მთავარი,სიახლეები

მოჰსენ მახმალბაფი: წარმატებული ხარ მაშინ, როცა საკუთარი თავის შესწავლით ხარ დაკავებული

22.09.2017 • 2270
მოჰსენ მახმალბაფი: წარმატებული ხარ მაშინ, როცა საკუთარი თავის შესწავლით ხარ დაკავებული

21 სექტემბერს სასტუმრო WYNDHAM batumi-ში ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების ჟიურის ხელმძღვანელობს. მან 2005 წელს დატოვა ირანი და უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. რეჟისორმა მასტერკლასზე თავის ცხოვრებაზე, ირანში განვლილ რთულ წლებსა და „ახალი ტალღის“ რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  შეხვედრის დაწყებამდე რეჟისორმა „ბათუმელების“ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

ბევრი ქვეყნის საპატიო ჯილდოს მფლობელი ხართ, თქვენი აზრით, რამ განაპირობა თქვენი საერთაშორისო აღიარება და წარმატება?

ჯილდოების მიღება არ ნიშნავს, რომ წარმატებული ხარ. წარმატებული ხარ მაშინ, როცა საკუთარი თავის შესწავლით ხარ დაკავებული და შეგიძლია გადაღებული ფილმებით რაღაც შეცვალო სამყაროში. „ახალი ტალღის“ რეჟისორების აღიარება ალბათ განაპირობა იმან, რომ მარტივი გამომსახველობითი ფორმებით ვცდილობთ ადამიანებამდე სათქმელის მიტანას. არ ვალამაზებთ სინამდვილეს, უბრალოდ პოეტურად გადმოვცემთ იმას, რაც რეალურად ხდება.

რას ფიქრობთ თანამედროვე ირანზე?

ირანი დემოკრატიასა და დიქტატურას შორისაა მოქცეული, ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი, ერთდროულად კარგი და ცუდი მემკვიდრეობა. ხელისუფლება ცდილობს საკუთარ გავლენები ყველგან ჰქონდეს და ყველაფერს აკონტროლებდეს. ყველანი, როცა საკუთარ ქვეყანაზე ვფიქრობთ, ცხადია გვაქვს დადებითი და უარყოფითი შეგრძნებებიც.

რა გზა  გაიარეთ 2005 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც პროტესტის ნიშნად წამოხვედით ირანიდან?

თავიდან ავღანეთში წავედით ორი წლით და იქ ფილმიც გადავიღე, მერე იყო ტაჯიკეთი, სადაც ისევ პრობლემები შეგვექმნა და პარიზში გადავსახლდით. იქ ირანის ხელისუფლება ტერორისტებს  გზავნიდა ჩემ მოსაკლავად, ეს ფაქტი პარიზის პოლიციამ დროულად აღკვეთა. მერე კი ლონდონში გადავედით.

როგორ ფიქრობთ, რას ცვლის კინოფესტივალები?

თქვენ ნახავთ ჩემს ფილმს, მე – თქვენსას და ეს საუკეთესო საშუალებაა დავიჭიროთ ერთმანეთის სულები. შეიძლება იმოგზაურო როგორც ტურისტმა ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვერ იგრძნო და გაიგო იმდენი, რასაც ფილმი გაჩვენებს.  ფესტივალებზე გეოგრაფიული მდებარეობის შეცვლის გარეშე შეგიძლია შეეხო სხვის პრობლემებს, ტკივილსა და სიხარულს.

_________________

ამავე თემაზე: 

ირანელი ფოტოგრაფი აბას კიაროსტამსა და თანამედროვე არტისტის ირანში ცხოვრებაზე

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ფოტო]

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები

ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: