მთავარი,სიახლეები

საპროტესტო აქციამდე მუშებს კომპანია „მეტროს“ ხელმძღვანელი შეხვდა

22.09.2017 • 1941
საპროტესტო აქციამდე მუშებს კომპანია „მეტროს“ ხელმძღვანელი შეხვდა

6 მაისის პარკში ბათუმელი მუშები შეიკრიბნენ. „სოლიდარობა ბათუმელ მუშებს“ – ამ სლოგანით აქცია „აუდიტორია 115“-მა კიდევ ერთხელ გამართა, სადაც მუშებმა თქვეს, რომ კომპანია „მეტროსთან“ მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით გუშინ, გვიან ღამით დასრულდა და აქციის გაგრძელების საჭიროებას ვეღარ ხედავენ.

საუბარია კომპანია „მეტროს“ მშენებლობაზე, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც ორი მუშა 8 სექტემბერს გადმოვარდა და დაიღუპა. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლის თხოვნით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა 2 დღით შეაჩერეს სამშენებლო პროცესი, რაც, მუშების თქმით, ასევე იცოდა კომპანიის ხელმძღვანელობამ. 18 სექტემბრის დილას 200-მდე მუშა გამოცხადდა ადგილზე, თუმცა ისინი მშენებლობაზე აღარ შეუშვეს და განუცხადეს, რომ ყველა გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.

კომპანია „მეტროს“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მუშები სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ და დამატებით ახალი ბრიგადის აყვანას აპირებენ. კომპანია აქამდე არ აკონკრეტებდა, როდის განახლდებოდა მშენებლობა, ან მიიღებდნენ თუ არა მუშები განაცდურს.

„დღევანდელი აქცია უკვე დაანონსებული გვქონდა, როცა გუშინ საღამოს დაგვირეკეს კომპანიიდაან და სადღაც 12 საათზე შეგვხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა „აუდიტორია 115“-ის იურისტიც. „მეტროს“ გენერალური დირექტორი, რაულ კახაძე გვესაუბრა. გვითხრეს, რომ არავინ გათავისუფლდება, არც ხელფასი შემცირდება და მაქსიმუმ 15 ოქტომბერს განახლდება მშენებლობა. რაც შეეხება განაცდურს, ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ, კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია,“ – ამბობს ერთ-ერთი მუშა ავთანდილ ონიანი.

მუშები ხელშეკრულების ხელახლა დადებასაც ითხოვენ. მათი თქმით, მუშების ძირითად ნაწილს ხელშეკრულება მხოლოდ გამოსაცდელი ვადით აქვთ გაფორმებული და დამსაქმებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი გათავისუფლება.

„ვიცით, რომ რაღაც ახალი სისტემა უნდა ამოქმედდეს. ამაზე სამი თვის წინათაც ამბობდნენ. იმედია, დაპირებებს შეასრულებს კომპანია, თუ არადა, ისევ გამოვალთ აქციაზე,“ – გვითხრა გელა დარჯანიამ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: