიის ბრალი იყო, სავარაუდოდ, სკოლაში ან რომელიმე სხვა შენობაში მტვერი ან სუნი შეისუნთქა, რამაც სპაზმი გამოიწვია. ამ მოვლენებზე ბევრი ფიქრის დრო რომ არ დარჩენოდა, საღამოს მოხალისედ სამუშაოდ მაინც წავედით. კაფე „თავისუფალ სივრცეში“ სმენადაქვეითებულ გოგონებთან ერთად მიმტანებად ვიმუშავეთ და რამდენიმე საათით ვისიამოვნეთ სტუმრების მომსახურებით.

ამ ულამაზეს და შრომისმოყვარე გოგონებს რომ ვუყურებდი, რომლებიც პროფესიონალურად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს, ვფიქრობდი, ყოჩაღ მათ მშობლებს, რომ ასეთი ლაღები და თითქოს შეზღუდული შესაძლებლობების, თუმცა მრავალი უნარის მქონენი გაზარდეს.

დღეს დილით სტატია ვნახე, როგორ მოუშალეს შშმ ბავშვებს საქანელა მეზობელი ბავშვის მშობლებმა, იმ მიზეზით, რომ მათ შვილებს ფეხი დაუზიანდა შშმ პირების საქანელაზე: „არ მინდა ჩემი ჯანმრთელი შვილი დაინვალიდდესო”. ცუდი ფაქტია.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელმა რა თქვას, ამ ისედაც არაადაპტირებულ გარემოში, საქანელასაც რომ ჩამოუხსნიან? და ამ და სხვა პრობლემურ პირობებში, ლაღი და უბოროტო შვილი რომ უნდა გაზარდოს? როცა შვილი ცუდად გყავს, სიცოცხლე აღარ გინდა მშობელს, არაადეკვატური ხდები და ნებისმიერ ნაბიჯზე წამსვლელი ხარ, მაგრამ ამის უფლება არ გვაქვს. მშობელს არ აქვს სისუსტის გამოვლენის უფლება, მით უმეტეს სხვისი შვილის დაჩაგვრის ხარჯზე.

P.S. მოხალისეობამ დადებითად იმოქმედა ლილეს ჯანმრთელობაზეც, იმდენად გაერთო, გავიგონე მეგობრებთან საუბრისას გულის წასვლაზე ხალისობდა კიდეც.  გონება რომ დავკარგე ჩემი საყვარელი მომღერლები მელანდებოდნენო და მერე დედის ხმა გავიგონე: ნუ გეშინია, დედა შენთანაა… და გამეღვიძაო.

________________

ამავე თემაზე: 

შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო

ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შს სამინისტროს არ მიმართავს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.